საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 18 აგვისტოს 38 წლის გახდებოდა.

ის 23 წლის იყო, როდესაც სამშობლოს შეეწირა.

უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო.

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე.

ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.

 

 

2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის „სამშობლოსთვის თავდადებულის“ მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.

მის მშობლიურ სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის პატივსაცემად, ყოველწლიურად იმართება დალაობა და დოღი.

მისი სახელი მინიჭებული აქვს კავკასიონის ქედის ერთ-ერთ მწვერვალს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებრივი მედალი “გიორგი ანწუხელიძე” დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.

რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს მოკლეს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. სწორeდ მისი მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

ფაქტს სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა.

„მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით,“ – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ.

გიორგის დარჩა ორი შვილი – ლევანი და ანა.

 

პრემიერი: “საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას”

გიორგი ანწუხელიძის შვილი: რუსეთი არის საქართველოს მტერი, მივიწყებულია და ეს მწყინს, მამაჩემმა ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ შეცვლილიყო რაღაც და ვფიქრობ, არ შეცვლილა არაფერი

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი მოკლეს

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები