ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან ახდენენ დრამატიზებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, საქართველოში ევროპარლამენტარების გაუქმებული ვიზიტის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ევროპარლამენტარები დაკავდნენ რაღაც სხვა საქმით, თუ აქვთ – თუ ვინმეს უცხოეთში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია, ამას ნუ გამოიყენებენ და ამით სახელმწიფოს ჩრდილს ნუ მიაყენებენ” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“არსებობს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობის ფორმატს გულისხმობს.”  – აღნიშნა ზარქუამ

ირაკლი ზარქუას თქმით, ბოლო წლებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს ობსტრუქცია, დესტაბილიზაცია და დესტრუქცია და ამ ფორმატს იყენებენ ასეთ შემთხვევებზე.

ზარქუას განმარტებით, არსებობდა შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ სპიკერს შორის, ახლა კი ორივე უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

“ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ დროს ევროპარლამენტართა მოწერა: – იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდოდა და არ შეგხვდნენ, არის მიუღებელი და არაადეკვატური.” – განაცხადა ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მოუწოდებს ვიოლა ფონ კრამონს, გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო.

“ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. როგორც თავად ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ მოიცალა.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები