21 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ იუბილარი ნანი ბრეგვაძე სტუმრობდა, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდა. ქალბატონმა ნანიმ საკუთარ დაბადების დღეზე და წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა.

 ქალბატონო ნანი, პირველ რიგში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სახელით, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ იუბილეს. როგორია განწყობა ამ შესანიშნავ დღეს?

უღრმესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. დღეს ჩემს თავს ვკითხე რა არის განსხვავებული-მეთქი, განსხვავებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ბევრი ზარი შემოდის. ბოლო დროს, ჩემს სახლში ზარები ხშირი აღარ არის, რადგან ჩემს მეგობრებს უკვე დარეკვის თავიც აღარ აქვთ, ზოგი ცოცხალიც კი აღარ არის. დღეს დილიდან რომ დაიწყო ზარები, ძალიან მესიამოვნა, მომნატრებია. ძალიან კარგია, რომ ხალხს კიდევ ვახსოვარ. შესაბამისად განწყობაც კარგი მაქვს. მადლობა თქვენც, რომ გაგახსენდით, ძალიან მიყვარხართ, სხვანაირად არც შეიძლება, იმხელა სითბო მოდის თქვენგან.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, რა რჩევას მისცემდით მომავალ თაობას?

პირველ რიგში, ეს არის ხასიათი, ეს უნდა გამოიმუშაო. პროფესიონალი უნდა გახდე იმ სფეროში, რომელსაც ემსახურები. სხვათა შორის ხელოვანი არ არსებობს, სხვათა შორის არაფერში უნდა იყო. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და ენერგია არ უნდა დაიშურო. უნდა იშრომო, უნდა დაიხვეწო, არ უნდა გაჩერდე და წინ და წინ იარო. ახალგაზრდა თაობას ვურჩევ, სერიოზულად შეხედონ საკუთარ თავს და იყვნენ თვითკრიტიკულები. აუცილებლად გექნებათ ნაკლი, ნახეთ და გამოასწორეთ.

საზაფხულო კონცერტებით ხშირად ანებივრებთ თქვენს მსმენელს, წელს თუ გეგმავთ რაიმე ღონისძიებას?

არა, ნამდვილად არა. უნდა ყოფილიყო რაღაც ღონისძიება, მაგრამ თავი შევიკავე კოვიდ სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ ცოტა ვიავადმყოფე და ახლა ენერგიის აღსადგენად უნდა დავისვენო. წელს არ გამოდიოდა კონცერტი, თუმცა გული არ მწყდება, რაღაცებს უნდა შეეჩვიო.

ახალი ნამუშევრის გამოშვებას თუ გეგმავთ?

კი, იგეგმება ახალი ნამუშევარი, არის მოლაპარაკებები და ვნახოთ, რა იქნება.

 

გადაცემის ჩანაწერი

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები