„ბოლო დროს უფრო ტემპიან სიმღერებს ვაწვდი მსმენელს… დარწმუნებული ვარ, ახალი ნამუშევარიც მოეწონებათ“ - ფატი ბროლაშვილი

19 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორ-შემსრულებელი ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გაგიგებ“ პრემიერა შედგა.  

ფატი, ორი ახალი სიმღერით მოხვედი ჩვენთან, დღეს სიმღერის „გაგიგებ“ პრემიერა შედგება, მეორე სიმღერას კი ცოცხლად შეასრულებ ჩვენი მსმენელისთვის. აღნიშნული სიმღერის სტუდიურად ჩაწერას არ გეგმავ?

დიახ, მეორე სიმღერას ცოცხლად შევასრულებ, მისი სტუდიური ჩანაწერი ჯერ არ არსებობს, ეს სიმღერა ჯერ არსად აჟღერებულა. ამ სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის. სახელწოდება ჯერ არ შემირჩევია. გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩავწერ, უბრალოდ, ეს ცოტა სევდიანი სიმღერაა და გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს, უფრო ტემპიან სიმღერებს ვაწვდი მსმენელს, არ მინდა, რომ ახლა სევდიანი სიმღერა გამოვუშვა.

ზოგადად რომელ სიმღერებს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე რიტმულს თუ სევდიანს?

ასე ვერ ვიტყვი, რადგან არის სევდიანი სიმღერები, რომელიც ძალიან მოსწონს მსმენელს, მაგალითად, „წავალ შორს“ „თუკი არ გიყვარდი“. ძალიან ბევრი მსმენელი შემმატა სიმღერამ „დავთვრები“, ძალიან მოეწონათ ეს ნამუშევარი. დარწმუნებული ვარ, ახალი ნამუშევარიც მოეწონებათ.

გამოუშვი რიგით მეორე ალბომი „დიდი სიყვარული“. გაყიდვაში თუ არის ეს ალბომი ან სამომავლოდ თუ იქნება?

არა, გაყიდვაში არ ჩაშვებას არ ვგეგმავ, უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი სიმღერები ჩემი გემოვნებით დამელაგებინა და სასაჩუქრე ალბომი გამომეშვა იმ ძვირფასი ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ფატი ბროლაშვილი და უკვე ძალიან ბევრ ემიგრანტსაც გადავეცი. ალბომში უფრო მეტად მხიარული სიმღერებია თავმოყრილი.

დუეტის ჩაწერას თუ გეგმავ?

არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა მე არ შემიძლია, ასე პირდაპირ წავიდე სტუდიაში და დავიწყო სიმღერის ჩაწერა. სიმღერა აუცილებლად ჩემი უნდა იყოს და ის გათვლილი უნდა იყოს დუეტისთვის. ჯერ არ მაქვს ისეთი სიმღერა, რომ დუეტი გავაკეთო.

როგორც ვიცი, შენი დაბადების დღისთვის შენი მეუღლე გარკვეული პერიოდით ჩამოდის ემიგრაციიდან.

კი ასეა და კარგია, რომ აღნიშნე, რადგან რატომღაც ჰგონიათ, რომ ქმარმა მიმატოვა, ეს ცრუ ინფორმაციაა. მინდა, ყველას მივმართო და ვთხოვო, რომ ცრუ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. არავის მივუტოვებივარ, ჩემი ქმარი ემიგრაციაშია წასული, რადგან ოჯახს სჭირდება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გაგიგებ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

სიმღერის ტექსტი და მუსიკა მე მეკუთვნის, არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ზაზას გაწეული შრომისთვის. სიმღერა „Z-STUDIO“-ში ჩაიწერა.

 

ფატი ბროლაშვილი – გაგიგებ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფატი ბროლაშვილი – ფიქრი არ მშორდება. Live