„დაბრუნების სტიმული პაატა სილაგაძემ და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მოგვცეს“ - ჯგუფი „მირაჟი“

2 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფი „მირაჟი“ ახალი სიმღერის პრემიერით ესტუმრა. ჯგუფის წევრებმა თავიანთ შემოქმედებაზე ისაუბრეს და ახალი ალბომიც დააანონსეს. რადიოს მსმენელმა ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერის „პატარა ქალო“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

შოთიკო: ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე და ძველი სიმღერების ახალ ვერსიებზე, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მსმენელისთვის. იქნება არამხოლოდ ფოლკლორი, არამედ საესტრადო სიმღერებიც. ამ ყველაფერში ჩართულია ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი, პაატა სილაგაძე.

თქვენი საკუთარი სტუდია კვლავ ფუნქციონირებს თუ ყველა ახალი სიმღერა პაატა სილაგაძის სტუდიაში იწერება?

შოთიკო: ყველა სიმღერა პაატასთან კეთდება. მინდა ვთქვა, რომ დაბრუნების სტიმული პაატა სილაგაძემ და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მოგვცეს, ჩვენს გამოფხიზლებაში მათი დამსახურება დიდია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ.

რა იყო პაუზის მიზეზი და რატომ დაგჭირდათ გამოფხიზლება?

პაატა: საჭირო იყო შესვენება, თუმცა დიდი პაუზა და დასვენება გამოგვივიდა.

შოთიკო: ახლა ახალი ენერგიით, ახალი ემოციებით ვართ.

ალბათ, პანდემიის პერიოდში კონცერტების ნაკლებობამაც განაპირობა თქვენი პაუზა.

შოთიკო: კი, ძალიან ცუდია, როცა მსმენელს ვერ ხვდები. იყო შემთხვევები, როცა ახალი სიმღერები გავაკეთეთ, რადიოში მოვიტანეთ, მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ გარეთ ვერ გავდიოდით, ვერ ვხვდებოდით მსმენელს, ვერ ვიღებდით ემოციას. როცა ეს ემოცია არ არის, სტუდიაში მიბრუნება და ახალ სიმღერაზე მუშაობა ცოტა რთულია.

პაატა: ეს ყველაფერი მოტივაციას გიკარგავს.

განსაკუთრებული პოპულარობა მოგიტანათ სიმღერამ „პატარა ქალო“. გქონდათ ასეთი მოლოდინი ამ სიმღერის მიმართ?

პაატა: ამდენს არ ველოდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ წარმატებული სიმღერა იქნებოდა.

შოთიკო: ეს იყო პირველი სიმღერა, რომელმაც „მირაჟს“ წარმატება მოუტანა. ძალიან შეიყვარა მსმენელმა ეს სიმღერა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ჩვენი დაბრუნების მოტივატორი ადამიანების ასეთი მძლავრი სიყვარულიც იყო. გიორგი გაბუნიას გადაცემაში ვიყავით სტუმრად და ვიდეო რომ დაიდო, ზღვა სიყვარული და ემოციები წამოვიდა.

პაატა: ამხელა ემოციას მართლა ვეღარ შევაჩერებდით, გამორიცხული იყო.

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება

შოთიკო: სიმღერა ჩვენ გვეკუთვნის, ტექსტი ელგუჯა უძილაურს. ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან კონკრეტულად ამ სიმღერისთვის შეიქმნა ეს ტექსტი. არანჟირება პაატა სილაგაძეს ეკუთვნის.

კლიპის გადაღებას თუ გეგმავთ?

პაატა: ვგეგმავთ კლიპის გადაღებასაც და სატელევიზიო პრემიერასაც. იქნება სიურპრიზებიც. ამ სიმღერაზე მურო გაგოშიძე იცეკვებს. ახლა ალბომის მზადების პროცესში ვართ, რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობთ.

სიმღერის „პატარა ქალო“ ახალი ვერსია თუ იქნება აღნიშნულ ალბომში?

შოთიკო: ამას სიურპრიზად დავტოვებთ (იცინის). ალბომში დაახლოებით 11 სიმღერა შევა.

კონცერტების მხრივაც ხომ არ იქნება სიახლეები?

შოთიკო: ბედნიერი ვიქნები, ეს მიმართულება თუ გააქტიურდება. როცა იცი, რომ კონცერტი გაქვს, ეს დამატებითი სტიმულია.

 

ჯგუფი “მირაჟი” – ძილაო ქალო ძილაო (2022 ვერსია)

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგუფი “მირაჟი” – წყაროზე. Live

 

ჯგუფი “მირაჟი”. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი