„დრო დამჭირდა, რომ ეს სიმღერა მიმეღო, სანამ სხვებს მოვასმენინებდი... შენ თვითონ უნდა მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ, ამიტომ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ“ - ქრისტი შუშაძე

9 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ქრისტი შუშაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „შენთან მინდა“ და „არ მინდა წახვიდე“ პრემიერა შედგა. მომღერალმა რადიოს მსმენელისთვის ცოცხლად შეასრულა სიმღერა „გამოაღე დარაბა“.

ქრისტი, ძირითადად სად იმყოფები ხოლმე, ამერიკაში თუ საქართველოში?

თითქმის 4 წელია საქართველოში ვცხოვრობ, თბილისში დავფუძნდი. ამერიკაში უბრალოდ ყოველწლიურად ერთი თვით ჩავდივარ, რა ვქნა, ვერ შეველიე.

ბევრ ადამიანს აქვს ამერიკაში ცხოვრების სურვილი. შენ სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება. გააჩნია, ვის რა მოთხოვნები აქვს, ვინ რისთვის  და რა პირობებში მიდის. რადიკალურად ვერ ვიტყვი, იქ ჯობია თუ აქ, თუმცა თუ კარგად ვარ, ბედნიერად, შემოსავალიც მაქვს, რა საკვირველია, საქართველოში ცხოვრება მირჩევნია.

 

ვისაუბროთ სიმღერაზე „შენთან მინდა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება,

ეს სიმღერა ლილიკო ნემსაძემ დამიწერა. ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა.  მისამღერის ტექსტი მასტერს ეკუთვნის. მოკლედ, ძალიან დიდი კოლაბორაციაა (იცინის). გავაკეთე „Bravo records“-ში. ჩემთვის ხარისხი „Bravo records“-თან ასოცირდება. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს. სხვათა შორის, ეს სიმღერა ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო, უბრალოდ, დავაგვიანე პრემიერა. საერთოდ, ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ, ამიტომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვიყავი, არ მქონდა გააზრებული, თუ რამდენად მივიღე ეს სიმღერა. დრო დამჭირდა, რომ ეს სიმღერა მიმეღო, სანამ სხვებს მოვასმენინებდი.

დღეს კიდევ ერთი ახალი ნამუშევრის პრემიერა გვაქვს. როგორია სიმღერის „არ მინდა წახვიდე“ ისტორია?

ეს სიმღერა ჩემი უახლოესი მეგობრის, არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, ნატო ღოღობერიძის შემოქმედებიდან არის, ტექსტიც და მუსიკაც მას ეკუთვნის. ყოველთვის მომწონდა ეს ნამუშევარი და ნატო რომ მღეროდა ხოლმე, სულ ვეუბნებოდი, ეს სიმღერა მე უნდა გავაკეთო-მეთქი. მადლობა მას ამ ნამუშევრისთვის. გავაკეთეთ აბსოლუტურად სხვა ვერსია, ცოტა ქალაქურ სტილში ჩავწერეთ. ეს სიმღერაც „Bravo records“-ში ჩაიწერა. არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ. დიდი მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.

ახლო მომავალში კიდევ თუ გეგმავ ახალი სიმღერის ჩაწერას?

არ ვიცი. ბოლო ერთი წლის მანძილზე 3 სიმღერა გავაკეთე, ეს უკვე ძალიან კარგია, რადგან არ არის ადვილი. თითო სიმღერამ დაახლოებით 3-4 თვე მაინც წაიღო. ვფიქრობ, რომ ჯერ მაინც ვერ მივაგენი იმას, რაც უნდა ვაკეთო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავჩერდე, რადგან მუშაობის პროცესში თავადვე ხვდები, შემდეგი რა უნდა იყოს. ეს არის სამუშაო პროცესი, ერთი სიმღერა არ გამოვა, მეორე და მესამე გამოვა. შესაბამისად, არ უნდა გაჩერდე და ყურები არ უნდა ჩამოყარო. პირველ რიგში, შენ თვითონ უნდა მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ, ამიტომ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ.

 

ქრისტი შუშაძე – არ მინდა წახვიდე

 

ქრისტი შუშაძე – შენთან მინდა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ქრისტი შუშაძე – გამოაღე დარაბა. Live

 

ქრისტი შუშაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი