დევიდ ბექჰემმა საერთო რიგში 13 საათზე მეტი გაატარა, რათა დედოფალ ელიზაბეტ II-ს დამშვიდობებოდა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ადგილობრივი დროით რიგი დაახლოებით 2:15 საათზე დაიკავა და სადღაც 15:25 საათზე იდგა დედოფლის ცხედართან. მან თავი დახარა და თვალი დახუჭა. ბექჰემმა ცრემლები ვერ შეიკავა.

„როიალისტების ოჯახში გავიზარდე. ისე გამზარდეს, რაც ვიცი: ცოცხლები რომ იყვნენ ბებიას და ბაბუასაც აქ ყოფნა მოუნდებოდათ. ასე რომ, აქ მათი და მთელი ჩემი ოჯახის სახელითაც ვარ.
ძალიან გამიმართლა, რომ მრავალჯერ მქონდა დედოფალთან შეხვედრის შესაძლებლობა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ინგლისის ნაკრების მაისური მეცვა, სახელურზე კაპიტნის სამკლაური მეკეთა და ჩვენ ერთად ვმღეროდით „ღმერთო, დაიფარე დედოფალი“, ეს ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მომენტი, როდესაც ბრიტანეთს იმპერიის ორდენი მივიღე. უბრალოდ კი არ გამოვედი და მივიღე ჯილდო, არამედ ვესაუბრე მის უდიდებულესობას, ის კითხვებს მისვამდა… გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ასეთი მომენტები მქონდა“, – მოყვა ბექჰემი.

რიგში დგომისას ბექჰემს წახემსება მოუწია, მან ჩიფსები, სენდვიჩები და ყავა მიირთვა.

დევიდი შავ პიჯაკში იყო, მუქი ლურჯი პალტო ეცვა და ქუდიც ეფარა. მიუხედავად რიგში 13-საათიანი ყურყუტისა, მან განაცხადა, რომ „მუხლები წესრიგშია“, რასაც ვერ ვიტყვით წელზე.

ბექჰემმა დედოფლისგან ბრიტანეთის იმპერიის ირდენი ფეხბურთში გაწეული დამსახურებებისთვის 2003 წელს მიიღო.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი 96 წლის ასაკში წავიდა. ის ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს აბრძანდა.

 

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები