,,ნახევარი საუკუნის შემდეგ, თუ მოინახა დირიჟორი, შემსრულებელი, ორკესტრი, ფესტივალი, ქვეყანა, ქალაქი, სადაც ეს მუსიკა აჟღერდება, მაშინ, ალბათ, ჩემს აუტანელ შრომას მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ფუჭად არ ჩაუვლია.

მე ძალიან მინდა… შეიძლება მოესწროთ ნახევარი საუკუნის შემდეგ და რაღაცნაირად შემატყობინოთ – უკრავენ თუ არა ჩემს მუსიკას”…

დღეს გია ყანჩელის დაბადების დღეა. ლეგენდარული კომპოზიტორი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

როგორც ხშირად აღნიშნავდა, თავდაპირველად გატაცებული იყო ჯაზით, შემდეგ კი მისი შემოქმედებითი გზები ჯანსუღ კახიძესთან გადაიკვეთა და მუსიკალური მიმართულებაც რადიკალურად შეიცვალა.

1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ “ინ მემორია მიქელანგელო” გია ყანჩელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

შემდეგ იქმნებოდა მუსიკა ორკესტრისთვის, გუნდისა და ოპერისთვის, თეატრისა და კინოსთვის.

“ხანუმა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”; “არ დაიდარდო’, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “მიმინო”, “შერეკილები”, “როცა აყვავდა ნუში” – მისმა მუსიკამ მრავალი კინო თუ თეატრალური შედევრი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

გია ყანჩელს მიღებული აქვს მრავალი პრემია, არის ღირსების ორდენის კავალერი.

დღეს გია ყანჩელი 87 წლის გახდებოდა.

“იცის კი ვინმემ, რა ფერის შეიძლება იყოს სევდა?

სამწუხაროდ, არც მე ვიცი… მაგრამ ამავე დროს, მოვლენები ჩვენს ირგვლივ შეფერილია განსაკუთრებული ფერებით.

დღეს, როდესაც ჩემი ცხოვრება და შემოქმედება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიედინება, ჩემი ნების მიუხედავად, გრძნობები მიმართულია “სევდის ფერების ქვეყნისკენ”…

და ცხადია, მსურს, რომ ჩემი სევდისა და ტკივილის მიმართ მსმენელი გულგრილი არ დარჩეს.

ჩვენ ხომ ყველას ჩვენი „სევდის ფერების ქვეყანა“ გვაქვს… ისე, „სიხარულის ფერების ქვეყანა“ არსებობს კი სადმე?” – ამონარიდი გია ყანჩელის ინტერვიუდან.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები