რა მოხდება თუ ალერგიის დროს ნებისმიერ ანტიჰისტამინურ მედიკამენტს მივიღებთ - მაია გოთუა გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან"

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის სეზონური ალერგია, როგორ მოვახდინოთ ალერგიული ხველის დიფერენცირება და იკურნება თუ არა ალერგიული რინიტი – გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ აქტუალურ საკითხებზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გოთუა ისაუბრა.

-ქალბატონო მაია, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ვიდრე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ სეზონურ ალერგიებზე, საუბარი დავიწყოთ იმით, თუ საერთოდ რას წარმოადგენს სეზონური ალერგია, რა ეტაპებს მოიცავს და რა არის მასზე მოქმედი ფაქტორები?

მაია გოთუა: სეზონური ალერგია მცენარეთა ყვავილობის პერიოდებს ეფუძნება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ხდება ხე-მცენარეების ყვავილობა, მცენარის ყვავილის მტვერი საკმაოდ დიდი ზომისაა და როდესაც სასუნთქ სისტემაში ხვდება, ძლიერ ხველით რეფლექსს წარმოშობს. აღნიშნული ხველის გამო ალერგიული რეაქცია ხშირად სხვადასხვა ინფექციებში ეშლებათ. ვინაიდან ახლა პანდემიაა და სხვადასხვა ინფექციებისაგან მეტ-ნაკლებად დაცულნი ვართ ნიღბების ტარების გამო, უფრო ხშირად უნდა მივიტანოთ ეჭვი ალერგიაზე.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის გარდა არსებობს ზამთრის ალერგიაც, რომელსაც ზოგიერთი მცენარე იწვევს, მაგალითად კვიპაროსი. იგი გვიანდელი ზამთრის და ადრეული გაზაფხულის მიჯნაზე იწყებს ყვავილობას. კვიპაროსი ძლიერი ალერგენული თვისებების მქონე ხე-მცენარეა. ის ენდემური სახეობა არ არის, თუმცა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გვხვდება დედაქალაქში, რადგან აქტიურად იყენებენ გასამწვანებლად. კვიპაროსს ახასიათებს ძლიერი ალერგიული თვისებები, მაგალითად ძლიერი კონიუქტივიტი, რინიტი და ა.შ. კვიპაროსით გამოწვეული ალერგიის სიმპტომებს დიდი ინტენსივობა ახასიათებს. ზოგადად, ყველა რეგიონს თავისი მცენარეული საფარი ახასიათებს და შესაბამისად, ყველგან არის სპეციფიკური ალერგენები სხვადასხვა მცენარეების სახით.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ პერიოდში, გაზაფხულზე ყვავის ხე-მცენარეები. ჩვენ მოსახლეობას ჩვენი „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით სისტემატურად, ყოველ კვირას ვამცნობთ ალერგიულ პროგნოზს – ვაწვდით მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მცენარე ყვავილობს იმ პერიოდში და რამდენ ხანს გრძელდება ყვავილობა. ეს ინფორმაცია საჭიროა, რათა ადამიანებმა შეძლონ თადარიგის დაჭერა. ზოგადად, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან მეტეოროლოგიური მოვლენები მოქმედებს ამ ყველაფერზე. მაგალითად, წვიმის დროს მცენარეების მტვერი ილექება და ალერგიულ ადამიანებს ნაკლებად აწუხებს, ქარი კი მტვრის დიდ ტერიტორიაზე გაბნევას უწყობს ხელს და სიმპტომებიც უფრო შემაწუხებელია. სეზონური ალერგოლოგიური პროგნოზის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელი მცენარის მტვერი რა რაოდენობითაა წარმოდგენილი ჰაერში და შემდეგ უკვე მოხდეს ამ ინფორმაციის გაანალიზება მეტეოროლოგიურ თავისებურებებთან ერთად ერთ კონტექსტში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილია მცენარეთა ყვავილობის კალენდარი, ის ხუთი წლის სტატისტიკურ ანალიზს ეფუძნება და მასზე დაყრდნობით ხდება ალერგოლოგიური პროგნოზის გაკეთება.

მაგალითად, რა კონკრეტული პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს მოცემულ კვირაში? ეს კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც უკვე დადგენილი აქვთ ალერგია კვიპაროსის მიმართ, რადგან ახლა არის კვიპაროსის ყვავილობის პიკი, ამინდი კარგია და მისი ყვავილის მტვერი მაღალი კონცენტრაციითაა ჰაერში. შესაბამისად, გახშირდა პაციენტების მიმართვიანობა ისეთი სხვადასხვა ჩივილებით, როგორიცაა ცრემლდენა, ალერგიული რინიტი, ხველა და ა.შ. ამ პერიოდში საშუალო კონცენტრაციითაა ჰაერში წარმოდგენილი თელა და ვერხვი, რომლებიც ასევე გვხვდება თბილისსა და მის შემოგარენში. გარკვეულმა ხე-მცემარეებმა თანდათან დაამთავრეს ყვავილობა, მაგალითად თხილმა და შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვისაც თხილის ყვავილის მტვერზე აქვს ალერგია, ცოტა ამოისუნთქეს. შედარებით ნაკლებად გვხვდება ჰაერში სოკოვანი მცენარეების, ალტერნარიას და კლადუსპორიუმის სპორებიც.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ პაციენტს, თუ როდის იყოს განსაკუთრებით ყურადღებით და როდის მიმართოს ექიმს. ზოგადად, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ალერგია გვაქვს, არ არის საკმარისი. უნდა ვიცოდეთ როგორ ვმართოთ ეს ალერგია და ამიტომაც უნდა მივმართოთ ექიმს. ძალიან ხშირად ადამიანები თვითნებურად იღებენ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგრამ შესაძლოა მათ არ იცოდნენ, რომ ზოგიერთი წამალი იწვევს ძილიანობას. შესაბამისად ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის შრომისუნარიანობაზე ან საფრთხე შეუქმნას როგორც მას, ასევე გარშემომყოფებს მაშინ, თუ ის მანქანას მართავს და ამ დროს წამლის ზემოქმედებით ძილიანობა აქვს. პრეპარატი ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს და ის უნდა შეარჩიოს ექიმმა. ჩვენ სედატიურ პრეპარატებს დღის განმავლობაში არ ვნიშნავთ და ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ მან თვითნებურად არ მიიღოს მედიკამენტი, რათა საფრთხეში არ აღმოჩნდეს.

-ქალბატონო მაია, თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა რეგიონს სპეციფიკური მცენარეული საფარველი აქვს. შესაბამისად შეიძლება თუ არა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და იმ ადგილიდან გარიდება, სადაც ალერგიის გამომწვევი მცენარეები დიდი რაოდენობითაა, იყოს გამოსავალი ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლაში?

მაია გოთუა: ძალიან კარგი კითხვაა. მცენარეები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს ყვავის. ზოგი მცენარე მაღალმთიან რაიონებში უფრო გვიან იწყებს ყვავილობას, ზოგი კი მხოლოდ ზოგ კონკრეტულ ადგილას გვხვდება. მაგალითად თბილისში არ გვხვდება არყის ხე. შესაბამისად, თუ ადამიანს არყის ხის ყვავილის მტვერზე აქვს ალერგია და ის ევროპაში ცხოვრობს, სადაც ეს ხე საკმაოდ მრავლად გვხვდება, თბილისში ჩამოსვლა მას დიდ შვებას მოუტანს. ჩვენთვის ცნობილია ბევრი ოჯახი, რომელიც მცენარეულ ალერგიას გაერიდება ხოლმე და გარკვეული პერიოდი სხვა ადგილას მიდის საცხოვრებლად.

ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდის შემდეგ აქტუალურია ბალახების და მარცვლოვნების ყვავილობა, რომელიც სადღაც აპრილის ბოლოდან იწყება და მაისი-ივნისის პერიოდს მოიცავს. ბალახებზე ალერგია ბევრ ადამიანს აწუხებს, ის განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში და ძალიან ხშირად მშობლებს ისინი ივნისში ზღვაზე მიჰყავთ, სადაც ამ ალერგენებს ძალიან მცირე რაოდენობით  ვხვდებით. რასაკვირველია, გარკვეულწილად ეს გამოსავალია.

აგვისტოში ალერგიული რეაქციების გამომწვევი შეიძლება გახდეს ისეთი სარეველა მცენარეები, როგორიცაა ამბროზია ან ავშანი. ამბროზია ძალიან გავრცელებულია საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, ლაგოდეხის რაიონში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის აგვისტო საკმაოდ რთული თვეა, რადგან ამბროზია ძალიან ძლიერი ალერგენია და მწვავე სიმპტომების გამოწვევა შეუძლია, მაგალითად ხველის, ცემინების, ცრემლდენის, გამონაყარის და წნევის დაქვეითებისაც კი, რამაც შესაძლოა ადამიანი გონების დაკარგვამდეც მიიყვანოს…

-მინდა ვისაუბროთ ძალიან აქტუალურ პრობლემაზე, მწვავე, შემაწუხებელი ხველის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ვერ არჩევს ალერგიულ და ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ ხველას. ზოგადად ითვლება, რომ თუ ხველა დიდხანს გაგრძელდა, ის ალერგიულია, არადა შეიძლება ეს ასე სულაც არ იყოს. რა არის ალერგიული ხველა, რა ტიპის ხველაა ის და რითი განსხვავდება ის ვირუსით გამოწვეული ხველისაგან, რომელიც ვირუსის შემდეგ რაღაც პერიოდი შეიძლება დარჩეს, მაგრამ  მერე საბოლოოდ გადის?

მაია გოთუა: რასაკვირველია ხველა ისეთი სიმპტომია, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. როგორც აღნიშნეთ, მისი გამომწვევი შესაძლოა იყოს რაიმე ინფექცია ან პოსტ-ინფექციური მდგომარეობა. მაგალითად, დღეს ბევრი პაციენტი გვაკითხავს, რომელსაც ხველა დარჩა კოვიდის გადატანის შემდეგ. ხველას შეიძლება იწვევდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის წვენი კუჭიდან უკან საყლაპავში ამოდის და შეიძლება სასუნთქ გზებშიც მოხვდეს. ზოგჯერ ასეთ ხველასაც ალერგიად მიიჩნევენ. შეიძლება ხველის გამომწვევი იყოს უცხო სხეული ან რაიმე ონკოლოგიური მიზეზი და ა.შ. რაც შეეხება დიფერენცირებას- როგორ ამოვიცნოთ ალერგიული ხველა?  ალერგია არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ ალერგენზე. უმეტეს შემთხვევაში ეს ალერგენები ადამიანებისთვის მისაღებია, მაგრამ კონრეტული პიროვნება მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ალერგიული ხველა ვითარდება ალერგენთან უშუალო კონტაქტის დროს და სპაზმური ხასიათისაა. ალერგენის მოშორების შემთხვევაში ეს ხველა გადის. შეიძლება ეს მოხდეს მედიკამენტით ან მედიკამენტის გარეშე. თუ პრობლემა სერიოზულია და ინტენსიურად გამოხატული, მას შესაძლოა სხვა სახის გამოკვლევები და მედიკამენტური ჩარევაც დასჭრიდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ალერგიული ხველა იხსნება ალერგენის მოშორების შემდეგ.

მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ დროს და გარემოებებს, თუ როდის და როგორ დაიწყო ხველა. მაგალითად თუ ადამიანი სახლში თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობდა, მაგრამ გარეთ გასვლისთანავე დაეწყო ხველა, ცემინება და ცრემლდენა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ალერგიაა. მით უმეტეს თუ მას სახლში ან ზოგადად, დახურულ სივრცეში შესვლისას ეს სიმპტომები მოეხსნა. უნდა დავაკვირდეთ ხომ არ გვაწუხებს ეს სიმპტომები მხოლოდ გაზაფხულზე ან ზაფხულში? მხოლოდ კარგ ან ქარიან ამინდში და ღია სივრცეში? თუ ეს ასეა, რასაკვირველია უდიდესი ალბათობით საქმე მცენარეულ ალერგიასთან გვაქვს. დიაგნოსტირების შემდეგ უკვე უფრო ადვილია ვისაუბროთ სრულ განკურნებაზე ან შემაწუხებელი სიმპტომების თითქმის სრულად მოხსნასა და შემსუბუქებაზე.

არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება ადამიანმა იცოდეს, რომ აქვს ალერგია ამბროზიაზე და დაინახოს მსგავსი მცენარე. შესაძლოა ის ამბროზია სულაც არ იყოს, მაგრამ შიშის გამო ადამიანი ცუდად გახდეს.

სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი არის კონტაქტი ალერგენთან, ალერგენის მოშორების ანუ ელიმინაციის ეფექტი. ალერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ქავილი. მაგალითად ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მცენარეული ან მტვრისმიერი ალერგია, ახასიათებთ ცხვირის ხშირად მოქავება, რადგან მათ ძალიან აწუხებთ სურდო და ცემინება. ხველასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვახსენოთ ასევე სასის ან ყელის ქავილი, რაც ალერგიისთვისაა დამახასიათებელი.

გარე-ალერგენების გარდა არსებობს ასევე შიდა ალერგენები, რომლებიც უშუალოდ სახლში ან ზოგადად, დახურულ სივრცეში გვხვდება. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად ოთახის მტვერი. ის უფრო ხშირად დახურულ სივრცეში, გვიან შემოდგომასა და ზამთარშია შემაწუხებელი. მტვრის ტკიპები გამრავლებას თებერვლის ბოლოს იწყებენ, ამიტომ ამ დროს შეიძლება ადამიანი ხველამ ან ცემინებამ სახლის პირობებში შეაწუხოს, სუფთა ჰაერზე კი თავი კარგად იგრძნოს. მტვრის ტკიპები შესაძლოა დიდი რაოდენობით იყვნენ საწოლში, ამიტომ მათ მიერ გამოწვეული ხველა ძირითადად გამთენიისას ვითარდება. ადამიანის ორგანიზმი თავისი სითბოთი ათბობს საწოლში მყოფ ტკიპებს და მათზე თერმოსტატივით მოქმედებს. მტვრის ტკიპების მიმართ მგრძნობელობამ შესაძლოა არა მხოლოდ ხველა, არამედ სუნთქვის უკმარისობა ან სულის ხუთვაც გამოიწვიოს.

შიდა ალერგენებს მიეკუთვნება შინაური ცხოველების მიმართ ალერგია. განსაკუთრებით აგრესიული ამ მხრივ კატის ალერგენია, რომელიც ასთმოგენურია და ცნობილია, რომ მან შესაძლოა ასთმური სიმპტომების პროვოცირება გამოიწვიოს. ძაღლის ალერგენი ნაკლებ აგრესიულია, თუმცა მაინც ახდენს გავლენას. ამიტომ მინდა ყველას ვურჩიო, რომ თუ ისინი სახლში ცხოველის მოყვანას აპირებენ, სასურველია ჯერ ოჯახის წევრები შეამოწმონ და დადგინდეს, ხომ არ აქვთ მათ ალერგია, რადგან შემდეგ შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრს სერიოზული პრობლემა შეექმნას და ოჯახს ცხოველთან განშორება მოუწიოს, რაც ძალიან მტკივნეული პროცესია. საფრთხილოა ცხოველის შეძენა იმ ოჯახში, სადაც ალერგიული ბავშვი ცხოვრობს. შეიძლება ცხოველის შეძენის მომენტში ბავშვი კატაზე ან ძაღლზე არ იყოს ალერგიული, მაგრამ თუ ის ზოგადად ალერგიულია, დიდია რისკი, რომ მომავალში მას შემაწუხებელი სიმპტომები უკვე ახალ ალერგენთან კონტაქტის შემდეგაც  გაუჩნდეს. თუ ოჯახში არ არის ალერგიული წევრი, ცხოველის შეძენის შემდეგ ალერგიის განვითარების შანსი მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ არსებობს კვლევები, სადაც ნაჩვენებია, რომ როცა ბავშვი იზრდება სოფლად და ცხოველებთან გარკვეული შეხება დაბადებიდანვე აქვს, ასეთ შემთხვევაში ცხოველების მიმართ ალერგიის განვითარების შანსები სამომავლოდ გაცილებით დაბალია.

