ზოგადად ვაქცინაციამდე რაიმე რუტინული ტიპის კვლევის ჩატარებაზე რეკომენდაცია არ არსებობს, თუმცა არის გამონაკლისები - ბიძინა კულიმბეგოვის რეკომენდაციები გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან"

გადაცემის ლაივი LIVE

რა ფაქტორები განსაზღვრავს ვაქცინის ეფექტურობის ხარისხს, არის თუ არა არსებითი განსხვავება დღეს საქართველოში შემოსულ ვაქცინებს შორის, რომელი თანმხლები დავადებები მიეკუთვნება განსაკუთრებულ რიკს-ჯგუფს, როდის არ არის რეკომენდებული ვაქცინაიცა და საჭიროა თუ არა, ანტისხეულების განსაზღვრა კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

-ბატონო ბიძინა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მალე ვაქცინაციის მსურველები ასაკობრივად აღარ დაიყოფიან და ყველა მსურველს შეეძლება რეგისტრაცია. ეს გაკეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რამდენ ადამიანს სურს აცრა და რომელ ვაქცინაზე არის ქვეყანაში მოთხოვნილება. ხომ არ არის ასეთი მიდგომა ცოტა დაგვიანებული იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგები უკვე საუბრობენ მესამე ტალღაზე, მთელ ამ პროცესს კი რეგისტრაციის, მომწოდებელთან მოლაპარაკების, ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლის და აცრების ჩათვლით საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება?

ბიძინა კულუმბეგოვი: გეთანხმებით, შესაძლებელია ეს ადრეც მომხდარიყო, თუმცა გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის სტრატეგია, რომელიც საბჭომ გააჟღერა, მსოფლიოში თითქმის არ ყოფილა. თითქმის არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა წინასწარი რეგისტრაცია. რასაკვირველია უნდა გვესმოდეს, რომ არცერთ ქვეყანას, თუ ის არ არის ვაქცინის მწარმოებელი, არა აქვს ულიმიტო ოდენობის ვაქცინები და ბუნებრივია, არც ჩვენი ქვეყანაა ამ მხრივ გამონაკლისი. დღეს ჩემთვის ამაზე საუბარი რთულია, რადგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნელ-ნელა გახდება ცნობილი ყველა ჩვენთაგანისთვის და გასაჯაროვდება უშუალოდ იმ პირების მიერ, ვინც არიან უფლებამოსილი, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები. ამ ეტაპზე მსოფლიოში ვაქცინებისათვის მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს პირდაპირი მნიშვნელობით. იქიდან გამომდნარე, რომ თუნდაც აშშ-დან, რომელსაც მთელი რიგი ვაქცინები აქვს, ადვილად არ გადის ვაქცინა იქამდე, სანამ ზრდასრული მოსახლეობის აცრა არ დასრულდება. იგივე ინდოეთი, რომელსაც უზარმაზარი პოპულაცია ჰყავს 1 400 000 000 ადამიანის სახით, „ასტრაზენეკას“ ლიცენზიით ამზადებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ინდურ ვარიანტს. აპრილის ბოლომდე ინდოეთიდან ვაქცინის ერთი დოზის გატანაც კი აკრძალულია, რადგან ჯერ ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება ვაქცინაცია. ამ ეტაპზე ჩვენს მსგავს ქვეყნებს ვაქცინების მხოლოდ „კოვაქს“ პლატფორმაზე შეძენა შეუძლიათ საკუთარი ხარჯით, ან შეგვიძლია შევიძინოთ ვაქცინები, რომლებიც ჯერ აღიარებული არ არის, მაგრამ შესაბამის პროცედურებს გადის და აღიარების პროცესშია. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ საიტზე ამ ეტაპზე დაახლოებით 15 ვაქცინაა ასეთი, რომელსაც წარდგენილი აქვს შესაბამისი საბუთები და ელოდება ავტორიზაციას. ჩემი აზრით სწორი ნაბიჯი იყო ჩინური ვაქცინის შეძენა და დასაწყობება იქამდე, სანამ მას ავტორიზაცია მიეცემა, რადგან შემდეგ ამ ვაქცინას ისეთი ფასი დაედება, რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა მისი შეძენა. ამ ვაქცინებს, რომლებიც ახლა გადის ავტორიზაციის პროცესს, „კოვაქს“ პლატფორმაც ელოდება, რადგან აზიის და აფრიკის მთელი რიგი ქვეყნები არიან რიგში ათეულობით მილიონიანი მოსახლეობით. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით წინასწარი რეგისტრაცია ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოების მოთხოვნილებას ბოლომდე ვერ წარმოაჩენს, რადგან თუნდაც რეგიონებში ყველა ადამიანს არ შეუძლია ინტერნეტით რეგისტრაცია, მაგრამ საწყისი სტრატეგიული  სურათის მისაღებად გამოდგება. თუ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ მათ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სურთ, აქ კიდევ სხვა სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

“ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და „ჯონსონ და ჯონსონს“ სიკვდილიანობისგან ერთნაირად 100 პროცენტიანი დაცვა აქვს

-აი თქვენ თვითონ ახსენეთ „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობის რჩეული ვაქცინაა. იმის გათვალისწინებით, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით იყო გარკვეული შეკითხვები, როცა მისი გამოყენება ევროპის გარკვეულ ქვეყნებში შეჩერდა და მერე ისევ გაგრძელდა და ა.შ, ბუნებრივია ლეგიტიმური კითხვები არსებობს. საუბარი იყო ასაკობრივ ზღვარზეც ამ ვაქცინასთან მიმართებაში და ახლა უკვე ითვლება, რომ 30 წლის ასაკის ქვემოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის… საინტერესოა რას გვეტყვით ამ ორი ვაქცინის შედარებაზე, რითი ჯობია „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“? არის თუნდაც რაიმე ასპექტი?

ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინების შედარება რთული პროცესია, რადგან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ვაქცინების ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი არის სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის პროცენტი. „ფაიზერი” იქნება, “ასტრაზენეკა”, “ჯონსონი და ჯონსონი”თუ  სხვა ვაქცინები, ამ საკითხში  ყველა მათგანი 100 პროცენტიანი ეფექტურობით გამოირჩევა, მათ შორის იმ შტამების მიმართაც, რომელზეც ამდენს საუბრობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ვაქცინების დაცულობის პროცენტები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩაატარა მესამე ფაზის კვლევა კონკრეტულმა ვაქცინამ. მაგალითად, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ კვლევა ჩაატარა ზაფხულში, როდესაც მეორე ტალღა არ იყო დაწყებული და შედარებით სიმშვიდე იყო. „ასტრაზენეკამ“ და „ჯონსონმა და ჯონსონმა“ კვლევები  ჩაატარა მეორე ტალღის პიკურ პერიოდში. შესაბამისად, ვაქცინების ეფექტურობის არსებითი პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია სიკვდილობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მიხედვით. ამ მხრივ ყველა ეს ვაქცინა ხარისხიანი და ეფექტურია.

რაც შეეხება უკიდურესად იშვიათ გვერდით მოვლენებს, ამაზე „ევროპის წამლის სააგენტომ“ და ბრიტანულმა მარეგულირებელმა უკვე იმსჯელეს და ვინაიდან მართლაც დადგინდა კავშირი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და კოაგულაციურ, სისხლის შედედების დაავადებებს შორის, გაიცა გარკვეული რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ ეს გვერდითი ეფექტი რაოდენობრივად უკიდურესად იშვიათია. იგი 18 მილიონი აცრილიდან მხოლოდ 30-ს განუვითარდა.  საქართველოში 1 მილიონი ადამიანი რომ აიცრას, ასეთი გართულება შეიძლება მხოლოდ 2-3 ადამიანს გამოუვლინდეს. თუმცა როგორც აღვნიშნე, „ევროპის წამლის სააგენტოს“ კომიტეტის სხდომაზე გაიცა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იმართოს ეს მდგომარეობა და თუ ეს უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა და ადამიანს თრომბოციტების რაოდენობა შეუმცირდა, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მძიმე შედეგი. შესაბამისად, არსებობს მკურნალობის სტრატეგია.

აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს, უფრო დიდი საფრთხეა საქალაქო ტრანსპორტში: ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თვითონ კოვიდი თრომბოემბოლიური გართულებებს შემთხვევათა 17-20%-ში იწვევს, ანუ მისი გართულებების მაჩვენებელი ახლოსაც კი ვერ მოვა და ვერ შეედარება ვაქცინის სავარაუდო გვერდითი ეფექტების რაოდენობას. კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში თრომბოემბოლიური გართულების შანსი გაცილებით მაღალია და შესაძლოა უეცარი სიკვდილიც კი დადგეს.

ქვეყნები ინდივიდუალურად წყვეტენ თუ მოსახლეობის რომელი ნაწილი აცრან „ასტრაზენეკათი“. ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ 30 წლამდე მოქალაქეებს სხვა ვაქცინა შესთავაზოს, ზოგ ქვეყანაში ზღვარი 55 წელია, ზოგან 65. თუმცა ამ ვაქცინის გამოყენება მსოფლიო მასშტაბით გრძელდება და ჩვენთანაც გაგრძელდება. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მხრივ, ბუნებრივია იმუნიზაციის საბჭო ამაზე იმსჯელებს.

-ბატონო ბიძინა, როგორ ფიქრობთ, როდიდან დაიწყება ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია და შესაბამისად, როდის შეძლებენ აცრას 55 წლამდე ასაკის ადამიანები და ის ადამიანები, ვისაც არ აქვს არანაირი ქრონიკული დაავადება?

ბიძინა კულუმბეგოვი: მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო ყურადღება. ამ ეტაპზე მსოფლიოში საჭირო ოდენობის ვაქცინა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს და შესაბამისად, მხოლოდ მათ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ყველა მსურველი აცრან. დანარჩენი ქვეყნები ჩვენს მსგავსად, აკეთებენ გარკვეული პრიორიტეტული ჯგუფების გამოყოფას, ვისი აცრაც პირველ რიგში არის საჭირო. ესენი არიან ადამიანები, ვინც კოვიდის განვითარების შემთხვევაში ლეტალური შედეგის დადგომის მაღალი რისკის ქვეშ არიან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დღესვე გავხდით ვაქცინაციას საყოველთაოს და ქვეყანაში არსებული ვაქცინის დოზებს ახალგაზრდა, ჯანმრთელი პოპულაცია აითვისებს, მომდევნო ტალღისას მთავარი დაწოლა ისევ იმ ადამიანებზე წამოვა, რომლებსაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ.  ამას მოჰყვება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა, ქრონიკული დაავადების მქონეები იქნებიან ისევ დაუცველები და ისევ გადაავსებენ ჰოსპიტალებს, ისევ იქნება ლოკდაუნის საჭიროება. ამიტომ სტრატეგია არის ის, რომ ჯერ ეს ჯგუფები აიცრან. ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანების 99% კოვიდს სახლში იტანს. ამიტომ ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე, როცა ცოტა ვაქცინა გვაქვს, არა ყველას აცრა უნდა იყოს, არამედ რისკ-ჯგუფების დარწმუნება, რომ აიცრან. თუ ეს ასე მოხდება, შესაძლებელი იქნება თავიდან ავიცილოთ ქვეყნის დაქცევა და კიდევ უფრო გაღარიბება. ქვეყანამ ამ მიმართულებით სწორი მუშაობა უნდა გასწიოს და ჩვენც ამ მიმართულებით სწორი მესიჯები უნდა გავაჟღეროთ, რომ ამ ადამიანებს ვთხოვოთ – მათი ავადობა არის მთავარი დარტყმა, რის გამოც სახელმწიფო იძულებული ხდება, გამოაცხადოს ლოკდაუნი და ქვეყანა ჩაკეტოს. ახლა მთავარი სწორედ რისკ-ჯგუფების აცრაა. საყოველთაო ვაქცინაცია კი შესაძლებელია უკვე ზაფხულის მეორე ნახევრიდან დაიწყოს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები, ბრიტანეთი და ამერიკა დაასრულებენ თავისი მოსახლეობის აცრას და დიდი ოდენობით ვაქცინები გამოთავისუფლდება. მაგალითად უკრაინას „ფაიზერი“ დაპირდა, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ 10 მილიონ დოზას მისცემს. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამაც უნდა გააძლიეროს კომუნიკაცია, რადგან ვაქცინების გამოთავისუფლების დიდი რესურსი არსებობს და ზაფხულის მეორე ნაწილში უკვე შესაძლებელი იქნება ყველა მსურველს ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა.

-ბატონო ბიძინა, ამ ბოლო დროს ხშირად ისმის ფრაზა, რომ 15-ის შემდეგ გვკეტავენ. საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, რას ეფუძნება, რის საფუძველზე გავრცელდა? საზოგადოებაში  შეზღუდვების მოლოდინი არსებობს, განსაკუთრებით აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, რომ ერთმა ღამემ გამოიწვიოს ისეთი ეპიდაფეთქება, რომ შეზღუდვები გახდეს საჭირო? და ეს იმის ფონზე, რომ ალბათ თქვენც გინახავთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურ ხალხმრავლობას ასახავს…

ბიძინა კულუმბეგოვი: არცერთი ოფიციალური წყარო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ნამდვილად ვერ გეტყვით, საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია. საკოორდინაციო საბჭოს არცერთ წევრს ეს არ განუცხადებია.  წინა აღდგომის დღესასწაულის პერიოდი იყო პირველი ტალღის მოლოდინის ეტაპი და ყველას გვქონდა განცდა, რომ თუ სადმე შეცდომას დავუშვებდით ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული და რეალურად ვნახეთ, რომ ფეხის გადაბრუნება შემოდგომაზე მოგვეწია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის რეგულაციები რაც წინა წელს სააღდგომო ღამეს იყო იქნება დაცული, არავითარი პრობლემა არ არსებობს. იგივე დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. თუ აღდგომის ღამეს ეს წესები დაცული იქნება,ის  პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს. უფრო დიდი საფრთხეა საქალაქო ტრანსპორტში და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის გავრცელებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ვირუსს აქვს თავისი გავრცელების პოტენციალი, ანუ რეპროდუქციული ინდექსი, რაც კოვიდის შემთხვევაში შეადგენს 3-4 ადამიანს. ანუ ერთ ადამიანს 3-4 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. თუმცა ახალი ვარიანტების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება ზაფხულში იყოს უკვე დომინანტი შტამები, იგივე ბრიტანული შტამი, ეს მაჩვენებელი 4-5-ს შეადგენს. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანული შტამი გახდება დომინანტი და ჩაანაცვლებს არსებულ შტამს, ერთ ადამიანს უკვე უფრო მეტი ადამიანის დაინფიცირება შეეძლება. ამ მაჩვენებლის შესამცირებლად სულ რამდენიმე ბერკეტი არსებობს. პირველი – პირბადის ტარება, რაც 1/3-ით ამცირებს ინფიცირების შანსებს. მეორე – ადამიანების მობილობის ხელოვნური შემცირება და მესამე, ვაქცინაცია. სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ პირბადის ამარა ვართ დარჩენილი, რადგან ვაქცინაციის ტემპი ძალიან ნელია და შესაბამისი ეფექტის მისაღებად მოსახლეობის 60%-ის აცრა მაინც არის საჭირო. ამ ეტაპზე არც მკაცრი შეზღუდვებია ქვეყანაში და არც მგონია, რომ მალე იქნება. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველას, რომ დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ და სწორად მოიხმარონ პირბადე, ხშირად დაიბანონ ხელები, რადგან სერიოზული აფეთქების ზღვარზე ვართ და თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. ვიმედოვნებ, რომ მომავალი მესამე ტალღა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც მეორე, რადგან მეორე ტალთა შემოდგომა-ზამთრის პერიოდს დაემთხვა, რომელიც რესპირაციული ინფექციების კუთხით ისედაც ყოველთვის მძიმეა. ახლა მესამე ტალღა წლის თბილ პერიოდში მოუწევს და იმედია, ის არ იქნება ისეთივე დიდი, როგორც მეორე ტალღა. თუმცა სახელმწიფომაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რაიმე მექანიზმი უნდა მოიძებნოს, ნაკადები უნდა იმართოს, თუ საჭიროა დაემატოს ტრანსპორტი. რამენაირად უნდა მოხერხდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გადატვირთული და იქ მოქმედი რეგულაციები იყოს დაცული.

-გვეუბნებიან, რომ კომენდანტის საათი უზრუნველყოფს ინფიცირების დაბალ მაჩვენებელს. კომენდანტის საათი ძალაში იყო, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებიც. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რამ იმოქმედა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე, იყო ეს თუნდაც პირბადეების ტარების შემცირებული მაჩვენებელი?

ბიძინა კულუმბეგოვი: ნოემბერ-დეკემბერში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 72% იყო, შემდეგ მარტში იყო 42-43% და ეს იყო ისეთივე, როგორც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელი. ანუ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაფერი მორჩა. ამ ეტაპზე სადღაც 50%-ზეა მაჩვენებელი.

ალბათ ისედაც ცხადია, რომ მხოლოდ კომენდანტის საათი არ არის ეფექტური მოსახლეობის მობილობის შესამცირებლად. მას ალბათ აქვს გარკვეული გავლენა, თუმცა ამას ეპიდემიოლოგიური სამსახურები აფასებენ. მათ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელ რეგულაციას როგორი ძალა აქვს. თუ მსოფლიოს გამოცდილებას გადავხედავთ, თუნდაც კოჰრეინის ბიბლიოთეკაში გამოქვეყნებულ მეტა-ანალიზებს, ცხადი გახდება, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელია იმ ადგილების სრული ლოკდაუნი, სადაც ხალხი პირბადის გარეშე იმყოფება. ეს არის რესტორნები, სკოლები, ბაღები, სავარჯიშო დარბაზები, აუზები.. თუმცა რასაკვირველია ამ დაწესებულებების, განსაკუთრებით სკოლების და ბაღების დაკეტვას უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ამიტომ საჭიროა სწორი რეგულაცია. სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა იპოვონ გზები გადარჩენისათვის. რესტორნებში დიდი შეკრებები კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება მცირე რაოდენობით ხალხის შეკრებას, მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა მექანიზმები. მაგალითად, სწრაფი ტესტები. ისინი უკვე ძალიან გაიაფდა და იმდენად, რომ ზოგი ამერიკული და ევროპული რესტორანი კლიენტებს სწრაფი ტესტით ამოწმებს და დაჯავშნილ მაგიდასთან შემდეგ უშვებს. გასაგებია, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ რაიმე გამოსავალი უნდა გამოიძებნოს.

-ბატონო ბიძინა, ამ ეტაპზე მთელი მსოფლიო ვაქცინებზე საუბრობს და თითქოს უკვე მიგვავიწყდა პრეპარატი, რომელიც შესაძლოა იყოს პირდაპირი დამიზნების მედიკამენტი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. არსებობს თუ არა რაიმე ტიპის კვლევა, რომელიც ახლა აქტიურ ფაზაშია და ამბობს, რომ მომავალში მსოფლიოს შეიძლება ჰქონდეს მედიკამენტი, რომელიც პირდაპირ იქნება მიმართული „სარს-კოვ-2“-ის წინააღმდეგ და მისი საშუალებით ჩვენი ვირუსისთვის ორმაგი დარტყმის მიყენებას შევძლებთ?

ბიძინა კულუმბეგოვი: ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ახლა რაიმე ისეთი მედიკამენტი არის კვლევის ფინალურ ფაზაში, რომელიც უახლოეს მომავალში შეძლებს უშუალოდ ახალი კორონავირუსისაგან განკურნებას და პანდემიის დასრულებას. თუმცა არსებობს ორი დამაიმედებელი მედიკამენტი, რომელთა კვლევის მეორე და მესამე ფაზებიც გრძელდება. პირველადი მონაცემები მათ შესახებ შესაძლოა უკვე ზაფხულში იყოს. ერთი არის ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“, რომლის შესახებაც ალბათ უკვე ყველას სმენია. ეს ანტივირუსული მედიკამენტია. მეორე არის ისრაელში შექმნილი მედიკამენტი, რომელსაც ადამიანების მცირე ჯგუფში საკმაოდ კარგი შედეგები აღმოაჩნდა. თუმცა პრეპარატების საკითხი ისე დგას, რომ მედიკამენტმა ადამიანების დიდ ჯგუფში, მინიმუმ 20-30 000 ადამიანში უნდა აჩვენოს ეფექტურობა. გარდა ამისა, ის უნდა იყოს იაფი და ადვილად დასამზადებელი, რათა პრეპარატი იქნას საყოველთაო წამლად აღიარებული. მაგალითად აშშ-ში შესაძლებელია რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანს მონოკლონური ანტისხეულების გადასხმა ჩაუტარდეს. თუმცა ერთი ადამიანისათვის სამყოფი დოზა 2-3 ათასი დოლარი ღირს. სწორედ ამიტომ, მონოკლონური ანტისხეულები არ მიიჩნევა საყოველთაო სამკურნალო საშუალებად. ასეთი ფუფუნება შეიძლება მხოლოდ ძალიან მდიდარ ქვეყნებს ჰქონდეთ. ჩვენ გვჭირდება წამალი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ასეთი კი ჯერჯერობით არ ჩანს.

-ბატონო ბიძინა, დავუბრუნდეთ ვაქცინაციას. საჭიროა თუ არა რაიმე ტიპის კვლევების ჩატარება იქამდე, სანამ ჩატარდება ვაქცინაცია? განსაკუთრებით ეს კითხვა ისმის „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, რადგან ადამიანებს ეშინიათ გარისკვის. განსაკუთრებით პოპულარული კვლევა ბოლო დროს არის კოაგულოგრამა და ადამიანები ამბობენ, რომ ამის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ აიცრებიან. თქვენგან უკვე ვიცით, რომ არსებობს სპეციალური კითხვარი, რომელიც ვაქცინაციამდე უნდა შეივსოს, რათა რისკები იყოს თავიდან აცილებული. მაინც რა უნდა ვიცოდეთ და რა არის რეკომენდებული ვაქცინაციამდე?

ბიძინა კულუმბეგოვი: ზოგადად ვაქცინაციამდე რაიმე რუტინული ტიპის კვლევის ჩატარებაზე რეკომენდაცია არ არსებობს. ეს არაფრის მომცემი და ზედმეტი ხარჯია. თუმცა, თუ ადამიანს რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, მაგალითად გულის ან სისხლძარღვთა დაავადება, და ის რამდენიმე თვეა ექიმთან არ ყოფილა, ასეთ ადამიანებს რასაკვირველია ვურჩევ, პირველ რიგში გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმებთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სადღაც აშშ-ში ან საფრანგეთში ადამიანები აცრამდე არანაირ კვლევას არ იტარებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ძალიან მოვლილები არიან. ეს ადამიანები პერმანენტულად გადიან კონსულტაციებს ექიმებთან და სპეციალური მექანიზმიც კი არსებობს, მათ იბარებენ ექიმთან ვიზიტზე, როცა საჭიროა. ჩვენ ამ ყველაფერს საქართველოს რეალობას ვერ მოვარგებთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. შესაბამისად ყველას, ვისაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემები, ვურჩევ ვაქცინაციამდე მაინც მიმართონ საკუთარ ექიმს და შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა ქრონიკული დაავადებების მქონე კონკრეტულ პაციენტებს რაიმე ტიპის კვლევა. თვითნებურად კვლევების ჩატარება არაფრის მომცემია და როგორც აღვნიშნე, ზედმეტი ხარჯია.

-თქვენ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები ახსენეთ და ჩაგეკითხებით, გარდა იმ დაავადებებისა, რომელთა მქონე ადამიანებიც რისკ-ჯგუფებად მოიაზრებიან და ვისი ვაქცინაციაც უპირობოდ აუცილებელია. რა ტიპის დაავადებებია ეს თუ არის კიდევ სხვა დაავადებები, რომელთა მქონე პაციენტებიც ასევე შეიძლება მოიაზრებოდნენ რისკის ქვეშ მყოფებად და შესაბამისად, უნდა განიხილებოდნენ ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფად ? და აქვე გკითხავთ სეზონურ ალერგიებზე, მათი არსებობა არის თუ არა ვაქცინაციის მკვეთრად გამოხატული უკუჩვენება?

ბიძინა კულუმბეგოვი: დაავადებები, რომლებიც ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს კოვიდის შემთხვევაში, ყველამ კარგად ვიცით, რომ არის ტიპი 2 დიაბეტი, ჭარბი წონა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 30-35-ს აღწევს ან აჭარბებს, ასევე არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გარკვეული ნევროლოგიური დაავადებები, ბრონქული ასთმა და ა.შ. გარდა ამისა მაღალი რისკის ქვეშ არიან დაუნის სინდრომის მქონე და ორგანოგადანერგილი ადამიანები. ამ დაავადებების მქონე პაციენტებს მაღალი რისკი აქვთ, რომ კოვიდი გართულდეს და ლეტალური შედეგიც დადგეს. შესაბამისად, ასეთი პაციენტები უფრო მეტად უნდა იყვნენ აცრილები და დაცულები, რადგან კოვიდი ყველაზე მეტად სწორედ მათ ებრძვის.

რაც შეეხება სეზონურ ალერგიას, ეს არ არის ვაქცინაციის პირდაპირი უკუჩვენება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ვაქცინებს, როგორც „ფაიზერს“, ასევე „ასტრაზენეკას“ ალერგიული რეაქციების შედარებით მაღალი პოტენციური რისკი გამოუვლინდათ.

ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსუბუქი სეზონური ალერგიები, მაგალითად მსუბუქი რინიტი ან კვებითი ალერგია,  შეუძლიათ მშვიდად აიცრან. ოღონდ მათი დაავადება უნდა იყოს მოვლილი, პაციენტს გავლილი უნდა ჰქონდეს კონსულტაცია, გამოწერილი უნდა ჰქონდეს ანტიჰისტამინი და ამის ფონზე მშვიდად აიცრას. მაგრამ მსუბუქი ალერგია გულისხმობს იმას, რომ პაციენტს არასდროს დასჭირვებია საავადმყოფოში გადაყვანა.

თუ ვსაუბრობთ იმ კატეგორიის ადამიანებზე, ვისაც რომელიმე მედიკამენტზე ან ვაქცინაზე ჰქონდა მძიმე ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქცია, ასეთი ადამიანი თვითნებურად არ უნდა ჩაეწეროს ვაქცინაციაზე, მან ჯერ ალერგოლოგთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.

არსებობს მესამე კატეგორიაც – ადამიანები, ვისაც უშუალოდ კოვიდვაქცინის პირველ დოზაზე გამოუვლინდა მძიმე ალერგიული რეაქცია. ასეთ შემთხვევაში მეორე დოზა არ კეთდება, თუმცა არ უნდა ჩაითვალოს, რომ პირველი დოზა ტყუილად გაკეთდა, რადგან იგივე „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მხოლოდ ერთი დოზა აცრიდან 21 დღის შემდეგ 76%-იან დაცვას იძლევა. თუმცა ამ იმუნიტეტის გამყარება მეორე ბუსტერ-დოზით  ვერ ხერხდება.

რადგან იშვიათი კავშირი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებას შორის მაინც დადასტურდა, უნდა ვახსენოთ ის ადამიანებიც, ვისაც აქვს თრომბოფილია, იგივე შედედების ფაქტორების პრობლემები, ლეიდენის მუტაცია, მეხუთე შედედების ფაქტორის დეფიციტი, რომელიც ქალებში უფრო მეტად არის გავრცელებული. დაავადება უმეტესწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანმა შესაძლოა მთელი ცხოვრება ისე გაიაროს, რომ არ იცოდეს ამ დაავადების შესახებ. მაგრამ რადგან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრისას ცოტათი იზრდება თრომბოემბოლიური გართულების რისკი, ადამიანებს ვისაც აქვთ დადასტურებულად ეს დიაგნოზი, შეუძლიათ უარი თქვან ამ ვაქცინაზე და სხვა ვაქცინა გაიკეთონ. ეს ინდივიდუალური და გონივრული მიდგომაა.

აქტუალურია ონკოპაციენტების აცრის საკითხი. მაგალითად მე მკითხეს ონკოპაციენტის შესახებ, რომელსაც ლეიკოზის ერთ-ერთი ფორმა აქვს და ყოველ მესამე დღეს ქიმიოთერაპია უტარდება. მკითხეს ვუწევ თუ არა მის ვაქცინაციას რეკომენდაციას. რასაკვირველია, ასეთ დროს ვაქცინაციის რეკომენდაციას არცერთი ჭკუათმყოფელი ექიმი არ გასცემს, რადგან ამ დროს ადამიანი ისედაც იმუნოსუპრესორების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასეთი ადამიანის აცრა შეიძლება ქიმიოთერაპიის დასრულებიდან სადღაც ორი კვირის შემდეგ, სრულიად უპრობლემოდ.

შესაბამისად ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვაქცინაცია არ შეიძლება, არის ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, ან მასში შემავალ კომპონენტზე, რომელთან კონტაქტსაც ადრე ალერგიული შოკი გამოუწვევია. „ფაიზერის“ შემთხვევაში ეს კომპონენტი არის პოლიეთილენგლიკოლი, რომელიც შედის ცნობილ საფაღარათო საშუალება „ფორლაქსში“. თუ „ფორლაქსის“ გამოყენების შემდეგ ალერგიული შოკი განგივითარდათ, ცხადია თქვენთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა არ შეიძლება. დანარჩენი არ არსებობს არავინ, ვისთვისაც აცრა არ შეიძლება. ერთადერთი ამ ეტაპზე არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. 16 წლამდე ასაკის ადამიანებში, ასევე ორსულ და მეძუძურ ქალებში კვლევების და მონაცემების სიმცირის გამო აცრა რეკომენდებული არ არის. თუმცა ესეც ნელ-ნელა იცვლება. იგივე აშშ-ში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ორსულები საკმაო რაოდენობით იცრებიან და აქ მაინც ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ადამიანს, რომელიც კოვიდთან მუშაობს ვერავინ აუკრძალავს აცრას, თუ ის გადაწყვეტს ამას. თუ ორსული სახლში ზის და არსად დადის, მან არ უნდა გაიკეთოს აცრა და დაელოდოს მომენტს, როდესაც ორსულების აცრაზეც იქნება ვაქცინა ავტორიზებული. თუმცა ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, მას ინდივიდუალური გადაწყვეტილებით აცრა შეუძლია.

-ბატონო ბიძინა, თქვენ უკვე თქვით, რომ ვაქცინის ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი არის დაგვჭირდება თუ არა რეანიმაცია ან პაციენტის ინტუბაცია ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა საინტერესოა რას გვეტყვით რეინფიცირებაზე? მსოფლიო პრაქტიკაში რამდენად ხშირია ვაქცინაციის მერე ინფიცირება? მაგალითად, „სპუტნიკის“ ვაქცინით აცრის შემდეგ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები დაინფიცირდნენ. რამდენად გადამტანები არიან ადამიანები ვინც თუნდაც მსუბუქი ფორმით ინფიცირდება აცრის შემდეგ?

ბიძინა კულუმბეგოვი: თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებზე ვიცით,რომ პროცენტულად ინფექციისგან დაცვის შესაძლებლობა „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებზე არის 90%. რასაკვირველია შანსი არის, რომ ადამიანს დაავადების მსუბუქი ფორმა მაინც შეხვდეს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გვიცავს ვაქცინაცია იმისაგან, რომ არ გავხდეთ ვირუსის გამავრცელებლები და არ გადავდოთ ვირუსი იმას, ვინც აცრილი არ არის, ერთადერთი ვაქცინა, რომელზეც ამ მხრივ კვლევაა ჩატარებული, „ასტრაზენეკაა“. „ასტრაზენეკას“ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ვაქცინით აცრის შემდეგ თუნდაც მსუბუქი ფორმით ინფიცირებისას ადამიანი 76%-ში ვირუსს არ ავრცელებს. ამ კონკრეტულ ვაქცინას ამისგანაც შეუძლია დაცვა. ვაქცინას ეს ორი თვისება აქვს. მაგალითად წითელას ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ ადამიანი ინფიცირებისგანაც თითქმის 100%-ით არის დაცული და არც არავის გადასდებს დაავადებას. გრიპის ვაქცინის შემთხვევაში, ის 100% გვიცავს სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგანაც, თუმცა დაავადების მსუბუქი ფორმით ინფიცირებისაგან და გადამტანობისაგან 50-60% გვიცავს, ანუ არსებობს ალბათობა, რომ მსუბუქი ფორმით დავინფიცირდეთ და დაავადება სხვასაც გადავდოთ. კოვიდ ვაქცინებზე ჯერჯერობით ბოლომდე არ ვიცით, რამდენად გვიცავს ისინი იმისგან, რომ არ ვიყოთ დაავადების გადამტანები ან არ დავინფიცირდეთ მსუბუქი ფორმით, თუმცა ეს 76% ძალიან დამაიმედებელი შედეგია და შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ ვაქცინა სასიკვდილო გართულებებისგანაც გვიცავდეს და იმისგანაც, რომ ვირუსი არ გავავრცელოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ხანგრძლივობა და სწორედ გუშინ, „New England Journal of Medicine”-ში, ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიდან 6 თვის შემდეგაც ადამიანებს ჰქონდათ შენარჩუნებული საკმარისი ანტისხეულები. ეს ტოვებს იმედს, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი შეიძლება 12-13 თვესაც გაგრძელდეს, თუ მსოფლიოში ახალი, იმუნური სისტემისთვის სრულიად უცნობი შტამი არ გაჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის გაკეთება ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ არ იყოს საჭირო.

-ბატონო ბიძინა, რას გვეტყვით კოვიდგადატანილი ადამიანების ვაქცინაციაზე?

ბიძინა კულუმბეგოვი:  თუ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი, მან პირველი 28 დღე ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს. ეს არ იქნება სწორი, რადგან მწვავე დაავადება გვაქვს. ამის გარდა ნებისმიერ შემთხვევაში აცრა შეიძლება ყოველგვარი ანტისხეულების შემოწმების გარეშე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არსებობს 120 დღიანი მოცდის პერიოდი, არის ის, რომ ადამიანს კოვიდის გადატანის შემდეგ მინიმუმ სამი თვე მაინც ანტისხეულები აქვს ორგანიზმში გარკვეული ოდენობით და ისინი მას გარკვეულწილად მაინც იცავს. ამიტომ ამ ადამიანმა ვაქცინა უნდა დაუთმოს იმას, ვისაც საერთოდ არანაირი ანტისხეულები არ აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არის ეს 120 დღიანი მოცდის პერიოდი. ეს არ არის იმიტომ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით აცრა ამ დროს არ შეიძლება. ეს ხდება მხოლოდ ვაქცინების სიმცირის გამო. იმ ქვეყნებში, სადაც არ არის ვაქცინების დეფიციტი, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, აცრა კოვიდის დადასტურებიდან 28 დღის შემდეგ თავისუფლად შეიძლება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი