ეს კითხვა არარელევანტური და არაკორექტულია – რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ალბათ, ვერ ავყვებით,- ასე პასუხობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს. მისივე თქმით, მისთვის პატივია საბჭოს წევრის სტატუსით შეუერთდეს ეროვნულ ბანკს.

„მე წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნულო ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცე – პრეზიდენტებთან ერთად. რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ალბათ, ვერ ავყვებით,“ – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი პრობლემა ინფლაციაა. თურნავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ამ პრობლემას ადეკვატურად პასუხობს.

„ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, პროექტები, რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ვხედავთ, არის ინფლაცია, რომელიც არის გლობალური პრობლემა და ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა. ჩვენი გამკაცრებული, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის ის, რაც პასუხობს ინფლაციას და ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე, დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. მე სწორედ ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ საინტერესო დროს აღმოვჩნდი საბჭოში, რომ ჩემი წილი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას,“ – განაცხადა თურნავამ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები