ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის COVID უსაფრთხოების ახალი წესები დაამტკიცა. ახალი რეკომენდაციები შეეხება: დახურული და ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) ობიექტებს, ჭურჭლის ხელით რეცხვას, მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესს, დასუფთავებისა და და დეზინფექცის წესებს. ასევე განსაზღვრავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს.

კვების ობიექტებისთვის COVID უსაფრთხოების წესებია:

ძირითადი რეკომენდაციები:

ა) ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;

ბ) იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით;

გ) წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);

დ) მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

ე) უზრუნველყავით დასაქმებულთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი და მოახდინეთ შედეგების ასახვა სათანადო ჟურნალში, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში მოახდინეთ როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის მზომი დისტანციური ხელსაწყოს გამოყენებით;

ვ) აკონტროლეთ ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;

ზ) განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

თ) სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;

ი) სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

კ) უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.

მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

განმარტება:

ტერასა/ვერანდა/ღია სივრცე – გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია მათ შორის კვების ობიექტის შიდა სივრცის გავლით;

ღია რესტორანი – გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელით.

ა) ღია სივრცეში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

ა.ბ) სკამების საზურგეებს შორის – მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;

ა.გ) 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 12 მომხმარებლისა;

ა.დ) დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

ბ) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე შესაძლებელია 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ – არაუმეტეს 60 მომხმარებლისა;

გ) გამასპინძლებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

დ) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

ე) უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

ა) დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ – არაუმეტეს 60 მომხმარებლისა;

ა.ბ) მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

ა.გ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

ა.დ) სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;

ა.ე) ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

ა.ვ) გამონაკლისი სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

ა.ზ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

ბ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

გ) ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში:

გ.ა) გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;

გ.ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

გ.გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;

გ.დ) საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება.

დ) გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

ე) უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ვ) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

ზ) ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები