თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ახალი კორონავირუსით ბავშვთა დაინფიცირების საკითხზე ისაუბრა. მან “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ვირუსი ბავშვებს შედარებით იოლად გადააქვთ. მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით არაერთი თეორია არსებობს:

„არსებობს ძალიან ბევრი თეორია. ყველაზე მარტივი და კარგი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ კორონავირუსის ბავშვისა და მოზრდილის უჯრედში შესაღწევად სჭირდება გარკვეული მიმღები – ფერმენტი, რომელმაც მას, ასე ვთქვათ, კარი უნდა გაუღოს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლს აქვს რამდენიმე კარი, კორონავირუსი კი არის ყაჩაღი, რომელიც თქვენს სახლში უნდა შემოიჭრას. მოზრდილისთვის ამ კარების რაოდენობა შეიძლება იყოს 10, ბავშვისთვის კი 2-3. ეს არის სპეციფიური რეცეპტორი, რომელმაც კორონავირუსს უნდა გაუღოს კარი.

კიდევ ერთი თეორია, რომელიც შეიძლება ახლოს იყოს რეალობასთან, მდგომარეობს იმაში, რომ ძველი ტიპის კორონავირუსი, სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციები ბავშვებში არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ბავშვებს ახალი კორონავირუსის მიმართ უკვე გარკვეული იმუნიტეტი აქვთ. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ასეთი ვერსია, რომ ბავშვებში კორონავირუსსა და სხვა ვირუსებს შორის გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს. ის ადგილი, სადაც კორონავირუსმა უნდა შეაღწიოს, სხვა ვირუსებს აქვთ დაკავებული. თეორიები ძალიან ბევრია, მაგრამ ახალი კორონავირუსის აღმოჩენიდან ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. გარდა ამისა, ბავშვებთან დაკავშირებით შესწავლა ძალიან მცირე მასალის საფუძველზე მიმდინარეობს, მაგრამ ყველა ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორ გადააქვთ კორონავირუსი მოზარდებს

როგორ გადააქვთ კორონავირუსი მოზარდებს.#დილისშოუ #ანატომია

Posted by შაბათ-კვირის დილა • Shabat-Kviris Dila on შაბათი, 28 მარტი, 2020

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05