„ყველაზე პროდუქტიული წელი იყო" - „ქართული კვარტეტი" სამი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში"

,,რადიო დუეტს” ავტორ-შემსრულებელი დავით არჩვაძე და ,,ქართული კვარტეტი” სამი ახალი სიმღერის პრემიერით სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში შედგა ცოცხალი შესრულება, სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი მოღერლებმა აღნიშნეს, რომ გაზაფხულზე წარდგენითი სოლო კონცერტის გამართვას გეგმავენ.

შევაჯამოთ 2019 წელი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველაზე პროდუქტიული წელი იყო, უამრავი ახალი სიმღერით და ახალი ვიდეორგოლით. ორი წლის ვხდებით 31 დეკემბერს, შემოთავაზებები გვაქვს და შერჩევის პროცესში ვართ თუ სად ვიქნებით ახალი წლის რამეს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ტრადიციულ სიმღერაზე ნაკლები მოთხოვნაა, რაც ძალიან დასანანია.

ახალი სიმღერის პრემიერა გვაქვს, ,,თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან”, ვის ეკუთვნის ახალი ვერსია?  

გოგი ცაბაძის შედევრის ახალი ვერსია ეკუთვნის დათო უგრეხელიძეს, თუ რამე სიმღერა გაჰიტებულა 80% დათოს გაკეთებულია და ამ სიმღერასაც უდიდეს წარმატებას ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან დაგვეხმარა დათო უფლისაშვილი  და უდიდესი მადლობა მას. კლიპის რეჟისორია კახა ოთარაშვილი და მადლობა გვერდში დგომისთვის გიორგი პავლიაშვილს, ულამაზესი ვიდეორგოლი გამოვიდა, ძველი თბილისის ხედებით.

დათო არჩვაძე & ქართული კვარტეტი – ვკეცე, ვკეცე. Live

სოლო სიმღერის პრემიერაც გვაქვს, დათო,  მოგვიყევი ახალ ნამუშევარზე?

,,მარტის თვეა შენი”, ჩემი ბავშვობის სიმღერაა და მივუძღვენი მეგობარს, რომელსაც არანორმალურად უყვარდა ეს სიმღერა, სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის. ამ სიმღერით დავიწყე და გავაკეთე ოთარ რამიშვილის შემოქმედების მთელი პროექტი. რევაზ ედგარიძეს მადლობა და ასევე უდიდესი მადლობა საოცარი აკომპანიმენტისთვის ლევან ჩხაიძეს.

ბიძინა კვერნაძის სიმღერის ახალი ვერსიაც უნდა დავაპრემიეროთ…

ბიძინა კვერნაძის შვილიშვილმა, თავადაც ბაბუის მოსახელემ მოგვცა ნება ამ სიმღერის შესრულების, ,,გალიაში ბულბულები სხედან” გავშალეთ ხმებში და ჩავწერეთ ზაზა ხუბუკელაშვილთან, მის სტუდიაში ვცხოვრობთ ფაქტობრივად. კინო კლასიკაა, ,,ტრიო სიმი” მღეროდა წლების წინ ამ სიმღერას და მას შემდეგ თაროზე იყო შემოდებული.

როგორია სამომავლო გეგმები?

,,ქართული კვარტეტის” ორწლიანი შემოქმედებითი ისტორიის განმავლობაში იმდენად ზღვა მასალა დაგროვდა თავად გვიკვირს როგორ მოვასწარით, ალბათ ძალიან დიდი შრომის შედეგია. გაზაფხულის ბოლოს წარდგენითი ხასიათის სოლო კონცერტის გამართვას ვგეგმავთ. ჩვენი კვარტეტი ძველი სიმღერების სუპერ გათანამედროვებული ვერსიებით გამოირჩევა. აქვე მინდა დავაანონსო, რომ ძალიან მალე, გიორგი ბუტიკაშვილის მხარდაჭერით, ახალ სიმღერას შემოგთავაზებთ და პირობას ვდებ, რომ კვარტეტის ახალი სიმღერა ყველაზე დიდი კონკურენტი იქნება ჩემი სიმღერის ,,მონატრებიხარ ფიქრებს”, ასევე გაგიმხელთ, რომ ძალიან სევდიანია…

 

,,ქართული კვარტეტი” – ,,თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან”

 

,,ქართული კვარტეტი” –  ,,მარტის თვეა შენი”

 

,,ქართული კვარტეტი”  – ,,გალიაში ბულბულები ზიან”

 

,,ქართული კვარტეტი”  – ,,რადიო დუეტი” ვიდეოკოლაჟი

,,ქართული კვარტეტი” – გადაცემა ,,რადიო დუეტის” სრული ჩანაწერი