პოლიტიკური პარტიები უნდა შეჯერდნენ ერთიან პოზიციაზე, საარჩევნო როფორმის საკითხზე, თუ რა წინადადებებით მივლენ ხვალ, უმრავლესობასთან პირველ შეხვედრაზე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ საკითხთან დაკავშირებით კინკლაობა მალე დასრულდება.

„პირველ რიგში, მადლობა ევროპას, მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას, მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდი იყო, თუ კარგი იყო. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი. რამდენიმე საათში ალბათ უკვე, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. მადლობა ყველა მონაწილე მხარეს და დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, შიდა კონსულტაციების შემდეგ საკითხებს მმართველ გუნდთანაც განიხილავენ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდა პირდაპირი განაცხადია, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა. ძალიან სწრაფად მოხდა გირაოს თანხის შესაბამისად დაფარვა, სპეციალური გრანტის სახით. ეს არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ამ პოლიტიკური პატიმრის ციხიდან სწრაფად გამოსაყვანად, ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს, შესაბამისად ნიკა მელიასგან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ რას ელოდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში?“, – სამადაშვილის თქმით, ამაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები