ახალი წელი გადავაგორეთ და „ლოკდაუნის“ პირობებში წონის პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ახალ წელთან ერთად ახალი მიზნებიც გაჩნდა და ყველას სურს, რომ საუკეთესო ფორმაში მოვიდეს.

ზოგი დიეტის დაწყებას გეგმავს, ზოგიც ფიტნესით დაკავებას აპირებს – ორივე შემთხვევაში მიზანი ერთი და იგივეა – სასურველი ფორმების მიღება.

კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტდარბაზები დახურულია, ამიტომ ვარჯიშის იდეა ცოტა რთული განსახორციელებელია.

ასეთ დროს სწორი კვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და სასარგებლო მენიუს შედგენა წონის დაკლებასაც ბევრად გაამარტივებს.

იმისათვის რომ ყველაზე ჯანსაღი დიეტა შეადგინოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე პროდუქტი. ეს საკვები წონის კორექციასთან ერთად ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

საინტერესო რჩევები გამოცემა The Sun–ს ცნობილმა დიეტოლოგმა ლოლა ბიგსმა გაუზიარა.

1. ჯანჯაფილი

სხვადასხვა სანელებლების, მაგალითად ისეთი პოპულარული მცენარის გამოყენება, როგორიცაა ჯანჯაფილი დიეტის დაცვას ბევრად გაამარტივებს.
ლოლა ფიქრობს, რომ ჯანჯაფილი ლამაზი და ჯანსაღი სხეულის მთავარი საიდუმლოა.

ანტიოქსიდანტების შემცველი სანელებელი ადამიანს ადრე დაბერებისგან იცავს, კანს აახალგაზრდავებს. მისი გამოყენების ბევრი გზა არსებობს, დაწყებული ჯანჯაფილის ჩაით თუ მისი სხვადასხვა კერძში დამატებული ვარიაციით.

სხვადასხვა კვლევებით ისიც დასტურდება, რომ ჯანჯაფილი წონის კლების საკითხში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

2. ბროკოლი

სწორი კვება რომ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია, ეს სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ლოლას თქმით, არსებობს ერთი ბოსტნეული რომელიც თქვენს მენიუში საპატიო ადგილს უნდა იკავებდეს, რადგან მას კანისთვის განსაკუთრებული ბრწყვინვალების მინიჭება შეუძლია.
ბროკოლი კანისთვის საჭირო სხვადასხვა ვიტამინებითაა სავსე, მათ შორისაა – A და C, ასევე ბეტა კაროტინი, რომელიც კანს სიმშრალისა და დაზიანებისგან იცავს.
ბროკოლი სისხლში შაქრის დონის აწევას ხელს უშლის და წონის კორექციისთვისაც საუკეთესო ბოსტნეულია.

3. ავოკადო

თქვენი მენიუსთვის საუკეთესო დანამატი ჯანსაღი ცხიმები იქნება, ამ მხრივ კი საუკეთესო პროდუქტი ავოკადოა. მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ გამოიყენებთ ამ ინგრედიენტს, მთავარია ის თქვენს რაციონში იყოს.

ავოკადო ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და გარდა წონაში კლებისა, მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
ავოკადო E ვიტამინითაცაა მდიდარი და მეტაბოლიზმის პროცესს აუმჯობესებს.

4. კენკრა

კენკრა ვიტამინი C–ს მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ამიტომ ის შეგიძლიათ თამამად და თან დიდი რაოდენობით მიირთვათ.
ლოლას აზრით, განსაკუთრებით სასარგებლოა მუქი შეფერილობის მქონე კენკრა – ალუბალი, მოცვი, ქაცვი და წითელი მოცხარი. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.

კენკრა ძალიან დაბალკალორიულია და როგორც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მას ქოლესტერინის შემცირებაც შეუძლია.

5. თევზეული

სასარგებლო საკვების სია თევზის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია.

ორაგული, კალმახი, სკუმბრია და სარდინები მდიდარია ომეგა–3 და ომეგა–6 ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც კანსა და თმას ძალიან აჯანსაღებს.
ყველა კვლევა ერთხმად ადასტურებს, რომ თუკი წონაში კლება და თან ჯანსაღად კვება გსურთ, ნებისმიერი სხვა ხორცი, იქნება ეს ძროხის, საქონლის თუ ქათმის, თევზით უნდა ჩაანაცვლოთ.

 

მსგავსი თემები