საშიშია თუ არა სეზონური ალერგია და როგორია მკურნალობის საუკეთესო გზა - ნინო მჭედლიშვილის რჩევები

არის თუ არა ალერგია განკურნებადი, რამდენად საშიშია სეზონური ალერგიები და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა – გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ საინტერესო საკითხებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი საუბრობს…

ქალბატონო ნინო, როგორც ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის სტატისტიკა გვამცნობს, წელს თბილისსა და მის შემოგარენში კვიპაროსის ყვავილის მტვრის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, რომელიც წინა წლების მონაცემებთან შედარებით უფრო მაღალია. საინტერესოა, რით შეიძლება ეს აიხსნას?

ნინო მჭედლიშვილი: ეს ნამდვილად აქტუალური თემაა. მიუხედავად მაკონტროლებელი პრეპარატების მიღებისა, წელს იმდენი გამწვავებული პაციენტი გვყავდა, რამდენიც აქამდე არ გვყოლია. ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. კლიმატური ცვლილებების პირობებში რაც უფრო დიდხანს გრძელდება თბილი პერიოდი, შესაბამისად დიდხანს გრძელდება მცენარეთა ყვავილობა და პოლინაცია. ერთი პერიოდი, როდესაც წვიმები იყო, ჰაერიდან მცენარეული მტვერი ჩამოირეცხა და პაციენტებმა იფიქრეს, რომ სეზონი დასრულდა. თუმცა ამას მზიანი და ქარიანი ამინდები მოჰყვა, რომელიც კვიპაროსის ყვავილობას დაემთხვა და შესაბამისად, ყვავილის მტვერი ქარმა უფრო დიდ მანძილზე გადააადგილა. თუ ადამიანს მცენარის და ამ შემთხვევაში, კვიპაროსის მტვერზე მომატებული მგრძნობელობა აქვს, ალერგენთან კონტაქტისას ორგანიზმი იწყებს თავდაცვითი სიმპტომების გამოვლენას მის მოსაცილებლად. სიმპტომების სახით შესაძლოა განვითარდეს ქავილი, ცრემლდენა, ცხვირის გაჭედვა და ა.შ.

ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაციას ჩვენ ბოლო რვა წელია შევისწავლით. ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე ქუთაისში და ბათუმში გვაქვს სპეციალური ჰაერის „დამჭერი“ მოწყობილობები, რომლებიც ჰაერის სინჯებს ყოველდღიურად იღებენ. სწორედ ასე ვამოწმებთ ყვავილის მტვრის კონცენტრაციას ჰაერში. წელს ეს მაჩვენებელი ნამდვილად ძალიან გაზრდილია და ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ  დედაქალაქსა მის შემოგარენში კვიპაროსების დარგვა ინტენსიურად მიმდინარეობს. კვიპაროსი იაფი და სწრაფად მზარდი ხე-მცენარეა,საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი, ამიტომ დიდი რაოდენობით ირგვება. თუმცა ფიჭვისგან და ნაძვისგან განსხვავებით კვიპაროსი  საკმაოდ ალერგიულია და ვფიქრობ ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული გამწვანების დროს.

რა პერიოდს მოიცავს კვიპაროსის დამტვერვის პერიოდი? ასევე საინტერესოა რა ფორმით შეიძლება გამწვავდეს ალერგია, რომელიც სურდოთი და ქავილით იწყება?

ნინო მჭედლიშვილი: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს აქვს სპეციალური კალენდარი, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზეც არის განთავსებული. კალენდარში დაწვრილებითაა მოცემული მონაცემები სხვადასხვა ხე-მცენარეების შესახებ, გაწერილია თუ რომელი ხე-მცენარე როდის იწყებს ყვავილობას. თუმცა ყოველდღიური პროგნოზი მაინც უფრო მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იყოს გამონაკლისები. მაგალითად კვიპაროსი, როგორც წესი თებერვლიდან იწყებს ყვავილობას, თუმცა გასულ წელს იყო შემთხვევა, რომ იგი ჯერ კიდევ დეკემბერში აყვავდა, რადგან თბილი ზამთარი იყო. ამიტომ ადამიანებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ, ყოველდღიურ პროგნოზს უნდა ადევნონ თვალი. კვიპაროსის მტვერი ჰაერში ყველაზე დიდი რაოდენობით მარტსა და აპრილში გვხვდება. მას შემდეგ, რაც კვიპაროსის დამტვერვა დასრულდება, გამოჩნდება უკვე სხვა ალერგენები, ბალახოვანი მცენარეების მტვრის სახით. ისინიც საკმაოდ ხანგრძლივად ყვავიან.გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ მცენარემ, რომელზეც ადამიანს ალერგია აქვს, შესაძლოა თბილისში დაასრულოს ყვავილობა, მაგრამ ეს პროცესი მოგვიანებით დაიწყოს მაღალმთიან რეგიონებში და უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. ასე რომ, თუ პაციენტმა იცის რაზე აქვს ალერგია, მან თვალი უნდა ადევნოს ცნობებს მცენარეული მტვრის გავრცელების შესახებ იმის მიხედვითაც, თუ სად იმყოფება.

ქალბატონო ნინო, რაკი მაღალმთიანი რეგიონები ვახსენეთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ უხსოვარი დროიდან გავრცელებულ მითზე, რომ მცენარეების დამტვერვის პერიოდში მთაში სიარული სასარგებლოა. ეს განსაკუთრებით იმ ბავშვებს ეხებათ, ვისაც ხველის პრობლემა აქვს. მშობლებს ისინი ხშირად მიჰყავთ მთაში სწორედ მცენარეების დამტვერვის პერიოდში. მითია ეს თუ სინამდვილე? არის თუ არა მთაში ყოფნა სასარგებლო მცენარეების დამტვერვის პერიოდში?

ნინო მჭედლიშვილი: ეს სამწუხაროდ მითია, რადგან არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულები და კვლევები, რომლებიც ადასტურებს მცენარეული მტვრის დადებით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. კურორტზე სიარული ყოველთვის კარგია, რადგან სუფთა ჰაერი სასარგებლოა, თუმცა არანაირი მტკიცებულება მცენარეული მტვრის მოტანილ სარგებელზე არ გვაქვს. პირიქით, ზოგი ადამიანისთვის ის შეიძლება საშიშიც იყოს, რადგან მქონია შემთხვევა, როდესაც ნაძვის მტვერმა ისეთი სერიოზული ბრონქოსპაზმი გამოიწვია, რომ პაციენტი პირდაპირ რეანიმაციაში მოხვდა. ასე რომ, უნდა დავიცვათ ზომიერება. თუნდაც ის ფაქტი, რომ რაღაც მცენარე ხალხურ მედიცინაში გამოიყენება არ ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა.

საინტერესოა აქვს თუ არა ალერგიას თვისება, რომ გაჩნდეს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე? რა ტიპის ალერგიაა ეს და როგორ შეიძლება  ის ამოვიცნოთ? ზოგადად როდის შეიძლება ალერგია გაჩნდეს და როგორ?

ნინო მჭედლიშვილი: სამწუხაროდ ალერგიას არ აქვს ასაკი. შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება არ იყოს ალერგიული და ხანდაზმულ ასაკში გამოუვლინდეს ალერგია. მე პირადად მყავდა პაციენტი, რომელსაც სეზონური ალერგია ყვავილის მტვერზე პირველად 85 წლის ასაკში გამოუვლინდა. ქალბატონი ძალიან გაოცებული იყო, რადგან იქამდე მას არანაირი ალერგია არ ჰქონია.

თუმცა რასაკვირველია, მაინც არსებობს გარკვეული მოცემულობები და ვიცით ზოგადად როდის იწყება და სრულდება გარკვეული კვებითი ან მცენარეული ალერგიები. მაგალითად ბავშვთა ასაკში, სადღაც 3 წლამდე მთავარი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პური ფქვილი, სოიო და არაქისი.  3 წლის ასაკიდან კვებითი ალერგიები პაციენტების 65%-ში იკარგება, 6 წლის ასაკისთვის კი ის უკვე 90%-ში აღარ გვხვდება. 3 წლის ასაკიდან წინა პლანზე მოდის ალერგიები გარემო-ფაქტორებზე. თუ ადამიანს ადრეულ ასაკში კვებითი ალერგია ჰქონდა, დიდი შანსია რომ მას მოგვიანებით გარემო-ფაქტორებზეც განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. თავიდან ალერგია გამოიხატება ურტიკარიით, ქავილით, ატოპიური დერმატიტით, კანის აქერცვლით, ლოყების სიწითლით, ჭინჭრის ციებით და ა.შ. კვებითმა ალერგიამ შეიძლება სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციაც გამოიწვიოს. ასე რომ, როდესაც ბავშვებში ვიწყებთ დამატებით კვებას, აუცილებელია გავეცნოთ ოჯახურ ანამნეზს. თუ ბავშვის რომელიმე მშობელს, ძმას ან დას აქვს სერიოზული კვებითი ალერგიების ისტორია, მაღალ-ალერგიული პროდუქტების მიცემა სიფრთხილით უნდა მოხდეს. პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როდესაც იოგურტის პირველივე კოვზმა ხორხის შეშუპება გამოიწვია.

ერთ პროდუქტზე ალერგია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სხვა საკვებ პროდუქტებზეც ექნება ალერგია. ხშირად მინახავს, რომ ბავშვს ეკრძალება მთელი რიგი პროდუქტების მიღება, რაც ბუნებრივია იწვევს მისი ფიზიკური განვითარების შეფერხებას და წონაში ჩამორჩენას. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა, რათა მივხვდეთ რა ამოვიღოთ მენიუდან, რა დავტოვოთ და როგორ ვკვებოთ ბავშვი, რომ ის სრულფასოვნად განვითარდეს.

საშუალოდ 3 წლის ასაკიდან წინა პლანზე მოდის უკვე ალერგიები გარემო-ფაქტორებზე, მაგალითად მცენარეებზე, მტვრის ტკიპებზე, ნესტის სოკოს პორებზე და ა.შ. მშობლები ხშირად სვამენ კითხვებს შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით, აინტერესებთ იყოლიონ თუ არა კატა ან ძაღლი და როდის შეიძინონ ცხოველი. კვლევებით დადასტურებულია, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდანვე ცხოველთან ერთად ცხოვრობენ, მომავალში ალერგიის განვითარების უფრო დაბალი შანსი აქვთ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოველებს უკვე სკოლამდელ ასაკში იძენენ.

შეიძლება თუ არა კვიპაროსის გარდა სხვა

მცენარეებიც გამოვყოთ, რომლებიც განსაკუთრებით ალერგიულია და შეიძლება თუ არა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა იყოს ერთგვარი გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ პოლინაციის პერიოდში დროებით მოვშორდებით იმ ადგილს, სადაც ალერგენი მცენარის მტვრის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია გვხვდება?

ნინო მჭედლიშვილი: ეს ცოტა რთული საკითხია, რადგან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ასე მარტივი არ არის და ზოგადად ადამიანს სურს გააგრძელოს ცხოვრება იქ, სადაც ცხოვრობს. თუმცა უახლოეს წარსულში მქონდა შემთხვევა, როდესაც ორსულმა ქალბატონმა, რომელსაც კვიპაროსზე ჰქონდა ალერგია,მედიკამენტების მიღებას დროებით ყაზბეგში გადასვლა არჩია. ყაზბეგში კვიპაროსები მინიმალური რაოდენობით გვხვდება. მართალია არსებობს მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც ორსულებში ნებადართულია, მაგრამ ამ ქალბატონმა არჩია დროებით  შეეცვალა ლოკაცია, რადგან ჰქონდა ამის საშუალება. ზოგადად ამ პერიოდში, როცა დისტანციურად ბევრი ადამიანი სწავლობს და მუშაობს, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მარტივი გამოსავალი არის იმუნოთერაპიის გავლა. არსებობს სამწლიანი, ალერგენ-სპეციფიური იმუნოთერაპია, რომელსაც ანტიალერგიულ აცრას ვუწოდებთ. მისი საშუალებით შესაძლებელია საერთოდ მოვიშოროთ ალერგია კონკრეტულ ალერგენზე და შემდეგ იქ ვიცხოვროთ, სადაც გვინდა და იმდენ ხანს დავრჩით კონკრეტულ ადგილას, რამდენ ხანსაც გაგვიხარდება.

-განვიხილოთ ალერგიის გართულებები, რა სახის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამ და ზოგადად იკურნება თუ არა ის? ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ალერგია არ იკურნება. ასეა თუ არა ეს?

ნინო მჭედლიშვილი: მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ ნახსენები სამწლიანი ალერგენ-სპეციფიური იმუნოთერაპიის შედეგად ფაქტიურად შესაძლებელია ალერგიისგან განკურნება, რადგან პაციენტების დიდ ნაწილში ალერგიული სიმპტომები აღარ ვლინდება. როდესაც პაციენტის კანის სინჯით თუ სისხლში არსებული იმუნოგლობულინებით დასტურდება გადამეტებული მგრძნობელობა რომელიმე ალერგენის მიმართ, შესაძლებელია დაინიშნოს იმუნოთერაპია. აღნიშნული თერაპია, რომელსაც ანტიალერგიულ აცრას ვეძახით, 6 წლის ასაკიდან ინიშნება და სამ წელს გრძელდება. ის მოიცავს ინექციების კურსს. ინექციები ყოველ 30 დღეში ერთხელ კეთდება და მათი საშუალებით ორგანიზმი ტოლერანტული ხდება იმ კონკრეტული ალერგენების მიმართ, რომელზეც მას მომატებული მგრძნობელობა აქვს. რასაკვირველია მედიცინაში 100%-იანი არაფერია და არც ეს თერაპია, თუმცა უდიდესი უმრავლესობისათვის იმუნოთერაპია ძალიან შედეგიანია. თუ ადამიანს მომატებული მგრძნობელობა დაეკარგა ამ თერაპიის შემდეგ, მას აღარ დასჭირდება არანაირი მედიკამენტი, რადგან აღარ ექნება არანაირი სიმპტომი და ის ბუნებრივია შეიძლება განკურნებულად ჩაითვალოს. ჩვენ გვყავს უამრავი პაციენტი, ვინც მუდმივად მოიხმარდა ცხვირში შესასხურებელ, ცრემლდენის საწინააღმდეგო და სხვა ანტიალერგიულ პრეპარატებს, რომლებიც მათ აღარ სჭირდებათ.

6 წლის ასაკამდე იმუნოთერაპია არ ინიშნება. ამ ასაკში მხოლოდ ალერგიის კონტროლი შეგვიძლია. ამ დროს შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის ალერგიული რინიტი, ქავილი, ცრემლდენა, ხველა. თუ აერო-ალერგენის ჩასუნთქვა დიდი რაოდენობით მოხდა, შეიძლება განვითარდეს ასთმა ანუ ბრონქების მომატებული მგრძნობელობა. ასთმა შეიძლება განვითარდეს სპეციფიურ ცილებზე რეაქციის შედეგად, ან ინფექციის ფონზე. აღსანიშნავია, რომ ასთმის ერთ-ერთი გამომწვევი არის გამონაბოლქვი, ეს კვლევებითაა დადასტურებული. შესაბამისად იმ ბავშვებს, რომლებიც დიდ ქალაქებში, მწვანე სივრცეებისაგან მოშორებით ცხოვრობენ, ასთმის ჩამოყალიბების უფრო დიდი შანსი აქვთ. იმ ბავშვებს კი, ვინც სოფელში და ფერმაში ცხოვრობს, ასთმა ნაკლებად ემართებათ.

ასთმის ჩამოყალიბებაზე და სხვა ალერგიული დაავადებების განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს დედის მწეველობა, ისევე როგორც საკეისრო კვეთა და ანტიბიოტიკების მოხმარება. მაგალითად პარაცეტამოლი ზრდის მსტვენი სუნთქვის განვითარების რისკს ადრეულ ასაკში. ეს ყველაფერი ნამდვილად ახდენს გავლენას ალერგიული დაავადებების განვითარებაზე.

არსებობს თეორია „ატოპიური მარში“, რომლის თანახმადაც საწყის ეტაპზე ბავშვებში გამოიხატება ატოპიური დერმატიტი, შემდეგ ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი და ბოლოს ასთმა, ბრონქების მგრძნობელობა გარკვეული ცილების მიმართ.

ასთმა ერთ-ერთ დაავადებაა, რომლისაც საქართველოში ძალიან ეშინიათ, ეს ძალიან დიდი სტიგმაა, რადგან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ასთმა ყოველდღიურ აქტივობას ძალიან ზღუდვას. თუმცა სულაც არ არის საჭირო, რომ ასე ხდებოდეს. თუ ასთმას სწორად ვმართავთ, ის სულ არ არის საშიში დაავადება და არც არანაირი აქტივობის შეზღუდვას არ საჭიროებს. საუკეთესო მაგალითად გამოდგება თუნდაც დევიდ ბექჰემი, რომელსაც ასთმა სულ არ უშლიდა ხელს, ჰქონოდა აქტიური საფეხბურთო კარიერა. თუ ასთმა კონტროლქვეშ არის, ადამიანს შეუძლია ცხოვრების სრულფასოვანი ხარისხი შეინარჩუნოს და დაკავდეს ნებისმიერი სასურველი აქტივობით.

ნინო, მინდა გკითხოთ აერობიოლოგიური სამსახურის შესახებ, რომელიც პროგნოზს აკეთებს. ამ სიახლემ ჩვენი და განსაკუთრებით იმ ადამიანების ცხოვრება გაამარტივა, ვისაც სეზონური ალერგია აწუხებს. უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ ამ სამსახურის შესახებ, რა ტიპის დიაგნოსტიკას აკეთებს ეს სამსახური და რაში გვეხმარება?

ნინო მჭედლიშვილი: ეს სამსახური ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში. უამრავ ქვეყანაში აერო-ბიოლოგიური სამსახურის მიერ გაკეთებული პოლინაციის პროგნოზი მიბმულია ამინდის პროგნოზზე და ადამიანები მას ყოველდღიურად ეცნობიან. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან მასზე დაყრდნობით ისინი გეგმავენ დღეს, ექსკურსიას, გარე აქტივობებს. მათ იციან როდის შეზღუდონ ბუნებაში გასვლა, როდის შეცვალონ მედიკამენტის დოზა, რომელსაც იღებენ ა.შ. აერო-ბიოლოგიურ კვლევას აწარმოებს სპეციალური მანქანა – მთვლელი, რომელიც ჰაერში შეწონილი ალერგენების კონცენტრაციას იჭერს. მონაცემები ფასდება სპეციალისტების მიერ, რომლებიც სინჯებს მიკროსკოპში ათვალიერებენ და ადგენენ, თუ რომელი მცენარის ყვავილის მტვრის მარცვალმა მოიმატა ამ კონკრეტულ დღეს, იქნება ეს ხე-მცენარე, ბალახი, ნესტის სოკო თუ სხვა. შესაბამისად სპეციალისტებს აქვთ საშუალება, მიაწოდონ პაციენტებს ინფორმაცია ყოველდღიურად. როდესაც ადამიანმა იცის, რომ აქვს ალერგია კვიპაროსის მტვერზე და გეგმავს გარე აქტივობას, მას ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლია გადადოს ბუნებაში გასვლა სხვა დღისათვის, ან ექიმთან შეთანხმებით გაზარდოს პროფილაქტიკური მედიკამენტის დოზა.

მინდა გკითხოთ სეზონური ალერგიის დიაგნოსტირებაზე. კონკრეტულად სეზონური ალერგიის დიაგნოსტირება რა ფორმით ხდება, რა ტიპის კვლევები ტარდება და როდიდან დაიწყო საქართველოში ალერგიის საწინააღმდეგო აცრა, ანუ იმუნოთერაპია იგივე თქვენი ცენტრის მაგალითზე?

ნინო მჭედლიშვილი: სეზონური ალერგიის დიაგნოსტირება ასაკის მიხედვით ხდება. თუ პაციენტი 3 წელზე უფროსი ასაკისაა, საუკეთესო მეთოდია კანის პრიქტესტირება, ანუ კანის ზედაპირზე ალერგენის დაწვეთება და შემდეგ ოდნავ გაკაწვრა. თუ პაციენტს ალერგიული სიმპტომები ყოველთვის წლის ერთსა და იმავე პერიოდში უვითარდება, რასაკვირველია ვფიქრობთ სეზონურ ალერგიაზე. თუ სიმპტომები თებერვალი-აპრილის პერიოდშია გამოხატული, ცხადია უფრო კვიპაროსზე ვფიქრობთ. ამ დროს სხვა მცენარეებიც ყვავიან, როგორიც არის მაგალითად თელა, მაგრამ სხვა მცენარეების ალერგენული პოტენციალი არის გაცილებით დაბალი. ყველაზე მაღალი ალერგენული პოტენციალი აქვს მაინც კვიპაროსს, ავშანს, ამბროზიას და ბალახოვან მცენარეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვა მცენარეებთან შედარებით გაცილებით ხშირად იწვევენ ალერგიას. მახსოვს, ერთი პერიოდი საუბარი იყო ჭადრებზე და მათი გაკაფვის საკითხიც კი დაისვა. არადა აღმოჩნდა, რომ ჭადარი გაცილებით ნაკლებად ალერგიულია და სინამდვილეში ალერგიულ რეაქციებს მისი ყვავილობის ეტაპზე იწვევს სწორედ კვიპაროსის, მარცვლოვნების და ბალახოვანი მცენარეების მტვერი,რომლების დამტვერვაც ემთხვევა ჭადრების ყვავილობას. ჭადრის ბუსუსებმა შესაძლოა მხოლოდ ადგილობრივი, მექანიკური გაღიზიანება გამოიწვიოს.

კანის სინჯები უფრო მარტივი და იაფი მეთოდია, თუმცა პაციენტს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული ანტიალერგიული მედიკამენტი, რადგან ისინი კანის რეაქტიულობას თრგუნავენ.  თუ პაციენტი ვერანაირად ვერ წყვეტს ანტიალერგიულ პრეპარატს და დიაგნოზის დასმაც გვეჩქარება, შესაძლოა ჩატარდეს სპეციფიური იმუნოგლობულინების ტესტი იმუნოკაპით, რომელიც ალერგო-დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება მსოფლიოში. ანამნეზის მიხედვით რაზეც გვაქვს ეჭვი, იქნება ეს მცენარეული ან ცხოველური ალერგენები თუ სოკოს სპორები, ერთჯერადად სისხლის აღებით მივიღებთ ამაზე ინფორმაციას. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან სანდო, მაღალი სტანდარტის დიაგნოსტიკის მეთოდი, ე.წ. აიზაკი ანუ იმუნოჩიპის მეთოდი. ის მოლეკულურ დიაგნოსტიკას ემყარება და სისხლის ერთი ნიმუშის შემოწმებისას 112 კომპონენტზე გვაძლევს ინფორმაციას. როდესაც სახეზეა პოლისენსიბილიზაცია, ანუ ადამიანს ბევრ ალერგენზე აქვს მომატებული მგრძნობელობა და ვეღარ ვიგებთ იგივე აცრით რომელს ვუმკურნალოთ, აიზაკის კვლევა არჩევს ექსტრემალურად მაღალი ალერგენული პოტენციალის მქონე, მთავარი „დამნაშავე“ ალერგენი და რომელი ალერგენები რეაგირებენ მთავარ გამომწვევებზე ჯვარედინი რეაქციების გზით. ეს ძალიან მაღალ-ინფორმაციული კვლევაა, თუმცა ძვირადღირებული და არა-რუტინული, ეს კვლევა ინიშნება მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც მრავალ ალერგენზე აქვთ მომატებული მგრძნობელობა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რაზეა ადამიანი ალერგიული. მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტ ბავშვს ფაქტიურად ყველა საკვები პროდუქტის მიღება ჰქონდა აკრძალული, რადგან კვლევის ჩატარებამდე მშობლებმა არ იცოდნენ, თუ რაზე იყო ის ალერგიული. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ალერგია მხოლოდ თევზზე და კივზე, ერთ კონკრეტულ კომპონენტზე ჰქონდა. დიაგნოსტიკა გვაძლევს რეალურ სურათს, შეგვიძლია შევაფასოთ მდგომარეობა, შევაფასოთ რისკები და ვმართოთ არსებული ალერგია.

აუცილებლად მინდა გკითხოთ ანტიალერგიულ ვაქცინაზე. როდის სთავაზობთ პაციენტებს ვაქცინას, რაზეა დამოკიდებული დავიწყებთ თუ არა იმუნოთერაპიას კონკრეტულ პაციენტთან და რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა?

ნინო მჭედლიშვილი: ამ ინექციას ანტიალერგიულ ვაქცინას იმიტომ ვუწოდებთ, რომ პაციენტისთვის უფრო ადვილად გასაგები იყოს მისი არსი. მას ეწოდება ანტიალერგიული ნემსი, allergy shot და შეიცავს მხოლოდ იმ ექსტრაქტს, რაზეც ადამიანს აქვს ალერგია. თუმცა ეს ექსტრაქტი არის გასუფთავებული, დამუშავებული, ორგანიზმისათვის მისი მიწოდება იწყება ძალიან დაბალი დოზით. მთავარი მიზანი არის ორგანიზმი მივახვედროთ, რომ ეს ნივთიერება მისთვის საშიში არ არის და ნელ-ნელა მივაღწიოთ ტოლერანტობას, რის შემდეგაც გადამეტებული მგრძნობელობა მოიხსნება და ადამიანს აღარ დასჭირდება მედიკამენტები. ეს არის ანტიალერგიული ნემსის მოქმედების პრინციპი. ის განსხვავდება ვაქცინებისაგან, რადგან მასში არ შედის არც წამალი და არც სხვა კომპონენტები, გარდა ექსტრაქტისა. ანტიალერგიული ნემსი კეთდება ექიმის მეთვალყურეობით და დოზის გაზრდის დროსაც ექიმი წყვეტს.

გარდა ნემსისა, არის ასევე ორალური წვეთები, რომლებიც  გამოიყენება იმუნოთერაპიის დროს. პაციენტები მათ სხვადასხვა ინტენსივობით იღებენ იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანიის დამზადებულია. მაგალითად ის წვეთები, რაც ახლა შემოდის საქართველოში, ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. ეს ცოტა ძნელია პაციენტებისათვის, რადგან მათ ხანდახან ავიწყდებათ პრეპარატის მიღება, ეს კი ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს იმავე შედეგს, რასაც უწყვეტი ციკლი. სწორედ ამიტომ, ბევრი პაციენტი ორალურ წვეთებს თვეში ერთ ინექციას ამჯობინებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი