ჭარხალი - მედიცინის საუნჯე

წითელი ჭარხლის მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს, საექიმო პრაქტიკაში, წარმატებით იყენებდნენ ავიცენა, ჰიპოკრატე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები, ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელები. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული.

ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებებს ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, PP ვიტამინით. ორგანიზმს წმენდს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო, ჭარხლის წვენი, უძველესი დროიდან გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ.

უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ღვიძლის უჯრედების ფუნქციას, აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი, ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით, ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიოაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისათვის არასასურველი სხვა მრავალი ნივთიერება.

ახლადგაწურული ჭარხლის წვენის მსგავსად, ასევე კარგ ეფექტს იძლევა სადილად 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის მიღება. ჭარხალი გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, ასევე აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ჭარხალს აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და სასუნთქი გზების გაფართოების თვისება. მასში არსებული ნივთიერებები გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან. ჭარხალი არეგულირებს გულის მუშაობას. მას გამოიყენებენ საერთო სისუსტის, ანემიის, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. ჭარხალი ასევე გამოიყენება ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. იმ უნიკალური შემცველობის გამო, რაც მას აქვს, გამოიყენებენ მაღალი წნევის შემთხვევაში. ჭარხალი ხელს უშლის სისხლში ე.წ. წითელი ბურთულების წარმოქმნას. მისი წვენი გამოიყენება თრომბოფლებიტის და ვენების გაგანიერების საწინააღმდეგოდ. ექიმები ჭარხლის მოხმარებას განსაკუთრებით ხანდაზმულებს ურჩევენ.