თევზი - ბავშვთა და ხანდაზმულთა მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი

თევზი, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის, რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

ცხიმიანი თევზის ყველა სახეობა დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ დიეტოლოგთა რჩევით, ცხიმიანი თევზი კვირაში 2-ჯერ მაინც უნდა მივირთვათ. უმჯობესია ის ორთქლზე მოვამზადოთ ან ოდნავ დავბრაწოთ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო ნივთიერება. თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადებების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელი კომპონენტიც არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობისას.



როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს ან ავადმყოფებს, რომლებსაც საჭმლის მონელება აქვთ დარღვეული და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროებათ, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-ათვისების თავისებურებათა გათვალისწინება. უპირატესობა ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს ენიჭება. სწორედ ასეთია თევზი.
საქმე ის არის, რომ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცი, კუნთოვან ქსოვილთან ერთად, შეიცავს უხეშ შემაერთებელ ქსოვილსა და ელასტინს, რომელიც თერმული დამუშავებისას არ რბილდება და არ შეითვისება. თევზის ხორცში კი, შემაერთებელი ქსოვილი ცხოველურთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ელასტინი პრაქტიკულად არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ თევზი მოხარშვისას გაცილებით ნაკლებ წყალს კარგავს, რის გამოც მისი ხორცი უფრო ნაზი და ფაფუკი რჩება. თევზი ცილების უნივერსალური წყაროც არის. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა შეუცვლელ ამინომჟავას.

თევზი, განსაკუთრებით ზღვისა, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. იოდს უხვად შეიცავს ქორჭილა, კამბანა და კარჩხანა. ზღვის თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. თევზის ნახარშში, უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები, ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. ხანდაზმული ადამიანის საკვებ რაციონში, აუცილებლად უნდა შედიოდეს იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი. ეს ნივთიერებები აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს. აქედან გამომდინარე სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.