რა უნდა ვიცოდეთ ასთმის შესახებ და როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას - ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაკა რუხაძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან"

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის სეზონური ალერგიებისა და ასთმის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტი და უნდა აიცრან თუ არა ალერგიული ადამიანები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – საინტერესო საკითხებზე გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაკა რუხაძე საუბრობს…

-ქალბატონო მაკა, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დავიწყოთ საუბარი დღევანდელი მთავარი თემით, ასთმით. დღეს ასთმის საერთაშორისო დღეა და ამ დღის მთავარი ამოცანა ასთმის შესახებ ცნობადობის ამაღლება და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ასთმა არის დაავადება, რომლითაც ადამიანები სრულფასოვნად ცხოვრობენ, თუ ის სწორადაა მართული. საინტერესოა, არის თუ არა ის კავშირში გენეტიკურ ფაქტორებთან, რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ასთმა და როდის უნდა დაისვას ასთმის დიაგნოზი?

მაკა რუხაძე: ასთმა ალერგოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დღეისათვის მსოფლიოში ეს დიაგნოზი 350 მლნ ადამიანს აქვს დასმული. ეს დიდი რიცხვია. ასთმის დღის აღნიშვნა ეძღვნება სწორედ ასთმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს როგორც ჯანდაცვის პროფესიონალების, ასევე პაციენტებისათვის. ასთმის დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ და ყოველ წელს მას საინტერესო სლოგანი აქვს. ბუნებრივია, წელსაც გვაქვს სლოგანი, რომელიც ასთმის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული მითების მსხვრევას ემსახურება. მცდარი შეხედულებების გამოვლენა და გამოაშკარავება უნდა მოხდეს, რათა ადამიანებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ასთმის დიაგნოსტიკა და მართვა. რა მითები არსებობს ზოგადად ასთმის შესახებ საზოგადოებაში? მაგალითად, არის ასეთი შეხედულება, რომ ასთმა არის ბავშვთა პოპულაციის პათოლოგია. რასაკვირველია, ეს წარმოდგენა მცდარია. მითია ისიც, რომ ასთმა ინფექციური პათოლოგიაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასთმის ტიპი – ვირუს-ინდუცირებული ასთმა, რომელიც ვირუსით ინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს, ასთმა ინფექციური დაავადება არ არის. ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. ასთმის მართვის გაიდლაინი ყოველწლიურად ახლდება და მასში ყოველწლიურად შედის ცვლილებები. არის მითი, რომ ასთმის მკურნალობა აუცილებლად მაღალდოზიანი სტეროიდებით უნდა მოხდეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თუ ასთმა დროულად და სწორადაა დიაგნოსტირებული, თუ შერჩეულია სწორი მედიკამენტური მკურნალობა და არსებობს ასთმის მართვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ალერგოლოგის მიერ ჩამოყალიბებულია ინდივიდუალურად ამ პაციენტისთვის, თუ პაციენტმა უკვე იცის, როგორ მართოს ასთმა, მას არ დასჭირდება სტეროიდები. მომდევნო მითი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც ასთმა აქვს, უნდა აეკრძალოს სპორტული აქტივობები და ფიზიკური დატვირთვა. არადა ფიზიკური დატვირთვა იმ შემთხვევაში, როცა ასთმა სწორადაა მართული, სრულიად გამართლებულია. უამრავი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი არსებობს სხვადასხვა სპორტის სახეობაში, რომლებმაც წარმატებებს მართული ასთმის პირობებში მიაღწიეს.

რაც შეეხება სიმპტომებს, საინტერესოა, რომ ქართულად „ასთმა“ სულის ხუთვას ნიშნავს. ამ დროს შეიძლება სახეზე იყოს სხვა კლინიკური ნიშნებიც, ისეთი როგორიცაა ხველა, ხიხინი ე.წ. „ვიზინგი“, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, გულ-მკერდის შებოჭილობის შეგრძნება და ა.შ. ამ სიმპტომების გამოვლენა მნიშვნელოვანია. მათი არსებობის შემთხვევაში ოჯახის ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა გადაამისამართოს პაციენტი ალერგოლოგთან, რათა მოხდეს დიაგნოსტიკა.

დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასთმის სახე-სხვაობები ძალიან განსხვავებულია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ასთმა შეიძლება იყოს ვირუს-ინდუცირებული, სიმსუქნით გამოწვეული, მულტი-ტრიგერული, ასევე ადრეული ასაკიდან გამოვლენილი, მემკვიდრული განწყობის გამო განვითარებული ატოპიური ასთმა და ა.შ. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი და ტრიგერები, რომლებიც სიმპტომების პროვოცირებას და გამოვლენას უწყობენ ხელს. თუ მსგავსი ნიშნებია სახეზე, აუცილებლად უნდა მივმართოთ ალერგოლოგს. დღეს არსებობს სპეციალური მარკერები, რომლითაც ხდება ფუნქციური დიაგნოსტირება, სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტიკის შეფასება. ასთმის მონიტორინგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია დაისვას სწორი დიაგნოზი და შეფასდეს მდგომარეობის სიმძიმე. არსებობს მსუბუქი, საშუალო და მძიმედ მიმდინარე ასთმა, ასევე კონტროლირებული და არა-კონტროლირებული. გამწვავების ტენდენცია აქვს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი მიმდინარეობის ასთმას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაავადება იყოს ყოველთვის კონტროლირებული.

არსებობს  ასთმის მკურნალობის საფეხურებრივი მიდგომა, ამიტომ მკურნალობისას შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სწრაფი მოხსნის მედიკამენტები, ასევე სხვა საშუალებები. ჩვენ ვიცით, რომ ასთმა ქრონიკული დაავადებაა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. ფილტვის ფუნქციური დიაგნოსტიკა 5 წლის ასაკიდან ტარდება, მაგრამ ჩვენი კოლეგების, პედიატრებისთვის კარგად ცნობილია, რომ არსებობს სპეციალური კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც ასთმის დიაგნოსტირება 5 წლამდე ასაკშიც არის შესაძლებელი. თუ სახეზეა კლინიკური ნიშნები, ანუ ბავშვს აქვს ხშირი გამწვავება,ხიხინი, გამწვავებებს შორის სპაზმური ხასიათის ხველა, ალერგია, ანუ ატოპიური მიმდინარეობაა გამოხატული, ეს ყველაფერი საყურადღებოა და ამ დროს პედიატრისა და ალერგოლოგის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია ასთმის ადრეულ ასაკში გამოვლენაც.

-შესაძლოა თუ არა ასთმის განკურნება? არა მკურნალობა, არამედ საბოლოოდ განკურნება? შეიძლება თუ არა ასთმა საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს? ასევე საინტერესოა,  შესაძლებელია თუ არა ასთმის პრევენცია იმ ადამიანებში, ვისაც ასთმის განვითარების რისკ-ფაქტორები აქვს, მაგალითად იმ ბავშვებში, ვისაც ბრონქო-სპაზმი ხშირად უვითარდება?

მაკა რუხაძე: რაც შეეხება განკურნებას, გააჩნია ასთმის ტიპს. თუ ეს ვირუსით ინდუცირებული ასთმაა, შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ალაგდეს, მაგრამ თუ ეს არის ასთმა, რომელიც დაიწყო ატოპიური დერმატიტით და განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით, ეს სხვა საქმეა. რა არის ასთმის განვითარების რისკ-ფაქტორები? თუ ბავშვს მცირე ასაკში ჰქონდა კვებითი ალერგია, შემდეგ შეიძლება განვითარდეს  რეაქცია უკვე ჰაერში არსებული ალერგენების მიმართ. ასეთ დროს ექიმს და მშობელს დიდი ყურადღება მართებთ, რადგან  თუ ადრეულ ასაკში ხდება ამ რეაქციების მართვა, შეიძლება თავიდან ავიცილოთ მომავალში  ასთმის ჩამოყალიბება. დღეს ასთმის კონტროლის მიღწევა შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ასთმის გამწვავება არ აღინიშნება. ამიტომ არსებობს ასთმის  მკურნალობის საფეხუროვანი მიდგომაც, რომ მდგომარეობის შეფასება კონკრეტულ სიტუაციაში ხდება და პაციენტი ხან ამ საფეხურზეა, ხან იმ საფეხურზე. ასთმის არცერთი საფეხური არ არის განაჩენი და  არც სულ ერთი და იგივე მედიკამენტით მკურნალობაა საჭირო. მკურნალობა ადეკვატურად ერგება კონკრეტულ საფეხურებს, რომელზეც იმყოფება პაციენტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა აღვნიშნო, ეს არის კომორბიდული ანუ თანმხლები დაავადებები.  არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც ხშირად გვხვდება ასთმასთან ერთად სხვა დაავადება, მაგალითად ხშირად ასთმას ერთვის ალერგიული რინიტი, სეზონური ან ქრონიკული. სტატისტიკა ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს როგორც ასთმა, ასევე ალერგიული რინიტი და მეტიც, ხშირად სწორედ წლების განმავლობაში უკონტროლოდ მიშვებული ალერგიული რინიტი ხდება ასთმის ჩამოყალიბების მიზეზი, ამიტომ დროული დიაგნოსტიკის  როლი უდიდესია პრევენციის საკითხში.

კლინიკური ნიშნების თავისებურებები და მრავალფეროვნებები მნიშვნელოვანია, რადგან ასაკობრივადაც სხვადასხვა ფენოტიპთან გვაქვს საქმე. შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება არ ჰქონდეს ასთმა, მაგრამ მოგვიანებით ასაკში განვითარდეს. ეს განსაკუთრებით ქალბატონებში, ჰორმონალური დისბალანსის ფონზე ხდება ხოლმე. ამიტომ ყველა ნიუანსს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აუცილებელია ვიცოდეთ, რა ტიპის ასთმასთან გვაქვს საქმე და დროულად მივიღოთ ზომები.

რაც შეეხება ასთმის სეზონურ მიმდინარეობას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პოლინოზი. ეს სეზონური ხასიათის ალერგიული დაავადებაა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მცენარეების მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობით. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ჰიპერ-მგრძნობელობა კონკრეტული მცენარის ყვავილის მტვერზე და ეს სეზონურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მცენარის ყვავილობის სეზონის დასრულებისთანავე ალერგიული რეაქციებიც სრულდება.

რადგან უკვე ვახსენეთ სეზონური ალერგია, აუცილებლად მინდა გკითხოთ  ბალახების და მარცვლოვნების შესახებ. ეს საკითხი ახლა განსაკუთრებით აქტუალურია. რა ტიპის ალერგიაა ეს, როგორ შეიძლება მისი დიაგნოსტირება და როგორ შეიძლება ადამიანი თავისით მიხვდეს,  რომ მას ამ ტიპის ალერგია აქვს? ასევე საინტერესოა, რა სიმწვავით შეიძლება წავიდეს ეს ალერგია?

მაკა რუხაძე:  ნამდვილად, ეს საკითხი ახლა აქტუალურია, რადგან ბალახების და მარცვლოვნების ყვავილობა უკვე დაიწყო. ალერგოლოგები გამოვყოფთ მცენარეთა  პოლინაციის, ანუ ყვავილობის ჩვენთვის მნიშვნელოვან სამ პერიოდს.პირველი არის ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თითქმის უკვე დასრულდა. ის იწყება იანვრის ბოლოდან. შემდეგი ეტაპი არის ბალახების და მარცვლოვნების ყვავილობის პერიოდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბალახებსა და მარცვლოვნებს შორის არის ტიმოთელა.  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცენარეულ ალერგენებზე, ყურადღებას ვამახვილებთ ჰაერით დამმტვერავ მცენარეებზე და არა მწერებით დამმტვერავ მცენარეებზე.

