„ჩემი მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია... შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო და ძალიან კარგი მონაცემები გქონდეს, მაგრამ გვერდში დგომა და დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს“ - მარი მამისმედაშვილი

11 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მარი მამისმედაშვილი სტუმრობდა. მომღერალმა ახალ ნამუშევარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ოცნება შენზე“ პრემიერა შედგა.

მარი, ალბათ, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი შენი მეუღლე, ბექა ხალათაშვილია, რომელიც ამავდროულად შენი პროდიუსერიცაა.

კი, ჩემი მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, მართლა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, სულ ცდილობს, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი წინაზე უკეთესი იყოს და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის.

თქვენს შვილს რამდენად აქვს სიმღერის ნიჭი?

სხვათა შორის, სახლში როცა ვართ, მესმის ხოლმე, რომ მღერის ჩემს სიმღერებს. ჩემი ყველა სიმღერა ზეპირად ახსოვს და ძალიან მიხარია. სულ მეუბნება, რომ ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები.

მოგვიყევი სიმღერაზე „ოცნება შენზე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა და კლიპი უკვე აღარ არის ახალი, დიდი ხანია მზად არის, მაგრამ ერთი წელია ვერ შედგა პრემიერა. ვიდეორგოლზე ნესტან სინჯიკაშვილმა იმუშავა. ნესტანი მეუბნება ხოლმე, თვალი გვეცაო, რადგან წინასწარ დავდეთ სურათი, რომ გადაღების პროცესში ვიყავით. ამის მერე გავითვალისწინებ, რომ წინასწარ არ უნდა დავდო. სიმღერის მასტერინგისთვის მადლობა უნიჭიერეს ლევან გვაზავას, არანჟირებისთვის ლევან ყანდიაშვილს. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი, ძალიან მშვიდი სიმღერა გამოვიდა, ძალიან ლამაზი ვიდეორგოლით.

რადგან სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც შენია, ხომ არ ღელავდი შეფასებებზე, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ახალ ნამუშევარს შენი მეგობრების და კოლეგების მხრიდან?

სხვათა შორის, ძალიან კარგი შეფასება მოჰყვა, ყველა ძალიან დადებითად განეწყო. არც ვფიქრობდი, რომ რამე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვებოდა. რაც არ უნდა კარგი რამ გააკეთო, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. პირად გვერდზე გამოჩნდნენ ისეთი ვიღაცები, რომელთა შორისაც ზოგმა სიმღერა დაიწუნა, ზოგმა კლიპის კადრები და იდეა, მაგრამ ასეთები ყოველთვის იქნებიან. მე ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ძალიან კარგი პროექტი შედგა.

როგორია სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება გეგმებს, მაია კაჭკაჭიშვილი მიწერს ძალიან ლამაზ, რიტმულ სიმღერას. მშვიდი სიმღერით დავიწყე და ახლა რაღაც უფრო რიტმიანი მინდოდა. სიმღერა ძალიან ენერგიული იქნება და მასზე სუპერ პროფესიონალები მუშაობენ. კიდევ ვიღებ ახალ ვიდეორგოლს, რომელზეც ისევ ნესტან სინჯიკაშვილი იმუშავებს. ასევე „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით კეთდება კონცერტები, რომელთაც ბექა უკეთებს ორგანიზებას და სადაც მეც ვიმღერებ. ასევე სხვა რამდენიმე კონცერტიც იქნება, მექნება გადაღებები. მოკლედ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს.

სამომავლოდ რა ჟანრში აპირებ მოღვაწეობას?

პირადად მე ძალიან მიყვარს ჯაზი, რადგან უფრო ჩემია. სამომავლოდ კი უფრო რიტმული სიმღერები იქნება, რადგან ასე გვჭირდება, სხვაგვარად ვერ გამოვა.

ბექა იყო ინიციატორი იმის, რომ ასე აქტიურად ყოფილიყავი ჩართული ამ სფეროში?

ვერ ვიტყოდი, რადგან ბავშვობიდან მინდოდა, რომ აქტიურად შევსულიყავი ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ბექა ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო და ძალიან კარგი მონაცემები გქონდეს, მაგრამ გვერდში დგომა და დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

მარი მამისმედაშვილი – ოცნება შენზე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი