დამტკბარი ფაფა, ორცხობილა და კომპოტი ბავშვისთვის ჯანსაღი კვება არ არის - პედიატრი ანა მაღრაძე

ბავშვთა კვების მითებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ანა მაღრაძემ ისაუბრა.

-ანა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მინდა საუბარი ბავშვთა კვების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით დავიწყოთ. მშობლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე გაასინჯებს ბავშვს სხვადასხვა სახის საკვებს, ის უფრო დადებითად განეწყობა ამ გემოების მიმართ, მოგვიანებით კი არ შეიქმნება პრობლემა და ის უჭმელი არ იქნება. რამდენად სწორია ეს მოსაზრება და თუ სწორია, რას ეფუძნება?

ანა მაღრაძე: თვითონ ტერმინი „გასინჯვა“ თავიდანვე არასწორია იმიტომ, რომ ბავშვთა კვება ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი საფეხურია პედიატრებისთვის. ეს ასეა ბავშვებისთვისაც, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა, სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება ძალიან დიდ ნაწილში ეფუძნება სწორ კვებას. ამიტომ ყველა ახალი საკვები პროდუქტი და ინგრედიენტი ბავშვის რაციონში შეგვაქვს თანდათან, გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

დამატებითი კვება იწყება წლამდე ასაკში. ბუნებრივი კვების შემთხვევაში ეს ხდება 6 თვის ასაკიდან, რადგან ძუძუზე ყოფნისას ბავშვს არაფერი სხვა არ სჭირდება, მათ შორის არც წყალი.  ხელოვნური ან შერეული კვების შემთხვევაში ბავშვის რაციონში ახალი ინგრედიენტების დამატება ხდება 4-5 თვის ასაკიდან. და ეს ხდება დიდი სიფრთხილით, ეს არ უნდა იყოს სხვადასხვა, მრავალფეროვანი და ცვალებადი სიხშირით მიცემული საკვები. ეს უნდა იყოს დაბალანსებული კვება, რომ არ გამოვიწვიოთ რაიმე პრობლემა, მაგალითად ალერგია, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ა.შ. ამიტომ მიდგომა, რომ გავასინჯოთ ბავშვს ყველაფერი და 2 წლის ასაკიდან ყველაფერს შეჭამს, არასწორია.

მაწონი ბავშვის რაციონში – ეს თემა მშობლებს შორის მუდმივი კამათის საგანია. ზოგი თვლის, რომ 4-5 თვის ასაკიდან უკვე შეიძლება ბავშვისთვის მაწვნის მიცემა, ზოგს მიაჩნია, რომ წლამდე არ შეიძლება. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ბავშვებს მაწონს ფაქტიურად დაბადებიდანვე აძლევდნენ. საერთოდ არის თუ არა მაწონი სასარგებლო პროდუქტი და რა ასაკიდან უნდა მივცეთ ის ბავშვს?

ანა მაღრაძე: მაწონი ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ბავშვისთვის მისი ადრეული ასაკიდან მიცემა არასწორია, რადგან მაწონი რძემჟავა პროდუქტია. ეს არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ცოცხალ ლაქტო-ბიფიდო ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ნაწლავურ მიკროფლორაში დუღილის პროცესს იწვევენ და მისი გადამამუშავებელი ფერმენტები წლამდე ასაკის ბავშვებს, მით უმეტეს 6 თვემდე ასაკის ბავშვებს ნამდვილად არ აქვთ. იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც მონელებისათვის არის საჭირო, ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აქტიურად იწყება მხოლოდ 6 თვის ასაკიდან. მანამდე საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოქმნა ხდება დაბალი ინტენსივობით, სწორედ ამიტომ სასურველი არ არის ამ ასაკში რძემჟავა პროდუქტების რაციონში შეტანა. ეს არ ეხება მხოლოდ მაწონს, ეს ასევე ეხება რძეს, იოგურტს, ხაჭოს და ა.შ. ძალიან ადრეულ ასაკში რაციონში რძემჟავა პროდუქტების შეტანამ მომავალში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები. იგივე საბავშვო მაწონი არის შრატისგან თავისუფალი და შედარებით გაწურული, მას ჰქვია საბავშვო, თუმცა ისიც ჩვეულებრივი მაწონია და იგივე ეფექტი აქვს, ამიტომ რაციონში არც მისი ჩართვა შეიძლება ნაადრევად. პირადად მე ჩემს პაციენტებს მაწონს ყველაზე ბოლოს ვუმატებ რაციონში, როცა უკვე ვიცი, რომ ბავშვი იღებს სხვადასხვა პროდუქტებს და არ აქვს მონელების პრობლემები. მაწვნის რაციონში შეტანა უკვე შეიძლება ერთი წლის ასაკიდან, მაქსიმუმ 8-10 თვის ასაკიდან, მაგრამ არა იქამდე. თუ ბავშვს აქვს ლაქტოზის ან რძის ცილის, კაზეინის აუტანლობა, მათთვის განსაკუთრებით რთულად გადასამუშავებელი იქნება მაწონი და სხვა რძემჟავა პროდუქტები. მართალია მაწონში ლაქტოზაც და კაზეინის ჰიდროლიზირებული, ანუ გარკვეულწილად დაშლილია, მაგრამ თუ სახეზეა სრული ან ნაწილობრივი აუტანლობა, მისი რაციონში შეტანა არ არის რეკომენდებული.

-თქვენ ბრძანეთ, რომ პირველ ეტაპზე ბავშვის რაციონში პროდუქტებს ნელ-ნელა, სიფრთხილით ვამატებთ. რა უნდა შემოვიდეს პირველ რიგში რაციონში? უნდა იყოს ეს ხილი, ბოსტნეული თუ ფაფა? თუ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია?

ანა მაღრაძე: ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, წონაში ნამატს და ამის შემდეგ ვწყვეტთ, რა მივცეთ. შესაძლოა პირველი იყოს მარცვლეულის ფაფა, როგორც წესი ეს ასეც ხდება. გამონაკლის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბოსტნეულის პიურე. შემდეგ ემატება ხილი. თუმცა რაციონში ყველაფერი შედის სათითაოდ, რამდენიმეკვირიანი ინტერვალებით. მარცვლეულიც ფაფაშიც უნდა იყოს ერთი სახის მარცვლეული და არა შერეული, რათა ალერგიის შემთხვევაში ადვილად მოვახდინოთ დიფერენცირება, თუ რამ გამოიწვია პრობლემა. არიან ბავშვები, რომლებიც წონაში ნაკლებად იმატებენ, მათი წონის ნამატი არ შეესაბამება სტანდარტებს – ასეთ შემთხვევაში ძირითადად მარცვლეულის ფაფის მიცემით ვიწყებთ.

-დღესდღეობით აფთიაქებში უამრავი სხვადასხვა კომპანიის წარმოებული საბავშვო ფაფა იყიდება და არჩევანი დიდია, თუმცა საინტერესოა რეკომენდებულია თუ არა ფაფის დატკბობა?

ანა მაღრაძე: არავითარ შემთხვევაში. ზოგადად შაქარი და მარილი არის ადამიანის ორი ყველაზე მავნებელი და სახიფათო, უხილავი მტერი. ჩემი აზრით, ბავშვმა 5 წლის ასაკამდე არც კი უნდა იცოდეს, რა არის ტკბილი. მას თავიდან უნდა მივცეთ ურძეო მარცვლეულის ფაფა და ასაკთან ერთად გადავიდეთ უკვე რძიანზე. არავითარი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც სხვა საკვებ პროდუქტებში არ უნდა იყოს. საერთოდ ტკბილეულს ორ წლამდე კატეგორიულად ვკრძალავთ. ბავშვი რასაც ორცხობილებიდან ან ხილიდან იღებს, ისიც საკმარისია. შაქრის დღიური ოდენობა ბავშვის რაციონში არ უნდა იყოს 40 გრამზე მეტი, არანაირი ტკბილი სითხე, არანაირი ტკბილეული. საკმარის შაქარს ბავშვი იღებს ხილიდანაც. ხშირად მშობლები მეუბნებიან, რომ ისინი სახლში უკეთებენ ბავშვს ტკბილეულს, თუნდაც იგივე კექსებს. სახლში გაკეთებული ტკბილეულიც მავნებელია. შაქარი ძალიან ბევრ რამეს აზიანებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის არღვევს მეტაბოლიზმს და იწყება პანკრეასის ზედმეტად გადატვირთვას. პანკრეასს უწევს უამრავი ინსულინის გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულინარული აპარატის გამოფიტვა და ბოლოს მივიდეთ შაქრიან დიაბეტამდე. ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ჭარბი წონაც, რაც ასევე წინაპირობაა დიაბეტის განვითარების. ამიტომ წონის კონტროლი მხოლოდ წლამდე ასაკში კი არა, შემდეგაც აუცილებელია. კვების და წონის პრობლემები უფრო წლის შემდგომ ასაკში იწყება და ის სწორედ არასწორი კვებითაა გამოწვეული, ამიტომ ტკბილეული მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული.

ვისაუბროთ რძის შესახებ, რომლის მიმართაც ბავშვებს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მათ ნაწილს, განსაკუთრებით იმ ბავშვებს, ვინც ბუნებრივ კვებაზე იყო, რძე ძალიან უყვარს და ძნელია ისინი გადავაჩვიოთ ყოველდღიურად მის მიღებას. მეორე ნაწილი უბრალოდ უარს აცხადებს რძის მიღებაზე. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ბავშვი უბრალოდ არ იღებს ამა თუ იმ საკვებს და მშობელი იძულებულია რამენაირად გააგემრიელოს საკვები თუნდაც მარილის ან შაქრის დამატებით. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

ანა მაღრაძე: დღეისათვის არსებული რეკომენდაციების თანახმად, ბავშვს, რომელიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფება, რძე 2 წლამდე უნდა ვაძლიოთ, ცხადია 6 თვის ასაკიდან დამატებით კვებასთან ერთად. ხელოვნური კვების შემთხვევაში წლამდე ასაკია რეკომენდებული, თუმცა არის ადაპტირებული ნარევებიც, რომლის მიცემაც ბავშვისთვის მშობელს თავისუფლად შეუძლია. ზოგადად, ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვის დღიური ნორმა დაახლოებით 500 მლ რძეა, ასე რომ თუ მას რძე უყვარს, არ აუკრძალოთ მისი დალევა. რძეში ძალიან ბევრი სასარგებლო საკვები ნივთიერება და მინერალია, რომელიც ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა, განსაკუთრებით სასარგებლოა რძე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის.

მეორე კატეგორია არიან ბავშვები, რომლებიც უარს ამბობენ რძეზე. ამ კატეგორიაშიც 2 წლის ასაკამდე ბუნებრივ კვებას ვტოვებთ, ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ ნარევზე წლის ასაკის ზემოთ ამბობს უარს, ეს არ არის ტრაგედია, წლის ასაკის შემდგომ რძე შეიძლება სხვა საკვებით ჩავანაცვლოთ.

რაც შეეხება უჭმელ და უმადო ბავშვებს, ისინი ყოველი 10-დან 4-5 პაციენტს წარმოადგენენ. უმადობა განსაკუთრებით წლის ასაკის შემდგომ იწყება, წლამდე კი ძირითადად ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში გვხვდება, რადგან ბუნებრივი კვება მათთვის იდეალურია და ძნელად იღებენ სხვა საკვებს. იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ წარმოიქმნას, საკითხს თავიდანვე უნდა მივუდგეთ სწორად. როდესაც ბავშვის რაციონში ნახევრად მყარი და მყარი საკვების მიწოდება იწყება, უნდა დავიწყოთ მისი კოვზით კვება. ეს საჭიროა იმისათვის, რათა ბავშვს გამოუმუშავდეს კოვზით ჭამის ჩვევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წლის ასაკის შემდეგ ბავშვი ჩავრთოთ კვების პროცესში. ეს მისთვის ეს უნდა იყოს სასიამოვნო და არა სტრესული. ხშირად ცხოვრების დაძაბული რეჟიმის გამო მშობელი ბავშვს ჭამის დროს ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებს ხოლმე, რათა მან არ იჭირვეულოს. ასეთ დროს ბავშვს ძირითადად რაღაცას ჩაურთავენ, ის უყურებს და ავტომატურად ჭამს საჭმელს. ეს არასწორია. ბავშვი უნდა დავაინტერესოთ ჭამის პროცესით, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოქმნა სწორედ კვების პროცესში ხდება და თუ მისი ტვინი ამ პროცესს ვერ აღიქვამს, ეს შემდგომში სხვადასხვა პრობლემებს გამოიწვევს, თუნდაც ჭარბწონიანობას. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ჭამის პროცესი ბავშვისთვის გავხადოთ საინტერესო, ეს პრობლემები აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების რაობა, არამედ კვების რეჟიმის დაცვაც. ბავშვისთვის რეკომენდებულია დღეში 4-ჯერ კვება რეჟიმის მიხედვით. წაახალისეთ და დააინტერესეთ ბავშვი ჭამის პროცესით, დაუწესეთ კვების რეჟიმი და ყველაფერი კარგად იქნება.

-ანა, დღესდღეობით აფთიაქები საბავშვო ორცხობილების, ე.წ. „პეჩენიების“ ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ. ზოგიერთი მათგანის შეფუთვაზე მითითებულია, რომ ორცხობილების მიღება შესაძლებელია 4 თვის ასაკიდან, ზოგი ორცხობილას შემთხვევაში ეს ასაკი 6 თვეს, ზოგის შემთხვევაში 1 წლის ასაკს შეადგენს. ითვლება, რომ თუ ბავშვს წონის მატების პრობლემა აქვს, მის რაციონში უნდა მოხდეს ამ ორცხობილების ჩართვა. საერთოდ რატომ წარმოიშვა საბავშვო ორცხობილების შექმნის საჭიროება და მით უმეტეს ასეთი მასშტაბით? რა საჭიროა საბავშვო ორცხობილები და როდიდან უნდა მივცეთ ისინი ბავშვებს?

ანა მაღრაძე: მე ნამდვილად ვერ გავცემ რეკომენდაციას, რომ ბავშვს 4 თვის ასაკიდან მივცეთ თუნდაც საბავშვო ორცხობილები, რადგან ეს არის ნახშირწყლოვანი საკვები. დამატებითი კვება სწორედ 4,5 თვის ასაკიდან იწყება. საბავშვო ორცხობილა ძირითადად მარცვლეულისგან, ხორბლისგან მზადდება,რომელსაც ჩვენ რაციონში ფაფის სახით ვრთავთ. ამიტომ ორცხობილას მიცემის საჭიროებას წლამდე ასაკში საერთოდ ვერ ვხედავ. მისი მიცემა შესაძლებელია წლის ასაკიდან, მაწონთან, ხაჭოსთან ან იოგურტთან ერთად, რომ საკვები უფრო ნოყიერი გახდეს და დააკმაყოფილოს ბავშვის მოთხოვნილებები, ოღონდ ორცხობილა არც ამ დროს უნდა იყოს დიდი ოდენობით. არასწორია ასევე ორცხობილათი წახემსება კვებასა და კვებას შორის. ამისათვის ჩვენ ხილი გვაქვს. სწორედ ხილი არის იდეალური ხემსი, თუმცა მისი მიღებაც უნდა მოხდეს დღეში 1-2-ჯერ და აუცილებლად დღის პირველ ნახევარში. საღამოს ხილის ჭამა რეკომენდებული არ არის, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა.

საქართველოში მიღებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ორცხობილას ჩაისთან ერთად მიცემა. თვითონ ჩაი, რომელიც ჩაის ფოთლებისგან მზადდება, სულ არ არის სასარგებლო ბავშვებისთვის, რადგან იგი შეიცავს ყავაზე მეტ კოფეინს და რაც მთავარია, შეიცავს ტანინებს, რომლებიც ხელს უშლის ნაწლავიდან რკინის შეწოვას. ბავშვებში, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე ყოფნისას ეს პრობლემა ისედაც არის ხოლმე.

თუ ბავშვს აქვს წონის დეფიციტი, რომელიც შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მას ბუნებრივი კვება აღარ ყოფნის, უმჯობესია დამატებითი კვება დავიწყოთ უფრო ადრე, თუნდაც 5 თვის ასაკიდან. ეს უკეთესი გამოსავალია, ვიდრე რაციონში ორცხობილას ადრეულ ასაკში შეტანა. ერთი წლის ასაკამდე ბავშვის რაციონში არანაირი ორცხობილას შეტანას არ ვუწევ რეკომენდაციას.

-საინტერესოა თქვენი მოსაზრება საბავშვო ჩაის შესახებაც, რაკი ჩვეულებრივი ჩაი უკვე ახსენეთ. ორცხობილების მსგავსად, საბავშვო ჩაიც საკმაოდ ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი სააფთიაქო ქსელებში. გვხვდება უამრავი არომატი, სხვადასხვა სახეობა. რამდენად საჭირო და რეკომენდებულია საბავშვო ჩაის მიცემა ბავშვისთვის?

ანა მაღრაძე: სიმართლე გითხრათ, მე პირადად არც ამ საბავშვო ჩაის ვუწევ რეკომენდაციას. სითხე, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს, არის წყალი. რაც შეეხება ხილის ჩაის და სხვადასხვა კომპოტებს, თერმულად დამუშავებისას ხილი თავისი სასარგებლო თვისებების უდიდეს ნაწილს კარგავს. რჩება მხოლოდ არომატი. თუ არის შემთხვევა, რომ ბავშვს კატეგორიულად არ უყვარს წყალი, შეიძლება მას მივცეთ გვირილის ჩაი. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაის მიცემა. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვი სვამს წყალს და ნორმალურად იკვებება, არ არის სასურველი დამატებით ჩაის მიცემა.

-საინტერესოა რას გვეტყვით კომპოტის შესახებ, რომელზეც აზრები დღემდე გაყოფილია. მშობლების ნაწილი თვლის, რომ მაღაზიაში ნაყიდი ხილის წვენი ნატურალური არ არის და მას სჯობს კომპოტი, რომელსაც ჩვენ თვითონ, სახლში ვამზადებთ. პედიატრების დიდი ნაწილი ამბობს,რომ კომპოტის დრო წარსულს ჩაბარდა და ის იმდენად სასარგებლო სულაც არ არის, როგორც გვეგონა. რას გვეტყვით კომპოტზე ბავშვის რაციონში? არის ის სასარგებლო?

ანა მაღრაძე: ზოგადად ხილ-ბოსტნეული თერმული დამუშავების შემდეგ ზუსტად ათ წუთში სრულად კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ როგორც მურაბებს, ასევე კომპოტებს უამრავი შაქარი ემატება, ისინი კონსერვირდება და თვეების განმავლობაში ინახება. ასეთი პროდუქტის მიცემა ბავშვისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას ნულოვანი კვებითი ღირებულება აქვს, გარდა ამისა არსებობს ბოტულიზმის განვითარების რისკი. თუნდაც ახლად დამზადებულ კომპოტს არანაირი კვებითი ღირებულება აქვს, თუნდაც შაქარი არ დაამატოთ. ამას სჯობს ნებისმიერი სეზონური ხილი მიაწოდოთ ბავშვს, მით უმეტეს თუ ბიოპროდუქტია და სასუქის გარეშეა მოყვანილი. მეგონა კომპოტების ხანა დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ თუ არ დასრულებულა, უნდა დასრულდეს.

-სეზონური ხილი ალბათ ყველაზე სასარგებლოა, ზოგადად რომელი ხილია ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის?

ანა მაღრაძე: ზოგადად ხილი რაციონში ექვსი თვის ასაკიდან შეგვაქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა კენკროვანი ხილი და თუ ბავშვს მასზე ალერგია არ აქვს, ბუნებრივია კენკროვანი ხილი შემაქვს რაციონში. ადრე იყო მითები, რომ წლამდე ასაკში არ შეიძლება წითელი ხილის მიღება. ამას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ხილთან მიმართებაში მართლაც არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები. მაგალითად ყურძენი არ შეიძლება სამ წლამდე ასაკში, ეს არ არის რეკომენდებული. კომპოტებს ნამდვილად სჯობს ხემსის სახით ბავშვს მივაწოდოთ ნატურალური, სეზონური ცოცხალი ხილი. არასეზონური ხილი შეგვიძლია გამოვიყენოთ  გაყინული სახით ან ჩირის სახით. თუნდაც მარწყვი, ალუბალი, ჟოლო შეგვიძლია გამოვიყენოთ. გაყინული ხილი და ხილის ჩირი ნამდვილად ძალიან სასარგებლოა.

-ანა, როგორი უნდა იყოს წლამდე ბავშვის იდეალური მენიუ ერთი წლის ზემოთ? ამ ასაკიდან სკოლამდელ ასაკამდე მენიუ თითქმის უცვლელია. მაინც როგორია 1 წლიდან სკოლამდელ ასაკამდე იდეალური, დაბალანსებული მენიუ? რამდენჯერ უნდა იყოს კვირაში ხორცი, თევზი, კვერცხი? რამდენი უნდა იყოს ბოსტნეული, პური ან ფაფა?

ანა მაღრაძე: ერთი წლის ასაკის შემდგომ ბავშვი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაგვყავს სრულფასოვან კვებაზე. ბავშვი ნელ-ნელა უნდა გადავსვათ საერთო სუფრასთან. საჭიროა ოთხჯერადი კვება. სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება გულისხმობს ყველა იმ საჭირო საკვები პროდუქტის მიღებას, რაც ბავშვს სრულფასოვანი განვითარებისათვის სჭირდება. ეს არის

 პური და მარცვლეული – წიწიბურა, სხვადასხვა ბურღულეული, უშაქრო ორცხობილა, მარცვლეულის ფაფები და ა.შ.

ხორცი და ხორცპროდუქტები – საქონლის ხორცი, თევზი, რომელიც კვირაში მინიმუმ ორჯერ არის სასურველი, ასევე ფრინველის ხორცი, ასევე მცენარეული ცილები :ლობიო, ბარდა, ოსპი და ა.შ. რომლებიც ასევე დიდი ოდენობით რკინას და ვიტამინებს შეიცავს.

რძის პროდუქტები – მაწონი, ხაჭო,რძე, იოგურტი, ყველი და ა.შ.

ხილი და ბოსტნეული – უმჯობესია მათი მიღება დღის პირველ ნახევარში.

ცხიმი – მცირე რაოდენობით, 10-15 გრამი დღეში (4-5 ჩაის კოვზი). უმჯობესია ეს იყოს ცხიმი, რომელიც დანარჩენ საკვებ ინგრედიენტებში შედის.

ეს არის იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. კვება უნდა იყოს დღეში ოთხჯერ. 1-2-ჯერ წახემსებაც დასაშვებია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ხილით და არა ნამცხვრით, ან ტკბილეულით. ამ ასაკში ტკბილეული კატეგორიულად აკრძალულია. ბავშვი თვითონ უნდა იყოს კვებით დაინტერესებული, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რომ მას არ მობეზრდეს. ბავშვს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტები, მივცეთ არჩევანის საშუალება. შევიტანოთ მრავალფეროვნება მენიუში და იგივე ინგრედიენტები სხვა ვარიაციის სახით მივაწოდოთ, რომ მან თავისთვის სასარგებლო პროდუქტი მიიღოს სრულიად უპრობლემოდ და ეს არ იყოს ბავშვისთვის სტრესული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი