ქათმის კვერცხი - გამორჩეული სამკურნალო თვისებებით

ქათმის კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისათვის და სწორი ფუნქციონირებისათვის. კვერცხი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას, მიკრო და მაკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორს, გოგირდს, რკინას, თუთიას, იოდს, სპილენძს, მარგანეცს, ქრომს, ფტორს, მოლიბდენს, ბორს, კობალტს. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე, შეიცავს E, C, D, A, PP, K ვიტამინებს. კვერცხის გული D ვიტამინის წყაროა. ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია მისთვის, ვინც ცოტა დროს ატარებს მზეზე. D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის გაძლიერებას. D ვიტამინის რაოდენობით, კვერცხი, მხოლოდ თევზის ქონს ჩამორჩება.

გარდა ამისა, კვერცხის გული შეიცავს რკინას, რომელიც ხელს უწყობს დაღლილობასთან და ცუდ განწყობასთან ბრძოლას, ასევე აფერხებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. კვერცხის გული შეიცავს ლეციტინს, რომელიც აუცილებელია ღვიძლისა და სანაღვლე გზების მუშაობის ნორმალიზებისათვის. ლეციტინი ასევე წარმოადგენს სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც კვებავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ლუტეინი, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს, თავიდან აგარიდებთ მხედველობის პრობლემებს.

კვერცხის გული შეიცავს ქოლინს, რომელიც ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს, სიმსივნის წარმოქმნის რისკი 24%-ით მცირდება, ამიტომ ონკოლოგები სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდაციას უწევენ ქალებს, ყოველდღიურად 2-3 კვერცხი გამოიყენონ. მთლიანობაში კვერცხი შეიცავს ყველა შეუცველ ამინომჟავას და უზრუნველყოფს ორგანიზმს მათი დღიური ნორმის 25 %-ით. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9), რომელიც მოიპოვება კვერცხში, აუცილებელია ქალებისათვის ორსულობის პერიოდში, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის და დეფექტის თავიდან ასაცილებლად. კვერცხი სასარგებლოა სისხლის წარმოქმნისათვის. კვერცხში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის ჩამოყალიბებას, იცავს თვალის ნერვს, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას. კვერცხის ნაჭუჭი დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს – ფტორი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, სილიციუმი – სულ 27 ელემენტს. ერთი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 2გრ. კალციუმს.

თუმცა, ყველა ღირსებასთან ერთად, არ არის საჭირო გადავაჭარბოთ მათი მოხმარების ნორმას, რადგან ჭარბი ცილა, რომელსაც ორგანიზმი იღებს, საშიშია თირკმელებისათვის – ის მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და მავნებელია ჯანმრთელობისათვის. გასათვალისწინებელია, რომ კვერცხი ამცირებს „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და ამაღლებს „ცუდ“ ქოლესტერინს, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამის თავიდან აცილება შეიძლება ანტიოქსიდანტების საშუალებით.