ქარით დამმტვერავი მცენარეების ყვავილის მტვრის მარცვალი შედარებით მცირე ზომისაა და ქარი მას დიდ მანძილზე ფანტავს, სწორედ ამიტომ ქარიან და მზიან ამინდში, როდესაც ბალახები და მარცვლოვნები აქტიურად ყვავიან, ჰაერში მტვრის კონცენტრაცია იზრდება და როცა ის ხვდება ცხვირის ან თვალის ლორწოვან გარსზე, იწვევს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას, გაღიზიანებას, ქავილს, ცემინებას, ცხვირის გაჭედვას, გამონადენს… ამ დროს შესაძლოა ასთმური პრობლემებიც გამწვავდეს.  მცენარეული პოლინაციის მესამე ეტაპი არის  სარეველების ყვავილობა.ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავშანი და ამბროზია. ისინი ზაფხულში იწყებენ ყვავილობას და ეს პერიოდი შემოდგომამდე გრძელდება.

ბალახების და მარცვლოვნების ყვავილობა ახლა იწყება, შესაბამისად მათი ყვავილის მტვრის მარცვალი ჰაერში აქტიურად გავრცელდება. გავრცელება პიკს აღწევს იმის მიხედვით, თუ როგორია მეტეოროლოგიური პირობები, თუმცა როგორც წესი, იმ პაციენტების მომართვიანობა, ვისაც ამ ტიპის მცენარეულ მტვერზე აქვს ალერგია, მაისის ბოლოდან იწყება და ივნისში განსაკუთრებით მაღალია.

მცენარეულ მტვერს კიდევ ერთი თავისებურება აქვს – ზოგი მცენარის მტვრის მარცვალი ნაკლებ ალერგიული თავისებურებებით გამოირჩევა. არიან მცენარეები საშუალო ალერგენული და ძლიერი ალერგენული თვისებებით. ტიმოთელა ბალახებსა და მარცვლოვნებში განსაკუთრებით მძლავრი ალერგენია, სარეველებში ასეთია ამბროზია და ხე-მცენარეებში კვიპაროსი. ისინი არიან მაღალი ალერგენული თვისებების მატარებლები.

ხშირად ადამიანები, ვისაც ამ სეზონზე ალერგია აწუხებს ამბობენ, რომ მათ ალერგია აქვთ  ჭადრის და ალვის ხის ბუსუსებზე რომლებიც ამ დროს ჰაერში დაფრინავენ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ბუსუსები იწვევენ ალერგიას, არადა ამ დროს როგორც ალვის ხეს, ასევე ჭადარს დასრულებული აქვთ ყვავილობა და ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვერი უკვე აღარ არის ჰაერში. ალვის ხე მარტიდან, ხოლო ჭადარი აპრილიდან ყვავის და აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი უკვე დასრულებულია.  ალერგიული თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცენარის ყვავილის მტვერი,რადგან სწორედ ის არის ალერგიული რეაქციის გამომწვევი და არა ბუსუსები. ეს ბუსუსები არის მცენარის ნაყოფი, რომელიც ცირკულირებს ჰაერში, თუმცა არანაირ ალერგენს არ წარმოადგენს. მან შეიძლება მხოლოდ მექანიკური გაღიზიანება გამოიწვიოს ლორწოვან გარსზე მოხვედრისას როგორც ალერგიულ, ასევე არაალერგიულ  ადამიანებში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ამოვიცნოთ სეზონური ალერგია – ამ დროს ხშირია როგორც თვალის, ასევე ცხვირის სიმპტომატიკა, ანუ ორივე ლორწოვანი გარსის ერთდროულად გაღიზიანება. მას არ ახლავს ტემპერატურის მატება, თუმცა სახეზეა ცხვირიდან წყალივით გამონადენი და შემაწუხებლად ხშირი ცემინება. უმნიშვნელოვანესი სიმპტომია ქავილი, რაც ალერგიული დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებში ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაძლოა სახეზე იყოს გამოხატული ცრემლდენაც. თუ ადამიანს ახსოვს, რომ გასულ წელსაც ჰქონდა ამავე დროს მსგავსი სიმპტომები, მით უმეტეს თუ მზიან, კარგ ამინდში ემართება ეს ყველაფერი, მან უკვე უნდა მიიტანოს ეჭვი სეზონური ალერგიაზე და მიმართოს სპეციალისტს.

საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია ალერგოლოგიური კალენდარი და აერობიოლოგიური სამსახური, რომელიც ფასდაუდებელ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, ვისაც სეზონური ალერგია აწუხებს. კალენდრის ხილვა დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ჩვენ ყოველკვირეულ ანონსს ვაქვეყნებთ და  ხდება პროგნოზირება, ადამიანებმა წინასწარ იციან თუ როდის, რომელ ტერიტორიაზეა ჰაერში მაღალი კონცენტრაციით კონკრეტული ალერგენი, რაზეც მათ ალერგია აქვთ. აერობიოლოგიური სამსახური მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ექიმების, ასევე მოსახლეობისათვის. რიგ ქვეყნებში მის მიერ მიღებული ინფორმაცია და ალერგოლოგიური პროგნოზი ამინდის პროგნოზთან ერთად ცხადდება. რაც უფრო მეტი ინფორმაცია  აქვს პაციენტს, ის უფრო კარგად ახერხებს სიმპტომების განვითარების პრევენციას. თუ მზადებას სეზონამდე ორი კვირით ადრე დავიწყებთ, თუ მივადევნებთ თვალს პროგნოზს და ამის მიხედვით დავგეგმავთ აქტივობებს, ეს სასიკეთოდ წაადგება პაციენტს და სიმპტომები შეუმცირდება. სწორედ აერობიოლოგიური კალენდარი აძლევს მოსახლეობას საშუალებას იცოდნენ, თუ რომელ პერიოდში რომელი მცენარეა ამ მხრივ აქტუალური. მნიშვნელოვანია კლიმატური თავისებურებებიც. თუ ბალახებმა და მარცვლოვნებმა ახლა დაიწყეს ჩვენთან ყვავილობა, ქვეყნის სხვა რეგიონებში ორ კვირაში დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მცენარეები უფრო ნაკლებად გვხვდება როგორც ზღვის სანაპიროებზე, ასევე მთაში.

თუ ადამიანს აქვს ეს სიმპტომები, მან უნდა მიმართოს ექიმს. შემდეგ  უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. პოლინოზის დროს ალერგიული რეაქცია შესაძლოა თვალზე, ცხვირზე და კანზეც კი გამოვლინდეს. თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს და არ უმკურნალებს მაგალითად ალერგიულ რინიტს, რომელიც წლებია აწუხებს, მას შეიძლება ასთმა განუვითარდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი ალერგენია პრობლემის გამომწვევი. საბედნიეროდ, დღეს ალერგოლოგიას  აქვს საშუალება დაადგინოს კონკრეტული ალერგენი ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად. მკურნალობის ყველაზე კარგი მეთოდია ალერგენსპეციფიური იმუნოთერაპია. როცა კონკრეტული ალერგენი ცნობილია, ამ დროს შეგვიძლია პაციენტს ვურჩიოთ ამ სახის მკურნალობა. ის ძალიან ეფექტურია. თუ პაციენტს აქვს ქრონიკული ალერგიული რინიტი, რომელიც წლიდან წლამდე მწვავდება და რთული ხასიათისაა, მას ეძლევა ამ სახის თერაპიით მკურნალობის რეკომენდაცია. ალერგენსპეციფიური იმუნოთერაპიით ბავშვთა ასაკშიც არის მკურნალობის შესაძლებლობა და მას არა მხოლოდ ამ ეტაპზე პრობლემის მოხსნა, არამედ ბავშვისათვის სამომავლოდ ასთმის განვითარების რისკის შემცირებაც შეუძლია.  ალერგენსპეციფიური იმუნოთერაპიის დაწყება შესაძლებელია 6 წლის ასაკიდან. არსებობს მისი პერორალური ფორმა, ყოველდღე მისაღები წვეთები, ასევე ტაბლეტები ან ყოველთვიური ინექციები.

ალერგენსპეციფიური იმუნოთერაპიის დროს კონკრეტული ალერგენი, რომელიც ადამიანისთვის უცხოა, ნელ-ნელა მცირე დოზებით შეიყვანება ორგანიზმში, რათა იმუნური სისტემა შეეგუოს მას და ორგანიზმი ტოლერანტული გახდეს მის მიმართ. ეს თერაპია 3-5 წელი გრძელდება და ძალიან ეფექტურია. რასაკვირველია, იმუნოთერაპიის პარალელურად საჭიროების მიხედვით გრძელდება ანტი-ანთებითი მედიკამენტებით მკურნალობაც. ცხადია, მკურნალობის პროცესს ექიმი-ალერგოლოგი მართავს და პრეპარატებსაც ის ნიშნავს.

-შემდეგი შეკითხვა კიდევ ერთ აქტუალურ თემაზე – დამტვერვის სეზონზე უნდა დავსვა. თითქმის ყოველი მეორე მშობელი კითხულობს, უნდა წაიყვანოს თუ არა ბავშვი მაისში მთიან კურორტებზე, სადაც მცენარეების დამტვერვის პერიოდია. რატომ არის ეს კითხვა ასეთი აქტუალური და რატომ ითვლება, რომ ხშირად მოავადე ბავშვი აღარ იავადებს ისე ხშირად თუ ის დაისვენებს იქ, სადაც მცენარეების დამტვერვა ხდება?

მაკა რუხაძე: დღესდღეობით დადგენილია, რომ ასთმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ჰაერის დაბინძურება და ამაში იგულისხმება არა მხოლოდ გამონაბოლქვი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, არამედ ალერგენები, მათ შორის მცენარეული მტვერი. მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალერგენი კვიპაროსის მტვერია, რომელიც ძალიან აბინძურებს ჰაერს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები განაშენიანებისას და დარგოს ისეთი მცენარეები, რომლებიც ნაკლებად ალერგენულია. რაც შეეხება ბავშვების გაყვანას ქალაქიდან, განსაკუთრებით ხშირად მოავადე ბავშვების, ზოგადად სუფთა ჰაერი შეუცვლელია მათთვის, ისევე როგორც ყველასთვის.  წვიმის შემდეგ წიწვოვან ტყეში გასეირნება ალერგიულ ადამიანსაც კი შეუძლია. ზოგადად ფიჭვი დაბალი ალერგენული თვისებების მატარებელია, მაგრამ ადამიანს თუ აქვს ეს პრობლემა, დამტვერვის პირობებში მას შესაძლოა ისეთი ძლიერი ბრონქო-სპაზმი განუვითარდეს, რომ მდგომარეობა გაუმწვავდეს და სამედიცინო დახმარების გაწევა გახდეს საჭირო. ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. კურორტოთერაპია ზოგადად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არა მხოლოდ დამტვერვის პერიოდში, არამედ ნებისმიერ დროს. თუმცა არანაირი სამედიცინო მტკიცებულება, რომ თუნდაც დამტვერვის პერიოდში იქ ყოფნა ხშირად მოავადე ბავშვთან რამეს აუმჯობესებს და დამტვერვის შემდეგ ის ნაკლებად იავადებს,  არ გვაქვს. ადამიანისთვის შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორიც აღმოჩნდეს ეს დამტვერვის პერიოდი, იგივე გირჩის მურაბა და ა.შ. ამიტომ აქ სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენ დღეს მითების მსხვრევაზე ვსაუბრობდით და შესაბამისად,უნდა დავამსხვრიოთ ეს მითიც. ზოგადად კურორტზე ყოფნა, სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მცენარეების მტვერი ბავშვების ავადობის სიხშირეზე მოქმედებს.

-ვისაუბროთ ჯვარედინ ალერგიებზეც. შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს, რომელსაც კვებითი ალერგია აქვს, სეზონური ალერგიაც დაემართოს ან კვებითი ალერგია გადაეზარდოს მცენარეულ ალერგიაში და პირიქით? შეიძლება თუ არა ერთი ტიპის ალერგიამ მეორე გამოიწვიოს ან ერთი ტიპის ალერგია მეორე ტიპის ალერგიად გადაიქცეს?

მაკა რუხაძე: ჯვარედინად მორეაგირე ალერგენები ნამდვილად არსებობს და ეს გამოწვეული ალერგენების მსგავსი ცილოვანი სტრუქტურებით. მაგალითად, თუ ადამიანს ჰიპერ-მგრძნობელობა აქვს ოთახის მტვრის მიმართ, შეიძლება მას ალერგია ჰქონდეს ზღვის პროდუქტების, მაგალითად კრევეტების მიმართ. თუ ადამიანს არყის ხეზე აქვს ალერგია, შესაძლოა უმ ბოსტნეულსა და ხილზეც განუვითარდეს ორალური ალერგიული სინდრომი, ანუ პირის ღრუში გარკვეული დასუსხვის შერძნება და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ეს ხდება შემთხვევათა 30%-ში. ჯვარედინი დამოკიდებულებები შეიძლება იყოს ნესვზე, ატამზე, პომიდორზე და ა.შ. არ არის აუცილებელი რომ ეს განვითარდეს და კლინიკურად გამოვლინდეს, მაგრამ მისი არსებობა დასაშვებია. ექიმი ასეთ პაციენტს ყოველთვის აფრთხილებს, რომ იყოს ყურადღებით და მიდრეკილების შემთხვევაში მიიღოს ხილ-ბოსტნეული არა უმი, არამედ მოთუშული სახით და ა.შ. დღესდღეობით შესაძლებელია ჯვარედინი კავშირების გამოაშკარავება სპეციალური მოლეკულური ტესტის მეშვეობით. ჯვარედინი კავშირები სხვადასხვა ტიპის ალერგენებს შორის არსებობს, ეს შეიძლება იყოს ხე-მცენარეები, ბალახები, მარცვლოვნები. შეიძლება მათ კვებით ალერგენებთანაც ჰჰქონდეთ ჯვარედინი კავშირები. თუ პაციენტს აქვს პოლისენსიბილიზაცია, ანუ მრავალ ალერგენზე მგრძნობელობა, მას დაენიშნება ეს ტესტი. ეს თანამედროვე კვლევა მულტი-ალერგენული სპექტრის შეფასებას და ალერგენების მოლეკულურ დონეზე გაშიფვრას გვთავაზობს. შესაბამისად შესაძლებელია ჯვარედინი კავშირების აღმოჩენა, შეფასება და განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ისინი. ექიმი ალერგოლოგის მიერ ხდება მდგომარეობის შეფასება და შემდეგ სპეციალისტი წყვეტს ჩაუტარდეს თუ არა ადამიანს ასეთი ტიპის დიაგნოსტიკა, რაც ჩვენთან ნამდვილად ტარდება დიდი წარმატებით და მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად. ექიმი ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად წყვეტს, დაინიშნოს თუ არა ესა თუ ის მედიკამენტი, დაინიშნოს თუ არა ალერგენსპეციფიური იმუნოთერაპია და რა სახის ინდივიდუალური რეკომენდაციები უნდა გაიცეს.

-ქალბატონო მაკა, დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია ალერგიული ადამიანების ვაქცინაცია. მას შემდეგ, რაც „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები დაფიქსირდა, ალერგიულ ადამიანებს ეშინიათ აცრების გაკეთების, მით უმეტეს იმათ, ვისაც წარსულში ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონია. რას ეტყვით ამ ადამიანებს?

მაკა რუხაძე: ისინი ყოველ მიზეზგარეშე უნდა აიცრან. აცრა აუცილებელია. თუ ჩვენ გვინდა, რომ პანდემია დროულად დავამარცხოთ, აუცილებელია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუკეთდეს აცრა. ალერგიულობა აცრის უკუჩვენება არ არის. თუ ადამიანს აქვს ალერგიული გამოვლინება, მან ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ექიმ-სპეციალისტს კონსულტაციისათვის, რომელიც გამოავლენს მისი ალერგიის თავისებურებებს, დაუსვამს ზუსტ დიაგნოზს, დაადგენს ეს ალერგიაა თუ ფსევდო-ალერგია. აუცილებელია, რომ ყველა ავიცრათ. თუ ადამიანს აქვს თუნდაც პოლინოზი, კონტროლირებული ასთმა ან ნებისმიერი მართული დაავადება, ეს აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. აცრის უკუჩვენებას მხოლოდ ორი მდგომარეობა წარმოადგენს: თუ ადამიანს ერთი დოზით აცრის შემდეგ გამოუვლინდა რეაქცია ან თუ ის ვაქცინის შემავსებელ  ნივთიერებაზეა ალერგიული. პირველ შემთხვევაში, პაციენტი მეორე დოზით არ იცრება. რაც შეეხება შემავსებლებს, “ფაიზერის“ შემთხვევაში ეს არის პოლიეთილენგლიკოლი, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში პოლისორბატი. თუ ადამიანს ჰიპერმგრძნობელობა აქვს რომელიმეს მიმართ, ის ამ კონკრეტული ვაქცინით არ უნდა აიცრას. მხოლოდ ეს ორი შემთხვევა წარმოადგენს ე.წ. “წითელ ზონას”, როცა ადამიანი არ იცრება. არის კიდევ “ყვითელი ზონა”, რომელშიც შედიან ის ადამიანები, ვისაც წარსულში ჰქონია ანაფილაქსიური რეაქცია ან რეაქცია საინექციო მედიკამენტზე. ამ დროს აუცილებელია რეფერალი სპეციალისტთან, რომელმაც უნდა მოახდინოს სწორი და ადეკვატური შეფასება და კონკრეტულ სიტუაციაში მისცეს ამ პაციენტს რჩევა, უნდა აიცრას ის თუ არა.

დღეისათვის არსებობს ეროვნული პროტოკოლი და რეკომენდაციები, რომლებიც ცნობილია პირველი რგოლის და აცრის კაბინეტში მყოფი ექიმებისთვისაც. აცრამდე ადამიანი ავსებს სპეციალური კითხვარს, რომლის საფუძველზეც დგინდება, ის უნდა აიცრას თუ არა. როდესაც ადამიანი იღებს ამ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, შემდეგ მიდის ასაცრელად და ავსებს ამ კითხვარს. შესაძლოა ის ალერგოლოგთან კონსულტაციაზე გადაამისამართონ. თუმცა იმ ადამიანებმა, ვინც ალერგიულია, თვითონ უნდა გაიარონ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაცია აცრაზე წასვლამდე და მიიღონ რჩევა ალერგოლოგისაგან.

მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ აცრა დღეს ერთადერთი გამოსავალია და თითოეული აცრილი ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს, არამედ თავის გარშემომყოფებს იცავს. ყველა აცრილი ადამიანი არის წინ გადადგმული ნაბიჯი პანდემიის დამარცხების გზაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი