„ბევრი ამბობს, რომ გიორგი თემურ წიკლაურს განასახიერებს... ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის იდენტური ხმა და არა მიმბაძველობითი“ - გოჩა იაშაღაშვილი

16 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი გოჩა იაშაღაშვილი და გიორგი კიკონიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში ორი სიმღერის, „ცხოვრების აზრი“ და „მეგონა“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმრებმა რადიოს მსმენელს ცოცხალი შესრულებაც შესთავაზეს.

გოჩა, რამდენი წელია რაც გერმანიაში ცხოვრობთ და გერმანელი მსმენელი როგორ აფასებს თქვენს შემოქმედებას?

27 წელია გერმანიაში ვცხოვრობ. ძირითადად იქ შეიქმნა ჩემი სიმღერები და დამემატა კლასიკური ჟანრი და ფილმის მუსიკა, რაც საქართველოში არ მქონია. ფსევდონიმი „ბავარიელი“ უბრალოდ არ დამირქმევია. ალბათ, გახსოვთ, რომ მე რაღაც პრობლემები მქონდა და გერმანიამ გადამარჩინა. გერმანიის დამსახურებაა საერთოდ ცოცხალი რომ ვარ და ვარსებობ და რომ შემიძლია, ვაკეთო ის საქმე, რასაც ამდენი წელი ვაკეთებდი. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ და გერმანულადაც ვწერ მათთვის სიმღერებს. ახლახან დავწერე ახალი სიმღერა „დედამიწა მრგვალია“, რომლის ქართული ვერსიაც გავაკეთე და რომელსაც მე და ხვიჩა მაღლაკელიძე შევასრულებთ. ასე ვთქვათ, ორ ქვეყანას ვემსახურები, ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს და ჩემს გერმანიას.

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

გოჩა: მე ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ნიჭიერ ახალგაზრდებს ვხვდები, რომელთაც შეუძლიათ, რომ გარკვეული ქართული ტრადიციები გააგრძელონ, თუნდაც სცენაზე. ეს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ძალიან მაგარმა მომღერალმა, ტატო გოდერძიშვილმა გამაცნო. გიორგიმ  თავისი რეპერტუარით გამაოგნა. ბევრი ამბობს, რომ გიორგი თემურ წიკლაურს განასახიერებს. მინდა მთელს საქართველოს ვუთხრა, რომ თემურს კი არ განასახიერებს, უბრალოდ, იდენტური ხმის პატრონია.

გიორგი: უფალს მადლობა, რომ ამ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს წარმატების პირველი ნაბიჯებია, ჩემი დებიუტია.

როგორ შეიქმნა სიმღერა „ცხოვრების აზრი“?

გოჩა: ეს სიმღერა სპეციალურად გიორგისთვის შევქმენი. დაახლოებით წელიწადნახევარია ვიცნობთ ერთმანეთს. ტატომ რომ გამაცნო, მაშინ ვუთხარი, შვილო შენ ამ ხმაზე მღერი თუ თემურის ჰბაძავ-მეთქი. ასე მითხრა, ჩემი ხმა არისო, ძალიან კარგი-მეთქი, ვუპასუხე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის იდენტური ხმა და არა მიმბაძველობითი. მე ისევე დიდი სიამოვნებით დავწერე გიორგისთვის ეს სიმღერა, როგორც ჩემი თემურისთვის ვწერდი ხოლმე. მოგეხსენებათ, თემური მეგობრობდა ჩემთან და დიდი სიყვარულით მღეროდა ჩემს სიმღერებს. ახლა ეს ტრადიცია ამ ახალგაზრდა კაცზე გადავა. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ წარმატებული მომღერალი იყოს და ღირსეული ადგილი დაიკავოს ქართულ სცენაზე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მეგონა“.

ეს სიმღერა 2018 წელს მაქვს დაწერილი, სასიყვარულო თემაა. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს საზოგადოებაში და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

 

გიორგი კიკონიშვილი – ცხოვრების აზრი

 

გოჩა იაშაღაშვილი – მეგონა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გოჩა იაშაღაშვილი & გიორგი კიკონიშვილი. Live

 

გოჩა იაშაღაშვილი – შენია თუ ჩემი. Live

 

გოჩა იაშაღაშვილი & გიორგი კიკონიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი