7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება – მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე.

საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება.

“გაგრძელდება განხილვა საქმეზე, რომელიც არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ერთ-ერთი მკაფიო ნიმუში, ე.წ. 7 ნოემბრის საქმე. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და ეს საქმე დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ ფალსიფიცირებულ, ირიბ, ერთმანეთთან შეუთანხმებელ მასალებზე.

რაც შეეხება კონკრეტულად პროცესის სტადიას, ამ ეტაპზე გრძელდება პროკურატურის მიერ დემონსტრირება გარკვეული მასალების და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მასალებში არაფერი არ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ,” – ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

 

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები