ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ კონსტრუქციისკენ და სამუშაო რეჟიმში წარმართვისკენ. ეს მოწოდება ეხება პირველ რიგში ხელისუფლებას და ყველას, ვისაც აქვს სურვილი ამ რეკომენდაციებიდან რაიმე გამოვიდეს, – ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ევროპარლამენტარების ვიზიტს საქართველოში.

“მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას… მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგიც” – რას აცხადებს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აღნიშნა, ახლა ევროპარლამენტარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაგება, გადადგმულია თუ არა ნაბიჯები იმისათვის, რომ რეფორმები მართლაც განხორციელდეს.

„დღეს, დილას შევხვდი კომიტეტის წევრებს არაფორმალურ გარემოში. ეს იყო პირველი ვიზიტი, რათა სავარაუდოდ, შეემოწმებინათ როგორ აეწყობა პროცესი, რომელიც ეხება რეკომენდაციების შესრულებას, როგორ წავა მუშაობა, მიდის თუ არა დეპოლარიზაცია, რა განწყობა აქვს ხელისუფლებას. ამ ყველაფრის პირველადი შემოწმების მიზეზია აღნიშნული ვიზიტი.

მნიშვნელოვანია, მიდის თუ არა 12 პუნქტის ყველა მიმართულებაზე მუშაობა. არის თუ არა განწყობა საქმიანი და რეალურად, შედეგზე ორიენტირებული, ყველას მხრიდან, ამიტომ ხვდებიან ისინი ხელისუფლებას, მესამე პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ არის ის, რომ ევროკავშირი არის ჩვენ მხარეს. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ყოველწლიურად ვიღებთ, პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას ევროკავშირიდან და ეს დახმარება რომ არ იყოს, ბიუჯეტი ელემენტარულ ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებს. მაგალითად, ხელფასებს. ამ დონის საერთაშორისო პარტნიორები გვყავს და ამიტომ არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში პროცესი იყოს მშვიდობიანი და ამავდროულად, შედეგზე ორიენტირებული.

ასევე, აინტერესებდათ შედგება თუ არ შედგება სამუშაო ჯგუფები. უფრო ჭორაობას ვუთმობთ დროს თუ მუშაობას“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ორდღიანი, შეხვედრებით დატვირთული ვიზიტის ფონზე „ქართული ოცნება“ მხოლოდ ჭორაობას უთმობს დროს.

„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ჩვენს ინიციატივაზე მანამდეც მივმართე შალვა პაპუაშვილს, დღეს წარვუდგინეთ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ხედვა. ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ტაქტიკაზე საუბარზე დახარჯოს ბევრი დრო. წარმოიდგინეთ, სანამ ფეხბურთის გუნდი მატჩზე გავა, იმდენივე დროზე ათჯერ მეტი დრო დახარჯონ იმაზე სასაუბროდ, ვინ და როგორ გავა მოედანზე. ხომ გაგიჟდება მაყურებელი.

ჯერ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ დისკუსიას ტაქტიკაზე. დღეს ვიკითხე, სად არის სამუშაო ჯგუფების განრიგი? ხომ ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა მუშაობა, ვართ ჩვენც მოწყურებული, მაგრამ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, სად არის ეს ჯგუფები. ერთი თვე გავიდა უკვე და ჯერ გრაფიკიც კი არ გვაქვს. 12 ჯგუფი, 12 თავმჯდომარე სჭირდება ამას, რომელიც გაუწევს კოორდინაციას და გვჭირდება განრიგი.

ჯერჯერობით, მხოლოდ ტაქტიკაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება ჭორაობას უთმობს დროს.

ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად საქმიან რეჟიმში გადავიდეთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქმიან რეჟიმში იყოს ეს პროცესი“, – ამბობს დოლიძე.

თავდასხმები, რომელიც კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის მიმართ ხორციელდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი სირცხვილი: ვანო ჩხიკვაძე

მისივე განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ მმართველი გუნდი შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთ პუნქტთან დაკავშირებით არის აღტყინებული და ერთად მუშაობაზე უარის თქმით, სამუშაო პროცესს აზიანებს.

„ჯერჯერობით ვხედავთ, ხელისუფლების აღტყინებას 12 პუნქტიდან მხოლოდ ერთ საკითხში – ეს არის ბიძინა ივანიშვილის სტატუსი და რეპუტაცია. ვწუხვარ, რომ ამაზეა აღტყინება, რადგან ვერ ვხდები, როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემების ფონზე, მთელი სახელისუფლებო ელიტა კონცენტრირდეს ერთ თემაზე – ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციაზე.

ამას არავითარი დასაბუთება არ უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი რომ ავიღოთ, ერთხელ მოიცალა პრემიერმა და დაწერა წერილი, გაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციას და ეს იყო სწორედ ამ კონკრეტულ საკითხზე.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს გუნდი [ქართული ოცნება] შეშფოთებულია საკუთარ პოლიტიკურ და კარიერულ მომავალთან დაკავშირებით.

შეიძლება ეს წნეხი თვითონ ივანიშვილის მხრიდანაც არ იყოს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, თუ თქვენ ყველა კვერცხი ერთ კალათაში ჩაალაგეთ, როგორც პოლიტიკოსმა და ეს კალათა არის ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებულება. ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ, ხვალაც რომ ჩაალაგოს ჩემოდანი და გავიდეს ამ საქმიდან, ეს ადამიანები რჩებიან მომავლის გარეშე.

ყველასთან დაიზიანეს ურთიერთობა, ყველა გადაიკიდეს საქართველოსა თუ უცხოეთში მატერიალური პრივილეგიის გამო, ამიტომ ეს ადამიანები საკუთარი თავის გადარჩენას ფიქრობენ. ჩვენ კი ჩვენი ინტერესი გვაქვს. სასწორზე ვდებთ ქვეყანას და ურთიერთობები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის გამო ზიანდება, ამ ურთიერთობების შედეგად ვზიანდებით ჩვენ.

ვიზალიბერალიზაციას რომ შეექმნას საფრთხე ევროკავშირის ქვეყნებში, უკაცრავად, ვინ დაზიანდება ამის შედეგად? საქართველოს მოქალაქეები, რომლებითაც გატენილია თვითმფრინავები, რადგან იქ დადიან სამუშაოდ“, – აღნიშნა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა.

ანა დოლიძე გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებებს იმის შესახებ, რომ პოლარიზაციის გაღრმავებას ოპოზიცია ცდილობს და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ასეთი პოზიცია აწყობს.

ოპოზიცია ან საკუთარ თავში დაასრულებს პოლარიზაციას ან ისინი დაასრულებენ მოღვაწეობას პოლიტიკაში: იონათამიშვილი

„ეს არის „ოცნების“ საყვარელი თემა, იმდენ რეკლამას უკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობას, მართლა არ ვიცი, რამდენი ვალი მართებთ, მილიონი დოლარის რეკლამას. არავინ ისე ხშირად არ ახსენებს ენმ-ს, როგორც „ოცნების“ წარმომადგენლები, ამიტომაც, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ორივე ძალა გასაგდებია პოლიტიკიდან.

„ოცნებას“ არ აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ვართ ჩვენ, რომლებიც ვეუბნებით, რომ არა მარტო საკითხობრივად გვინდა თანამშრომლობა, არამედ წარგიდგენთ იდეებს, განიხილონ.

ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი საკანონმდებლო ინიციატივას, რუსეთი მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. 19 აპრილს შევიტანეთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა და დღემდე არ განუხილავს პარლამენტს.

ეს ხომ არ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალო. კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა, რომ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის ინიციატივასა და წუხილს, არ უთმობს ელემენტარულ ასპარეზსა და დროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა რომ იყოს, დილიდან საღამომდე დაუთმობდა დროს ამის გამეორებას, რადგან სჭირდება ამ ორ ძალას ერთმანეთი.

რაც შეეხება ჩვენს მორიგ ინიციატივას, ეს ეხება სასამართლო რეფორმას. წარდგენილი მაქვს 6 პუნქტიანი ხედვა – რა უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმისთვის. არ მაქვს ილუზია, რომ ექვსივე პუნქტს ვინმე გადაიტანს, მაგრამ თუ პრეტენზია აქვთ იმის, რომ ვინმემ დაიჯეროს ამ პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ხედვა წარვუდგინოთ. სასამართლო რეფორმაში რაიმე ნაბიჯის გარეშე პროგრესი არ გამოვა“, – განაცხადა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები