ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო კაპილარული გაჟონვის სინდრომის, იგივე კლარქსონის დაავადების მქონე ადამიანებს აფრთხილებს ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინით არ აიცრან.

„ევროკავშირის წამლის სააგენტოს მედიკამენტების უსაფრთხოების კომიტეტმა დაასკვნა, რომ ადამიანები, ვისაც მანამდე ჰქონდათ კაპილარული გაჟონვის სინდრომი, არ უნდა აიცრან Vaxzevria-ით, რომელიც მანამდე ცნობილი იყო AstraZeneca-ს ვაქცინის სახელით.

კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ კაპილარული გაჟონვის სინდრომი უნდა შეიყვანონ პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, როგორც ვაქცინის გვერდითი მოვლენა, ასევე ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პაციენტებს რისკის თაობაზე“, – ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომიტეტმა კაპილარული გაჟონვის სინდრომის 6 შემთხვევა სიღრმისეულად შეისწავლა იმ ადამიანებში, რომლებმაც „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ჩაიტარეს ვაქცინაცია.

“შემთხვევათა უმეტესობა ქალებში მოხდა ვაქცინაციიდან ოთხი დღის განმავლობაში. სამ დაზარალებულს ანამნეზში ჰქონდა კაპილარული გაჟონვის სინდრომი, მოგვიანებით ერთი მათგანი გარდაიცვალა”, – განაცხადა კომიტეტმა.

კომიტეტის განცხადებით, ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა იცოდნენ კაპილარული გაჟონვის სინდრომის ნიშნების, სიმპტომების და მათი განმეორების რისკის შესახებ იმ ადამიანებში, რომელთაც ადრე ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

რაიმე ნიშნების შემთხვევაში კი ვაქცინირებულმა ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები