„ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებასა და კარიერაში ცვლილებების შემოტანის დრო დადგა... ვატარებ ექსპერიმენტებს და მგონი, რომ კარგად გამომდის“ - გიორგი ჩიტაური

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი ჩიტაური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მახსოვს ის ზაფხული“ პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა სიმღერის „რამდენი ხანია“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

გიორგი, შენს რეპერტუარში დიდი დოზით არის მთის სიმღერები. გვესაუბრე შენს შემოქმედებაზე, საიდან წამოვიდა აღნიშნული სიმღერების სიყვარული?

დიახ, ძირითადად მთის სიმღერებს ვმღერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებასა და კარიერაში ცვლილებების შემოტანის დრო დადგა. ხელოვნებასა და მუსიკაში ძალიან ფართო არეალი და ამოუწურავი რესურსია, მთავარია, ადამიანს გქონდეს სიახლის შემოტანის და სიახლის მიღების მოთხოვნილება. მეორე საკითხია, როგორ მიიღებს მსმენელი სიახლეს, მაგრამ ვფიქრობ, შემოქმედი ადამიანისთვის მთავარია აკეთოს ის საქმე, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს, აქედან გამომდინარე, ჩემს კარიერაშიც დადგა ის პერიოდი, როდესაც სხვა ჟანრშიც უნდა მოვსინჯო ძალები.

რომელი ჟანრია შენთვის ყველაზე ახლო?

რა თქმა უნდა, მთის სიმღერები არის ის, რაც ჩემია, თუმცაღა სხვა ჟანრშიც არ ვგრძნობ დისკომფორტს და სხვა ჟანრსაც საკმაოდ კარგად ვირგებ. ვატარებ ექსპერიმენტებს და მგონი, რომ კარგად გამომდის, ყოველი შემთხვევისთვის, დადებით ემოციებს იწვევს ის, რასაც ვაკეთებ.

შენი რომელი სიმღერა უყვარს მსმენელს გამორჩეულად?

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პირადად ჩემთვის ყველა სიმღერა საყვარელია. არის სიმღერა, რომელიც იმდენად რეიტინგული არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ნახვების რაოდენობის მიხედვით არ ვაფასებ ჩემს სიმღერებს და ვერც შევაფასებ. რა თქმა უნდა, არის სიმღერები, რომელთაც უფრო ხშირად უსმენენ, ვიდრე სხვებს, რადგან ყველა სიმღერას თავისი განწყობა სჭირდება.

ზაფხულის განმავლობაში თუ გქონდათ კონცერტები ან სამომავლოდ თუ გეგმავთ?

ზაფხულის განმავლობაში მოვახერხეთ და გვქონდა მინი კონცერტები, ერთი ახალციხეში, მეორე ლაგოდეხში. დიდი გრანდიოზული და მასშტაბური არაფერი გვქონია, თუმცა მცდელობებს არ ვაკლებთ. მარტივი არ არის უცებ დაგეგმო ღონისძიება და გააკეთო, ბევრი ფინანსური და სხვა საკითხია საჭირო.

მთაში რამდენად იგეგმება ხოლმე კონცერტები?

ადრე უფრო ხშირად ტარდებოდა სხვადასხვა სახალხო ღონისძიებები, ბოლო პერიოდში რაღაც უფრო მინელდა. ეს ყველაფერი შემოქმედებით ჯგუფებსაც დაეტყოთ, შემოქმედებით ადამიანს თუ არ გაქვს არეალი, მერე სტიმულსაც კარგავ. პანდემიამდე გვქონდა ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონებში, ახლა შემაჯამებელი, დასკვნითი ღონისძიება გვინდა გავაკეთოთ თბილისში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ მომღერლები, არამედ ქორეოგრაფიული ანსამბლებიც, ჩავრთავთ პოეტებსაც და ა.შ.

როგორია ახალი სიმღერის, „მახსოვს ის ზაფხული“ ისტორია?

ეს ძალიან ძველი სიმღერაა. მინდა, ერთ გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება. ზოგადად, ბევრი მთის სიმღერა ჰგავს ერთმანეთს და ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ამა თუ იმ მუსიკის ავტორი თავად არის. მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ მელოდიას ავტორი არ ჰყავს, მისი ავტორი ვერ იქნება ვერც გიორგი ჩიტაური და ვერც სხვა ინდივიდუალური შემსრულებელი, რადგან ეს არის მთის მელოდია. შეიძლება რაღაც შენებური ვერსია, ინტერპრეტაცია იყოს, მაგრამ ის, რომ გამოხვიდე და თქვა, რომ ამის ავტორი შენ ხარ, ეს შეცდომაა და შეიძლება მისაკუთრებად ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ამ სიმღერის ტექსტის ავტორი ვერ მოვიძიეთ, მელოდია კი მთისაა. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა და განსაკუთრებული მადლობა მას.

 

გიორგი ჩიტაური – მახსოვს ის ზაფხული  

 

გიორგი ჩიტაური – ოხ ტურფავ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი ჩიტაური – რამდენი ხანია. Live