თბილისის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტარატეგიული გეგმის დამტკიცება მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს.
მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ დამტკიცებულა, ეს პირველად ხდება. ზოგადად, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი სწორად განვითარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დოკუმენტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრიტანულ კომპანია ChrisBlandfordAssociates-ს.

ტეგები: ბოტ