ნუგზარ ერგემლიძე: ზოგი ამბობს, ცხოვრება ცირკიაო, მე ვფიქრობ, რომ კინოა, ჩვენ ყველა მსახიობები, ამ კინოს მონაწილეები ვართ - სიმღერის „ცხოვრება კინოა“ პრემიერა „არ დაიდარდოში“

11 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემის სტუმარმა მამუკა ონაშვილი და მასთან მეგობრობის პერიოდიც გაიხსენა. „არ დაიდარდოს“ ეთერში სიმღერის „ცხოვრება კინოა“ პრემიერა შედგა.

ბატონო ნუგზარ, სანამ სიმღერის პრემიერაზე გადავალთ, მინდა, რომ თქვენი და მამუკა ონაშვილის მეგობრობა გავიხსენოთ და ვისაუბროთ თქვენს სიმღერაზე „ალექსანდრეს ბაღი“, რომელსაც მამუკა თავის ყოფილ მეუღლესთან ერთად ასრულებდა და რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია მისი რეპერტუარიდან.

ფილარმონიაში, ზედა სართულზე იყო სტუდია, სიმღერას ვაკეთებდი და ჩემთან მოვიდნენ მამუკა და ირინა. მისამღერში ბექები მჭირდებოდა. რომ ვიმღერეთ, მამუკამ მითხრა, ჩვენც დაგვიწერე რამეო. „ალექსანდრეს ბაღი“ უკვე დაწერილი მქონდა და იქვე ფორტეპიანოზე დავუკარი. ძალიან მოეწონათ და თავადვე მოძებნეს არანჟირების ავტორი. ტელევიზიაში გასვლის შემდეგ საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა ამ სიმღერამ. მამუკას მანამდეც ვიცნობდი და ხშირად ვიკრიბებოდით. მამუკა გენო ონაშვილის ვაჟი იყო. გენო „რეროში“ მღეროდა და ასევე კარგი მსახიობიც იყო. მამუკამ ბოლოს მხატვრობაც დაიწყო, ნიჭიერი მხატვარი იყო და რომ ეცოცხლა, ალბათ, კიდევ ბევრ ნახატს შექმნიდა. დაახლოებით 10 წლის წინ მანახა თავისი ნახატები და ძალიან მომეწონა, თვითონ მითხრა, ხათრისთვის ხომ არ მაქებო, მე ვუთხარი, რომ უმაღლესი ესთეტიკური დონე იყო ის, რასაც აკეთებდა.

ცხოვრებაშიც ისეთივე მხიარული იყო, როგორც სცენაზე?

მე სევდიანი მამუკაც მახსოვს. ცოტა ხნის წინ ვუთხარი, რაღად გინდა კიდევ ოჯახი და ცოლი-მეთქი, როგორ არა, მინდაო, სევდიანად მიპასუხა, ანუ ამაზე ფიქრობდა, მარტო ყოფნა არ უნდოდა. ჰქონდა დარდები წონის გამო, უჭირდა სცენაზე დგომა. მას ეს პრობლემა კვების გამო არ ჰქონია. მე მაქვს მისი ძველი ფოტოები ნანახი, 25 წლის ასაკში ძალიან გამხდარი და ტანადი იყო, იმ პერიოდში მოკრივე გახლდათ. შემდეგ, რაღაცის გამო 2 თვით ჩაწვა ლოგინში, რამაც მთელი ნივთიერებათა ცვლის სისტემა დაუნგრია. ეს ყველაფერი კი დიეტით ვერ მოგვარდა. მამუკას ამბავი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, ეს იყო ბედისწერული კატასტროფა.

საოცრად ცხოვრებისეული ტექსტი აქვს თქვენს ახალ სიმღერას „ცხოვრება კინოა“. მოგვიყევით ამ სიმღერის ისტორია, როდის შეიქმნა ეს ნამუშევარი?

ქალაქურ სტილში მინდოდა სიმღერის გაკეთება, რადგან ქალაქური სიმღერა იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც ისეთი შეიტანო, რაც სხვა სტილის სიმღერას არ მოუხდება. სიმღერის არანჟირება ეკუთვნის ზურა კობეშავიძეს, რომელიც ჩემთან ერთად მღერის ბექებში. სიმღერა დარდიმანდი კაცის ცხოვრებაზეა. ზოგი ამბობს, ცხოვრება ცირკიაო, მე ვფიქრობ, რომ კინოა. ჩვენ ყველა მსახიობები, ამ კინოს მონაწილეები ვართ და ვუყურებთ, როგორ ვითარდება ჩვენი როლები. შეიძლება რეჟისორებიც ვიყოთ გარკვეულწილად. ეს სიმღერა შარშან ლაშა რამიშვილის შოუში შევასრულე ცოცხლად, ახლა კი სტუდიური ჩანაწერიც მოგიტანეთ.

სამომავლო გეგმები როგორია?

ქალაქ გარეთ მდებარე რესტორანში „ერგე“ სიმღერა შემომთავაზეს და იქ მივდივარ, უნდათ, რომ სხვადასხვა საღამოებზე ვიმღერო.

გრანდიოზულ შემოქმედებით საღამოს თუ გეგმავთ?

როგორ არა, მაგრამ ამას გრანდიოზული ფული უნდა, თუმცა შეიძლება რაღაც თანხების, სპონსორების მოძიება.

ძალიან ბევრი ცნობილი და მსმენელისთვის საყვარელი სიმღერა გაქვთ. ხომ არ გეგმავთ, რომ ან ნამუშევრების ახალი ვერსიები შესთავაზოთ საზოგადოებას?

არის ასეთი იდეა, ერთხელ ჩავწერე კიდეც, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ბევრმა სიმღერამ არ გაამართლა, ახალი ვერსიები ძველივით პოპულარული ვერ გახდა, თუმცა ზოგმა ნამუშევარმა გაამართლა კიდეც.

გენატრებათ ტელევიზია და წამყვანობა, ხომ არ გაქვთ სურვილი, რაიმე სიახლით წარდგეთ მაყურებლის წინაშე?

მე როგორ არ მაქვს სურვილი, იმათ არ აქვთ. თანხების პრობლემა არის ხოლმე, ბიუჯეტიანი ტელევიზიები არ მეძახიან და ისე რამდენი გადაცემის ჩაწერა შეიძლება, ვინც მუშაობს, ხელფასი ხომ უნდა.

ბოლო დროს მომღერლები თითქოს უფრო ძველი სიმღერების ქავერ ვერსიების შექმნით არიან დაკავებულნი, საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ თემაზე, როგორ შეაფასებდით ახალ სიმღერებს, როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რამდენად იწერება ჰიტები საქართველოში?

მე საერთოდ შემდეგნაირი წარმოდგენა მაქვს და ვფიქრობ, რომ როგორც ზღვას აქვს ტალღები და ცხოვრებას ციკლები, მუსიკასაც ასე აქვს. არის ხოლმე რაღაც ძალიან კარგი პერიოდები, მერე ცოტა მიძინებული, მერე ისევ გამოცოცხლებული. ახლა გამარტივდა სიმღერების ჩაწერა. ადრე სულ მიდიოდა კონტროლი და მსჯელობა იმაზე თუ რა გვემღერა, რა იქნებოდა კარგი, როგორი არანჟირება გაგვეკეთებინა, თუმცა ბევრი ახლაც კარგად ახერხებს ძველი სიმღერების ახლებურ ჟღერადობაში გაკეთებას.

ახალ ნამუშევრებზე თუ მუშაობთ, უნდა ველოდოთ სიახლეებს?

მინდა გითხრა, რომ სულ ვმუშაობ, რომ გავიღვიძებ ჯერ დაკვრას ვიწყებ. მაქვს რამდენიმე სიმღერის მონახაზი. ერთი ძალიან კარგი მისამღერი მაქვს გამზადებული და მინდა, რომ წინა ნაწილიც ასეთი კარგი იყოს.

 

ნუგზარ ერგემლიძე – ცხოვრება კინოა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი