სამწუხაროდ, პოეტ გიორგი ბალახაშვილს სოხუმში გატარებული დღეები არ ახსენდება და მხოლოდ დედის ნაამბობიდან ახსოვს, რომ ზღვის სანაპიროზე ასეირნებდნენ. მიუხედავად ტკივილიანი ცხოვრების გზისა,  გიორგი მაინც მხიარული ადამიანია და ყოველი დღის გათენებას დიდი ოპტიმიზმით ელის…

გიორგი ბალახაშვილი:

სოხუმში დავიბადე. მანამ, სანამ ომი დაიწყებოდა, იქ ვიზრდებოდი. შემდეგ მშობლიური ქალაქის დატოვებამ მოგვიწია და ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვსახლდით, თუმცა, ეს ერთი სიტყვა, გადმოსახლება, რა თქმა უნდა, მთელი სიმძაფრით ვერ აღწერს იმ გზას, რაც ჩვენ და ათასობით ოჯახმა გავიარეთ. ამის გადმოცემა წარმოუდგენელია.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღე ქუჩაში ყოფნამ მოგვიწია. ჩემი და, სოხუმში დაიჭრა. დედა და ის თბილისში უფრო ადრე გადმოიყვანეს. მე და მამა ჭუბერით გადმოვედით. მათი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, პურის თუ შაქრის რიგში დგომისას, ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, უცნობი ადამიანი გამოგველაპარაკა. მამამ ჩვენი ამბავი მოუყვა, რაც თავს გადაგვხდა. ამ კაცმა ჩვენთვის მოულოდნელად დახმარების ხელი გამოგვიწოდა. არც მეტი, არც ნაკლები, თავისთან ოჯახში წაგვიყვანა, დაგვაბინავა, ჩაგვაცვა, დაგვახურა და დაგვაპურა… წარმოგიდგენიათ ხომ, განსაკუთრებით მაშინ ეს რას ნიშნავდა?!

ეს ადამიანი ბიძინა მიხელიძე გახლავთ. ის თავის ოჯახთან ერთად, მთელი ცხოვრება ჩემთვის ადამიანობისა და სიკეთის მაგალითად დარჩება. რამდენიმე თვე, შესაძლოა, წელიწადიც მათ ოჯახში ვცხოვრობდით. შემდეგ, ბატონმა ბიძინამ იმდენი შეძლო, რომ ელ.მშენი ქარხნის სანატორიუმში ერთი ოთახი მოგვიძებნა და საცხოვრებლად იქ გადავედით, სადაც გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჩემი ბავშვობის მეგობრებად იქცნენ და დღემდე ერთად მოვდივართ.

ამ სირთულეების შემდეგ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გექნებათ ოჯახთან..

ოჯახი ნებისმიერ დროს, ყველაზე დიდი ძალა და დასაყრდენია. მამაჩემი – გივი ბალახაშვილი, სოხუმში და თბილისშიც ცნობილი ქორეოგრაფი იყო. უამრავი თაობა ჰყავს აღზრდილი და ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ. ყოველთვის ვგრძნობ მისი სახელის სიდიდეს და ვცდილობ, მოვიქცე ისე, როგორც ის მასწავლიდა. დედაჩემი – ცისანა ტაბაღუა, პედაგოგი, ფილოლოგი. ასევე სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება. ჩემი და, თამარ (ნანკა) ბალახაშვილი, თხემით ტერფამდე არის ჩაშვებული ხელოვნების სფეროში. იქნება ეს კინო, თეატრი, ესტრადა და ა.შ. მამა 2005 წელს გარდაიცვალა, მაგრამ არ ყოფილა დღე, რომ მასზე ერთხელ მაინც არ გამეფიქროს. ჩემი ოჯახი ყველაზე ძვირფასია, რაც კი ქვეყანაზე რამე გამაჩნია.

როგორი ბავშვობა გქონდათ? (თქვენ და სოხუმი)..

სამწუხაროდ, სოხუმში გატარებული ბავშვობის დღეები არ მახსოვს, თუმცა, დედისგან ხშირად გამიგია, რომ ზღვის ნაპირზე მასეირნებდა ხოლმე, რაც მისი თქმით, ძალიან მიყვარდა. უფრო თბილისური დღეები მახსენდება. განსაკუთრებით, საერთო საცხოვრებელში გატარებული წლები. მთელი დღე ბურთს ვთამაშობდით, შტაბებს ვაშენებდით, ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე გადავდიოდით და გაჩერებულ ვაგონებში ზევით-ქვევით მაიმუნებივით დავძვრებოდით. ომს რაც შეეხება, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. უმეტესობას ყველაფრის ნულიდან დაწყებამ მოგვიწია. უაზრო ბრძოლას, უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, იმავე გზას გამოვივლიდი და ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ სოხუმელი ვარ.

როდის აღმოაჩინეთ, რომ ლექსების წერა შეგიძლიათ?

ლექსების წერა 13 წლის ასაკში დავიწყე, თუმცა მაშინ ასაკობრივი გატაცება მეგონა. 17 წლიდან კი ინტენსიურად გავაგრძელე და დღემდე ასეა.

რა არის მკითხველისთვის თქვენი ძირითადი სათქმელი?

„გიყვარდეს გულით, აკეთე საყვარელი საქმე“.

ახლა, ერთ დაფიქრებაზე, თქვენი ლექსებიდან რომელი გახსენდებათ?

ზამბახი

რუსთაველის მეტროსთან ბიჭი ჰყიდდა ზამბახებს,

რუსთაველის მეტროსთან დღეს ვუცდიდი მეგობარს,

შოთას ძეგლი დაგვყურებდა მედიდურად, ამაყად,

მომერიდა ფასის კითხვა, ვიფიქრე, არ მეყოფა.

ფული-ზამბახებისათვის, იქვე, უხმოდ ვიდექი,

სიგარეტი ამოვიღე, თითქოს მის დასანახად..

ერთი კარგად ჩავისუნთქე, გავბედე და მივედი:

გამარჯობა, მეგობარო, რა ღირს, შენი ზამბახი?

გაგიმარჯოს! გაეღიმა. ღმერთმა მოგცეს წყალობა.

გავუღიმე. მოვუკიდე სიგარეტს და მოვეშვი,

თითო ლარში იყიდება ზამბახები-ცალობით

,

სიგარეტი კიდევ დაგრჩა? გადაგიცვლი ორ ღერში..

მითხრა, თავი ძირს დახარა, ისე შერცხვა შავთვალა

ბიჭს და ხელი ჯიბისაკენ ნერვიულად წაიღო,

სანთებელა ამოიღო, მე-ხურდები დავთვალე,

სიგარეტიც გავუწოდე, აჰა, ჩემო ძამიკო,

თავდახრილმა გამომართვა სიგარეტი და მერე

ხურდაც უკან დამიბრუნა, როცა გონზე მოვიდა,

მოუკიდა. მოეშვა და შემსუბუქდა ჰაერი,

თითო ღერი მოვწიეთ და მეგობარიც მოვიდა..

ეს თქვენ!-უთხრა მეგობარს და მიაწოდა ზამბახი,

ფული გადახდილი არის, ნუ იდარდებთ, წამითაც!

შემდეგ იყო თვალის ჩაკვრა, შემდეგ, მკითხა საათი,

ჩემი წასვლის დროც მოსულა-თქვა ბიჭმა და წავიდა..

ვინ კითხულობს პირველი თქვენ ახალ ნამუშევარს და ვისი აზრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

მანამ სანამ მკითხველამდე მივა, ჩემს ლექსებს ძალიან ბევრჯერ მე ვკითხულობ. შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, დედას ვუკითხავ, ბოლოს კი მკითხველი ეცნობა. ყველას აზრს პატივს ვცემ და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ.

როგორი იქნებოდა გიორგი ბალახაშვილი, რომ არა წარსულის ტკივილები და მძიმე გამოცდილება?

ერთხელ ირაკლი ჩარკვიანს ჰკითხეს, ვინ იქნებოდით, რომ არა ირაკლი ჩარკვიანიო? პასუხი ალბათ ბევრმა იცის, ისევ ირაკლი ჩარკვიანიო. მიუხედავად რთული და ტკივილიანი გზისა, გიორგი ძალიან მხიარული ადამიანია. ალბათ, კიდევ უფრო მხიარული ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ.

რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის?

გარშემო მყოფთა კარგად ყოფნა, მზე, პოეზია, ფეხბურთი, ზოგჯერ შაურმაც კი მაბედნიერებს (იცინის).

როგორ ხედავთ მომავალს?

ყოველი მომდევნო დღე, წინაზე უკეთესი უნდა იყოს. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

წიგნის გამოცემას ხომ არ გეგმავთ?

2015 წელს გამოვეცი პირველი პოეტური კრებული, „Postალიონური“, ამჟამად მეორე მეორე კრებულიც მზად მაქვს, რომელსაც ჰქვია „დუმილის დასარღვევად“. თემატიკა შეუზღუდავია. ვწერ ყველაზე და ყველაფერზე „გარემოების საყვირივით“…

რაზე ოცნებობთ?

ორი ოცნება მქონდა. აქედან, ერთი ვეღარ ამისრულდება. მარადონასთან მსურდა შეხვედრა. აქ ვეღარ შევხვდებით, იქ კი, ვნახოთ.. სოხუმში კი აუცილებლად დავბრუნდებით!

 

 

 

 

მსგავსი თემები