-ქალბატონო მაია, შემდეგი შეკითხვა უნდა დავსვა ალერგიული რინიტის შესახებ. მთავარი კითხვა, რომელიც პაციენტებს აქვთ, არის მისი განკურნების საკითხი – განკურნებადია თუ არა ალერგიული რინიტი და როგორ შეიძლება ამ დისკომფორტის შემსუბუქება? როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს, რომ იყოს შრომისუნარიანი, ან კარგად ეძინოს?

მაია გოთუა: აღსანიშნავია, რომ ალერგიული რინიტი პაციენტებს ცხოვრებას არა მხოლოდ დღის, არამედ ღამის განმავლობაშიც ურთულებს და შესაძლოა მან ძილის რეჟიმის კუთხითაც გამოიწვიოს პრობლემები. ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ რინიტი, ეროვნულ გამოცდებს უფრო ცუდი შედეგებით ამთავრებენ, მით უმეტეს მაშინ, თუ მათ რინიტის გართულების პერიოდი აქვთ.

როგორ ვუშველოთ რინიტს? – პირველ რიგში ეს დამოკიდებულია სწორ დიაგნოსტიკაზე და თანამშრომლობაზე ექიმსა და პაციენტს შორის. ექიმმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს, დასვას დიაგნოზი და ყველანაირად ეცადოს პაციენტის დახმარებას ყველაფრის მიუხედავად, პაციენტი კი თავის მხრივ უნდა დაემორჩილოს ექიმის მითითებებს, უნდა მოიქცეს მისი რეკომენდაციების შესაბამისად. როგორი პრობლემაც არ უნდა იყოს, მას ყოველთვის აქვს გამოსავალი. მთავარია თანამშრომლობა ორივე მხარეს შორის. პაციენტმა უნდა მოინდომოს, რომ განიკურნოს. ექიმმა მას უნდა აუხსნას თუ რატომ უნდა შეასრულოს ესა თუ ის ქმედება, რატომ უნდა მიიღოს ესა თუ ის წამალი და ა.შ. პაციენტმა კი რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

როგორც აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება. ექიმებს ვურჩევდი პაციენტები დაწვრილებით გამოკითხონ, რადგან ხშირად პატარა ნიუანსები საკვანძოა სწორი დიაგნოზის დასმის საქმეში. ექიმმა უნდა იცოდეს, თუ რა ალერგენებთან აქვს შეხება პაციენტს, რა დროს და რა სიხშირით აქვს მას კონტაქტი ამ ალერგენთან და ა.შ. ყველაზე აპრობირებული მეთოდი არის ალერგენისაგან მოშორება. უნდა დადგინდეს თუ რაზე აქვს ადამიანს ალერგიული რეაქცია. ძალიან ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი ყოველგვარი მედიკამენტური ჩარევის გარეშე, ალერგენის ელიმინაციის შედეგად იკურნება. მაგალითად შემიძლია გავიხსენო პაციენტი, რომელსაც ძლიერი ასთმური შეტევები ჰქონდა, რაშიც „:დამნაშავე“ აღმოჩნდა მისი ალერგია თუთიყუშის ბუმბულზე. მას შემდეგ, რაც ოჯახმა თუთიყუშები გააჩუქა, პაციენტს არანაირი მკურნალობა აღარ დასჭირვებია, მას ასთმური შეტევა აღარ ჰქონია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის დადგენა, თუ რაზე აქვს ალერგია ადამიანს. ხშირად შეიძლება მედიკამენტის ჩართვა საჭირო არც კი გახდეს.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი არის კანის ალერგოლოგიური სინჯები. ამ დროს სხვადასხვა სახის მცენარეულ, საყოფაცხოვრებო, სოკოვან თუ საკვები ტიპის ალერგენებზე მოწმდება კანის რეაქტიულობა, რომელიც შეიძლება ავადმყოფობის ან წამლების ზემოქმედებით იყოს შეცვლილი. მოწმდება კანის რეაქტიულობა არის თუ არა სწორი. ტესტის ფარგლებში სხვადასხვა ალერგენები რიგრიგობით დაიტანება ხელის კანზე და ხდება უმნიშვნელო ჩხვლეტა. აღნიშნული სინჯები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ კონკრეტულად რომელი ალერგენის მიმართ აქვს ამა თუ იმ ადამიანს მომატებული მგრძნობელობა. ალერგიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია სისხლის ანალიზის საფუძველზეც.

-საინტერესოა, შეიძლება თუ არა ორი სახის ალერგია დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან? მაგალითად მცენარეული და კვებითი ალერგიები.

მაია გოთუა: დიახ, ეს შესაძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ სამყარო აშენებულია გარკვეული ცილოვანი სტრუქტურებით, რომლებიც კონკრეტულ მცენარეებში შეიძლება მეორდებოდეს. ეს გამეორება ხდება სახეობრივად განსხვავებულ ერთეულებშიც. მაგალითად, შეიძლება ადამიანი არყის ხის მტვერზე იყოს ალერგიული, მაგრამ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდეს ვაშლზეც, რომელიც ზოგადად ნაკლებალერგიულია, მაგრამ გარკვეული ცილა ამ ორ მცენარეს შეიძლება საერთო ჰქონდეს. არყის ხის მიმართ ალერგია ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ვაშლის მიღების შემდეგ კი ალერგია შეიძლება პირის ღრუს სხვადასხვა ნაწილის წვით ან ქავილით გამოიხატოს. ამ შემთხვევაში მიზეზი უშუალოდ ვაშლის მიმართ ალერგია კი არ არის, არამედ გარკვეული ცილის მიმართ. იგივე პრინციპით, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ლატექსის აუტანლობა და ამავდროულად ვერ აიტანოს კივი ან ავოკადო. ეს არის  ჯვარედინი კავშირი. მსგავსი კავშირი აქვთ მაგალითად ნესვს, საზამთროს და ამბროზიას. როცა მკურნალობა ძირითად ალერგენზე ხდება, პაციენტი შემდეგ საზამთროსაც აიტანს და ნესვსაც.

ზოგადად ალერგიასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ასეთი ჯვარედინი კავშირების შესწავლა და თანამედროვეობაში ეს მოლეკულური ანალიზის საფუძველზე ხდება. თუ ადამიანს აქვს პოლისენსიბილიზაცია ანუ მრავალ ალერგენზე რეაქცია ახასიათებს, უნდა დადგინდეს ერთი მთავარი ალერგენი. აღებული სისხლიდან ჩვენ განვსაზღვრავთ რომელი ალერგენის მიმართ აქვს პაციენტს ჰიპერმგრძნობელობა. ეს არის არა მხოლოდ ერთი მცენარე ან საკვები, არამედ მისი კონკრეტული მოლეკულა ან კომპონენტი, რაც სხვა სახეობის საკვებში ან მცენარეშიც შეიძლება გამოვლინდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე მეცნიერება იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რომელი კომპონენტი ან მოლეკულა  განაპირობებს სხვადასხვა პროდუქტების მიმართ მომატებულ მგრძნობელობას.

დიაგნოსტირების შემდეგ იწყება იმუნოთერაპია, ანუ მკურნალობა, რომლის პროცესშიც ხდება პაციენტის კონკრეტულ ალერგენთან შეგუება. მკურნალობა ეფექტურია მაშინ, თუ ჩვენ მთავარ ალერგენთან შეგუების კუთხით ვმუშაობთ. იმუნოთერაპიის საბოლოო შედეგის მისაღებად  3-5 წელია საჭირო, თუმცა მას სრული განკურნება მოსდევს. შეიძლება ვინმემ იკითხოს: 3-5 წელი ხომ დიდი დროა? დიახ, ასეა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს იმუნოთერაპიის პარალელურად დანიშნული აქვს მედიკამენტები, რომ ეს პროცესი მინიმალური სიმპტომებით გაიაროს და რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეექმნას. ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს იმუნოთერაპია – საშუალება რომ მისი ორგანიზმი შეეგუოს გარემოში არსებულ ალერგენებს. ალერგია შეცდომაა – ადამიანის იმუნური სისტემა რეაგირებს იმაზე, რაზეც არ უნდა რეაგირებდეს, მკურნალობის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ადამიანის ჰარმონია გარემოსთან აღდგეს. იმუნოთერაპიის პირობებში გამომუშავდება დამცავი ანტისხეულები, რომლებიც იცავს ორგანიზმს ალერგიული რეაქციის განვითარებისაგან. 3-5 წლის განმავლობაში იმუნური სისტემა სტაბილიზდება და პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება.