„საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები წარმოადგენენ. მათთან კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ“, – ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრი განმარტავს, გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შეთავაზება.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ახალი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მთელი რიგი სამუშაოები შესრულდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

“ყველა მუნიციპალიტეტში, ყოველდღიურად, სუფთავდება და წესრიგდება 550-მე საბავშვო ბაღის ეზო, 300-ზე მეტი სკვერი და პარკი;

160-ზე მეტი სპორტული მოედანი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო,  200-ზე მეტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500 კმ.-მდე სანიაღვრე არხი;

400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, დამატებითი სამუშაო ძალა მიიღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე;

ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში,” – განაცხადა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში.

რაც შეეხება, შეკითხვას, თუ როგორ ფუნქციონირებდნენ აღნიშნული უწყებები, უწყვეტად და ეფექტიანად, დასაქმების ახალი პროგრამის ამოქმედებამდე – ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, “მუშახელის დეფიციტისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, მუნიციპალიტეტებში, რეალურად არსებობდა გამოწვევები საზოგადოებრივ სამუშაოებზე. დასაქმების ახალმა პროგრამამ კი, შესაძლებლობა მისცა მათ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ.”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილი, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მსგავსი თემები